,,ეს-ეს არის ნიუ-იორკიდან მივიღეთ ცნობა: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო საქართველო თავის რიგებში.
დღევანდელი დღე – 1992 წლის 31 ივლისი ღირსია, რომ სამუდამოდ აღიბეჭდოს ჩვენს ხსოვნაში, ჩვენს მატიანეში.
შეგახსენებთ: 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა, რათა ჩვენი ქვეყანა ერთა ლიგაში მიეღოთ.
ქვეყნის დამოუკიდებლობა უნდა ეყრდნობოდეს მის აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და შესვლას ხალხთა ოჯახში, – ასე მიაჩნდათ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ლიდერებს, და სრულიად მართალნიც იყვნენ. მაგრამ მიზეზთა გამო, რომელთა შესახებ ახლა ნუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ქვეყანა ერთა ლიგაში არ მიიღეს.
დასავლეთმა ორნახევარი საუკუნის მანძილზე ორჯერ აქცია ზურგი საქართველოს – არ გვაღიარა, არ დაგვიცვა. ეს იყო ისტორიული უსამართლობა, რამაც ორჯერვე ეროვნული კატასტროფა გამოიწვია.
ისტორიულ პარალელებს ყოველთვის ახლავთ საფრთხე რეალური სურათის დამახინჯებისა. მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ამჯერეადაც რაღაც მსგავსი შეიძლება მომხდარიყო.
საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის ფართო საერთაშორისო აღიარება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, – დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარება წლეულს გაზაფხულზე დაიწყო. ჩვენი მეგობრები, ევროპისა და ამერიკის თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწეები, შეუდგნენ ინტენსიურ დიპლომატიურ საქმიანობას, რათა საქართველო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის წევრი გამხდარიყო. ინგლისის შუამდგომლობით, რომელიც უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრია, დაიწყო საქართველოს გაეროში მიღების საკითხის განხილვა.
22 ივნისს სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინთან შესახვედრად გამგზავრების წინადღით, შევიტყვეთ რომ უშიშროების საბჭომ გადადო ამ საკითხის განხილვა. ჩვენ იძულებულნი გავხდით, რომ საკუთარი თავისთვის გვეკითხა: ასეთ ვითარებაში არის კი საჭირო სოჭში გამგზავრება? პასუხად გვითხრეს, რომ ეს რაღაც გაუგებრობაა, რომ საქართველოს შესვლას გაეროში არავინ ეღობება და ა.შ.
მაგრამ მომდევნო დღის ამბებმა დაგვარწმუნა, რომ პრობლემა არსებობდა: სოჭის მოლაპარაკებები, სადაც ჩვენ ტელედეპარტამენტის შენობაზე თავდსხმის და მისი განთავისუფლების შემდეგ მოვხვდით, არცთუ იოლად წარიმართა. ვიტყვი მხოლოდ, რომ დასკვნით დოკუმენტში დაფიქსირდა რუსეთის თანდგომა ჩვენი სწრაფვისადმი – გავხდეთ გაერთაიენბული ერების ორგანიზაციის წევრი.
დღეს ეს აღსრულდა.
ჩვენ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებზე გვიან გავწევრიანდით გაეროში. ჩვენ ვართ გაერთიანებულ ერთა ოჯახში მიღებული ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ჯერჯერობით არ ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება.
რატომ მოხდა პირველი, ვფიქრობ, ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს. რატომ მოხდა მეორე – აუცილებელია ითქვას. მსოფლიო თანამეგობრობამ დაიჯერა, რომ დავიცავთ გაეროს წესდების დებულბებსა და პრინციპებს, რომ ვესწრაფვით ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები, მშვიდობიანად მოვაგვარებთ ქართველთა და ოსთა კონფლიქტს, მივაღწევთ პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციას, პატივს ვცემთ ადამიანის, ერის, ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს, ჩავატარებთ ეკონომიკურ რეფორმას, დავამკვიდრებთ სამოქალაქო თავისუფლებათა საფუძვლებს.
მას, ვინც ამ მიზანთა მიღწევაში გვიშლის ხელს, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ჩვენი სამშობლო მიჰყავს დამღუპველი იზოლირებისაკენ.
გაეროს წევრობა საქართველოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
ეს არის პირველყოვლისა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. საქართველოს უფლების და ადგილის დამკვიდრება მსოფლიო თანამეგობრობაში, როგორც სხვა ცივილიზებულ ქვეყანათა თანასწორისა.
გაეროში საქართველოს წევრობა ნიშნავს შედგომას მსოფლიოს უმაღლეს ტრიბუნაზე, რომლიდანაც ჩვენი ხმა ყველგან გაისმება და რომლის საშუალებითაც დავიცავთ ჩვენს სიმართლეს.
გაეროს წევრობა ნიშნავს დასრულებას საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების პროცესისას და მსოფლიო თანამეგობრობის მიერ ჩვენი ქვეყნის დაცვის უფლების მოპოვებას.
გაეროს წევრობა საქართველოს ანიჭებს საერთაშორისო ურთიერთობის, იდეების, ღირებულებების მსოფლიო გაცვლა-გამოცვლაში მონაწილეობის, ადამიანის გონისა და გამოცდილების ყველა დიდი მონაგარით გამდიდრების ფართო საშუალებებს.
ფაქტობრივად, 1992 წლის 31 ივლისს დაიბადა ახალი საქართველო. ოღონდ უნდა ითქვას, რომ მისი ზრდა, დავაჟკაცება დამოკიდებულია არა მხოლოდ მინიჭებულ უფლებათა გამოყენებაზე. გაეროს წევრობა პირველყოვლისა ნიშნავს პასუხისმგებლური ქცევის ნორმათა დაცვას შინაც და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაშიც. თუ გსურთ იყოთ მიღებული წესიერ საზოგადოებაში, დაიცავით იქ მიღებული წესები.
ვიცი, რომ ჩვენში ეს ყველას არ სურს. ხოლო, ვისაც სურს, ყოველთვის არ შეუძლია. მაგრამ ლაპარაკი ჩვენი თანამემამულეების აბსოლუტურ უმრავლესობაზეა. მათზე, ვისაც ძალუძს შესძინოს თავის ქვეყანას ის თვისებები და ღირსებები, რაც აუცილებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრობისათვის.
დავიმახსოვრეთ ეს დღე – 1992 წლის 31 ივლისი. იგი თანაბრად ეკუთვნის ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს მომავალსაც.
შევარდნაძე ედუარდ, სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი.“
წყარო: npl.gov.ge
გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|N144(423).
1992
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“