close
მსოფლიოპოლიტიკა

2017 წელს აშშ-ში აღარ არის ,,სრული დემოკრატია”- დემოკრატიის ინდექსის კვლევის შედეგები

ჟურნალ „ეკონომისტის“ დაზვერვის განყოფილების კვლევითი ჯგუფის 2016 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, აშშ, პირველად, აღარ არის ,,სრულყოფილი დემოკრატია”. იგი „არასრულად დემოკრატიულ“ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

რა არის დემოკრატიის ინდექსი?

დემოკრატიის ინდექსი მსოფლიოს 176 ქვეყანაში ზომავს დემოკრატიის დონეს, რომელთაგან 166 სუვერენული სახელმწიფოა, ხოლო 165- გაეროს წევრი. ამ ქვეყნების დემოკრატიულობის ხარისხი ფასდება ყოველწლიურად  5 ძირითადი კატეგორიის მიხედვით: პლურალიზმი და საარჩევნო პროცესი, სამოქალაქო თავისუფლების ხარისხი, ხელისუფლების ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა და პოლიტიკური კულტურა. შესაბამისად, სახელმწიფოები 4 ტიპად კლასიფიცირდება: სრული დემოკრატიები, არასრული დემოკრატიები, ჰიბრიდული რეჟიმები და ავტორიტარული რეჟიმები.

აშშ-ის შედეგი

2015 წელს აშშ-ის დემოკრატიულობის მაჩვენებელი 10 ქულიდან 8.05 გახლდათ, 2016 წლის მონაცემებით კი 7.98, რაც არ არის საკმარისი, რომ ქვეყანა კლასიფიცირდეს, როგორც „სრულყოფილი დემოკრატია“ (ზღვარი 8-დან 10-მდეა) მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფო- აშშ, თავისი მაჩვენებლით მოხვდა იტალიის გვერით, რომელიც ცნობილია პოლიტიკის ფრაგმენტაციით.

„არასრულ დემოკრატიად“ მოიხსენიებენ სახელმწიფოს, რომელშიც შენარჩუნებულია თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, თუმცა მმართველობის სისტემა არის სუსტი, პოლიტიკური კულტურა ნაკლებგანვითარებული, სამოქალაქო ჩართულობა კი დაბალ დონეზეა. მაგალითისთვის,  ამ კატეგორიაში აშშ-სთან ერთად იაპონია, საფრანგეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ინდოეთია.

გამომწვევი მიზეზები

„ეკონომისტის“ ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის გაუარესებული მაჩვენებელი არ უნდა დავაბრალოთ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას. „აშშ რამდენიმე წელი არასრულ დემოკრატიად გადაქცევის ზღვარზე იმყოფებოდა. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც რომ არ ყოფილიყო, მაჩვენებელი მაინც დაეცემოდა“. პასუხი უნდა ვეძიოთ ხელისუფლების, პარტიებისა და არჩეული წარმომადგენლებისადმი ნდობის შემცირებაში.-ნათქვამია მოხსენებაში.

რა სიტუაციაა მსოფლიოს სხვა რეგიონებში?

ანგარიშის მიხედვით, ნდობის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც. ტექნოკრატიულობის გაზრდილი როლი, საზოგადოების თავშეკავება პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაში და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის  გაზრდილი პრაქტიკა ზემოთ აღნიშნული პრობლემის მთავარი სიმპტომებია. 167 ქვეყნიდან, ნახევარზე მეტ შემთხვევაში, შეინიშნება დემოკრატიულობის ხარისხის შემცირება 2006-2016 წლებში.

ავტორიტარულ რეჟიმებად დასახელდა ჩრდილოეთ კორეა, სირია, ჩადი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.

„სრულად დემოკრატიებს“ შორის პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს. შემდეგ მოდის ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია, დანია, კანადა და ირლანდია. რაც შეეხება ბრიტანეთს, 2016 წელს ბრექსიტის რეფერენდუმით გამოწვეული მღელვარების ფონზე, იგი მე-16 ადგილზე გავიდა.

საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი

კვლევის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიულობის დონე 2006-2016 წლებში 4.9-დან 5,9-მდე გაიზარდა და ქვეყანა 78-ე ადგილზე გავიდა. ამ მაჩვენებლით ის ჰიბრიდულ რეჟიმად კლასიფიცირდება, რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო სისტემა არ არის გამართული, პრობლემებია ხელისუფლების მუშაობასთან და სახელმწიფოში დემოკრატიისა და ავტოკრატიის ელემენტებია გაერთიანებული.

 

წყარო: The Economist

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld