გიორგი მიქანაძე – რედაქტორის სვეტი
2024-2028 პრიორიტეტები
სამეცნიერო ვებ პორტალი www.doctrina.ge და ჩვენი გუნდი 2024-2028 წლის პრიორიტეტების განაცხადს ვასახელებთ და აღნიშნული მიმართულებებით განსაკუთრებულად ვააქტიურებთ ჩვენს მუშაობას.
სამეცნიერო-ანალიტიკური ვებ-პორტალი www.doctrina.ge მზადდება ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის – „დოქტრინა” მიერ. დოქტრინას პრიორიტეტი წლებია მეცნიერება და განათლება გახლავთ. გამომდინარე მასშტაბნურობისა და რეზონანსულობისგან წლების წინ დოქტრინას ინგლისურენოვანი ვერსია დაემატა. აღნიშნულის მთავარი მიზანი ინგლისურენოვან მკითხველებში საქართველოს პოპულარიზაცია გახდა. შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ ქართველ მკითხველს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი სამეცნიერო სიახლეები პოპულარულ და მარტივად გასაგებ ენაზე მივაწოდოთ. მეორეს მხრივ, ინგლისურ ენაზე ვამზადებთ იმ მასალებს, რომელიც საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ინგლისურენოვანმა მკითხველმა იცოდეს.
2024-2028 წლისთვის შემდეგი პრიორიტეტები განვსაზღვრეთ:
- ხელოვნური ინტელექტი
- ნიჭიერი ახალგაზრდები
- მეცნიერება და განათლება
- მეტაფიზიკა და ადამიანური პოტენციალი
- ემიგრანტები
- ერთიანობის, თანამოაზრეობის, თანამებრძოლეობისა და გუნდურობის პრინციპები
- ქრისტიანობა და ქრისტიანული ღირებულებები
ხელოვნური ინტელექტი
თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრებას ხელოვნური ინტელექტი რადიკალურად ცვლის. ამაზე მეცნიერები და მსხვილი თუ საშუალო ბიზნესის, სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ და არა მხოლოდ საუბრობენ, დაწყებულია საქმიანობის ხელოვნურ ინტელექტთან ადაპტაციის აქტიური პროცესი. ხელოვნური ინტელექტი გახლავთ ადამიანური ინტელექტის სიმულაცია, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები და კომპიუტერი ახორციელებს. შესაბამისად, მას შეუძლია რიგი რუტინული საქმეების და ოპერაციების განხორციელება, რომლისთვისაც ადამიანის შრომა აღარ იქნება საჭირო.არსებობენ რიგი პროფესიის ადამიანები თუ ბიზნესის მფლობელები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ საქმიანობას ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა ეს ასე არ არის. ერთის მხრივ, ხელოვნური ინტელექტი შემოდის კულტურის, განათლების, კერძო თუ სამთავრობო საქმიანობის სფეროებში, ერთი სიტყვით ყველგან, სადაც ადამიანის შრომა არის საჭირო. მეორეს მხრივ, ეს იძლევა საშუალებას გამოთავისუფლდეს ადამიანის შრომა და თანამედროვე ადამიანს მეტი დრო დარჩეს საკუთარი თავისთვის. სწორედ აქ იჩენს თავს პრობლემები და გამოწვევები, – რით უნდა დაკავდეს ადამიანი, როგორ განისაზღვრება მისი შემოსავალი და რამდენად მზად არის თანამედროვე ადამიანის ფსიქიკა ამ ცვლილებებისთვის. ეს პროცესები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება და მოგვიწევს ამის გაცნობიერება, მასთან ადაპტაცია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი პრიორიტეტი ხელოვნური ინტელექტი, მასთან ადაპტაცია და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საკითები იქნება.
