close
კატეგორიის გარეშე

2020 წლის 1-ლი იანვრიდან სტადიონებზე თამბაქოს მოწევა აიკრძალა

სტადიონებზე პირველი იანვრიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალა. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ფიზიკური პირი 100, განმეორების შემთხვევაში კი, 200 ლარით დაჯარიმდება. აკრძალვა ყველა იმ სტადიონს ეხება, რომელსაც ადმინისტრაცია ჰყავს.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციის შესრულების მონიტორინგი სტადიონების ადმინისტრაციებს დაევალება. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია მოწევის ფაქტზე რეაგირებას არ მოახდენს, ფიზიკურ პირთან ერთად 500 ლარით თავადაც დაჯარიმდება. ადმინისტრაციის მხრიდან დარღვევის განმეორებაზე სანქცია 1000 ლარია, ხოლო ყოველ მომდევნო ჯერზე 2000 ლარს მიაღწევს.

საქართველოში კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ 2018 წლის მაისიდან ამოქმედდა. მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კერძო საცხოვრებლისა და პენიტენციური დაწესებულებებისა.

სტადიონების შემდეგ, მომდევნო რეგულაცია ძალაში 2021 წლიდან უნდა შევიდეს, როდესაც აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის განთავსება გამჭვირვალე ბოქსებში. 2023 წლიდან კი, ნებისმიერი ბრენდის თამბაქო სადა შეფუთვით გაიყიდება, რომელზეც მწარმოებლის კორპორატიული ფერები დატანებული არ იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა სადაც მწეველთა  რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

2019 წლის მაისში საქართველოში საჯარო სივრცეებსა და სხვადასხვა სახის დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების აკრძალვიდან 1 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, თამბაქოს კონტროლის ალიანსმა ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0