ნიჭი და ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა თაობა ყოველთვის, ყველა საზოგადოებაში პრიორიტეტულია და განსაკუთრებით ახლა, როდესაც ისტორიისთვის არნახული ცვლილებების მომსწრე ვართ. უკვე მოხდა რიგი ღირებულება-ფასეულობების გადაფასება, რომელიც ისტორიულად გახლდათ განპირობებული. სოციალურმა მედიამ, ინფორმაციების ხელმისაწვდომობამ, სხვადასხვა ჯგუფებისა და ინდივიდების პროპაგანდამ თუ სხვადასხვა მიზნებით ფორმირებულმა სტერეოტიპებმა თუ მანიპულაციებმა ჩვენი ცხოვრება და რეალობა რიგი არასასურველი მიმართულებით შეცვალა. შესაბამისად, საზოგადოებას, ჩვეულებრივ ინდივიდებს, უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა. სწორედ ახლა, ისე, როგორც არასდროს, შეზღუდულია ადამიანის თავისუფალი ნება. თანაც ისე, რომ ამას თავად ადამიანი ვერ აცნობიერებს და მას აქვს წართმეული არჩევანი, რადგან ის იმყოფება მძიმე ე.წ. „ზომბირების“ პროცესში, რომელიც თრგუნავს საზრისს და შემეცნებას. სწორედ ახალგაზრდობა, მათი საღი გონი, თავისუფლების შეგრძნების ჯანსაღი იმპულსები, შეურყვნელობა გახლავთ იმედი, რომელმაც ძირეული და მყისიერი ცვლილებები უნდა მოუტანოს თანამედროვე ადამიანს. ამასთან, ქართველი ადამიანის ნიჭი ისტორიულად გლობალური მასშტაბით გამორჩეული და განსაკუთრებულია, ამაზე არაერთი ფაქტი და გარემოება მეტყველებს. ჩვენის მხრივ, მაქსიმალურად შევეცდებით, ხელი შევუწყოთ ქვეყნის მასშტაბით, თუ მის ფარგლებს გარეთ ქართული საზოგადოების ნიჭიერ წარმომადგენლობას.
მეცნიერება და განათლება
იმ მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, რაც ქართულ საზოგადოებას და ზოგადად თანამედროვე მსოფლიო საზოგადოებას აწუხებს უმნიშვნელოვანესი და ერთადერთი ხსნის გზა არის განათლება და მეცნიერება. განათლება, როგორც მოგეხსენებათ, თავისუფლების ყველაზე ღირსეული შეგრძნების გზა და საშუალებაა. ჩვენი პრიორიტეტი დღიდან ჩვენი საქმიანობის დაწყებისა გახლდათ განათლება და მეცნიერება. კვლავაც ვრჩებით ამ რელსებზე და კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვნებით და შესაბამისად, თანამედროვე გამოწვევებისა და კონტექსტებისა – აქტიურად ვუჭერთ ამ პროცესებს მხარს.
მეტაფიზიკა და ადამიანური პოტენციალი
მეტაფიზიკა სიტყვა სიტყვით ნიშნავს „იმას, რაც ფიზიკის შემდეგ მოდის“ და შეისწავლის რეალობისა და არსებობის ფუნდამენტურ ბუნებას. ეს გახლავთ საკითხები, რომელიც არ არის აღქმადი ადამიანის შეგრძნების ორგანოებისთვის და მხოლოდ გონებით შეიძლება მისი გააზრება და გაცნობიერება. ის შეისწავლის ონტოლოგიის, კოსმოლოგიის, ლოგიკისა და მსჯელობის საკითხებს. ის ასევე სწავლობს არსებობის არსისა და შემოქმედის, სულიერების საკითხებს.
მეტაფიზიკა და ადამიანური პოტენციალი სწორედ იმიტომ ხდება ჩვენი პრიორიტეტი, რომ ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ასეთი მყისიერი განვითარების დროს თავისუფლდება ადამიანური შრომა, ადაპტირდება მისი ცხოვრების სტილი და საუკუნეების განმავლობაში სხვა ცხოვრების კულტურას მიჩვეული ადამიანის ნერვული სისტემისთვის ახალი რეალობა საკმაოდ დიდი გამოწვევა ხდება. ყველასათვის ცნობილია, დღეს მოჭარბებული ნერვული აშლილობები და შესაბამისი ავადობები, რომელიც მასთან პირდაპირ კავშირშია. აღნიშნული თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, აუცილებელი ხდება ადამიანური პოტენციალის, მეტაფიზიკური საწყისების კვანტური ფიზიკისა და სამყაროს შემეცნების მნიშვნელობის სწავლა, გაცნობიერება და თანამედროვე ცხოვრებაში გამოყენება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მსოფლიო ცივილიზაციის პროცესებში ისტორიულად, მეცნიერული დადასტურებებით გადამწყვეტი წვლილი და როლი აქვს შეტანილი, მივიჩნევთ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იგრძნოს პასუხისმგელობა ჩვენი ქვეყნის, გლობალური პროცესების წინაშე და თავისი ნიჭითა და უნარ-ჩვევებით მობილიზდეს, რომ ახალგაზრდა თაობის მაქსიმალური ჩართულობით თავისი მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეიტანოს თანამედროვე მსოფლიოს ტრანსფორმაციულ პროცესებში.
ემიგრანტები
2023 წლიდან “დოქტრინამ” პრიორიტეტად განსაზღვრა ემიგრანტულ თემებზე მუშაობა და 2024-2028 წლებში მუშაობის აქტიურ ეტაპზე გადავდივართ. მიგვაჩნია, რომ ემიგრაციაში არის განსხვავებული, მნიშვნელოვანი თანამედროვე ცოდნა და პოტენციალი. ეს არ ნიშნავს, რომ უპირატესია ვიდრე საქართველოში არსებული. არამედ, – განსხვავებული. ის, რაც სხვა ხალხებსა და კულტურაში არსებობს და არა ლიტერატურიდან და მას-მედიიდან,არამედ საკუთარი ცხოვრებითა და დაკვირვებით არის გამოცდილი. ამასთან, ქართველი ემიგრანტი ადამიანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩართული იყოს საქმიანობის პროცესში, რომელიც დაკავშირებული იქნება თავის ქვეყანასთან, მის განვითარებასთან. ასევე, ემიგრაციაში იმყოფება ახალგაზრდა თაობის დიდი ნაწილი, რომელთაც მიიღეს კვალიფიციური განათლება და პროფესიული ნიშნით წარმატებულად მუშაობენ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. მიგვაჩნია, რომ ეს ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად უნდა მოხმარდეს იმ საზოგადოებას, რომელი საზოგადოების შვილებიც არიან ეს ადამიანები. თავის მხრივ, ამან უნდა განაპირობოს მათ სამშობლოში სასურველი სამოქალაქო საზოგადოება, შრომისა და თანაცხოვრების კულტურა, რაც მათი ქვეყანაში გარდაუვალი დაბრუნების წინაპირობა გახდება. ამიტომ, ჩვენის მხრივ, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ემიგრაციაში არსებული ცოდნა და გამოცდილება მოხმარდეს საქართველოს და ქართულ საზოგადოებას. ამასთან, ამ პროცესში ჩართული უნდა იყვნენ უცხოელი ადამიანები, რომელთაც შეიყვარეს საქართველო და ქომაგობენ ქართული საზოგადოების წარმატებებსა და განვითარებას. შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტული ხდება ამ ადამიანების მხარდაჭერა და ხელშეწყობაც.
ერთიანობის, თანამოაზრეობის, თანამებრძოლეობისა და გუნდურობის პრინციპები
საზოგადოება, ეროვნება, მეგობრობა, მეზობლობა, ოჯახი, გუნდი, მოქალაქეობა პირდაპირ გულისხმობს ერთიანობის, თანამოაზრეობის და თანამებრძოლეობის პრინციპს. თანამებრძოლეობა, – სწორედ იმ საერთოსთვის, რაც არის გამაერთიანებელი. თავის მხრივ, ერთიანობის იდეა განსაკუთრებული მნიშვნელობის გახლავთ სწორედ იმიტომ, რომ ამ დროს მდიდრდება ადამიანი მეორეთი, ერთიანდება მატერიალური თუ არამატერიალური რესურსები და ერთიანდება შესაძლებლობები. ეს არის მარტივი ხერხი თუ როგორ გახდე იმაზე მეტი, ვიდრე ხარ. ის, რაც აკლია ერთს, შეიძლება ჰქონდეს მეორეს და პირიქით. შესაბამისად, ამ ორის ერთობა ქმნის ორ სისავსეს და მათი განმაპირობებელი ფაქტორი გახლავთ, – საერთო. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანია ერთობაში, მით უფრო მეტი სისავსეა და თითოეული ეს სისავსე გაცილებით მაღალი შესაძლებლობებით რეზონისებს. ამ დროს რეალურად მოქმედებს პრინციპი – ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის.
თანამედროვე მსოფლიო საზოგადოებებში გამეფებული მანიპულაციებისა და სტერეოტიპების სხვადასხვა ტექნიკები, რომელიც თრგუნავს ადამიანის უნიკალურ ქმნილებას, მის შემეცნებას, – ადამიანს აიძულებს გადარჩენის ეგოისტურ გზებს მიმართოს. “შეთქმულების თეორიებს” რომ თავი დავანებოთ ამ პროცესების მონაწილე ვართ ჩვენ ყველა და თავად ჩვენ ვქმნით ამ მავნე სისტემას. სოწრედ ამიტომ გვჭირდება გამოფხიზლება, გამორკვევა და გაცნობიერებული ტაქტიკები. დროში გაწელილი ეს მავნე პროცესი ნერვული აშლილობების განმაპირობებელია და ხშირად ადამიანი იძულებულია რეალობისგან გამოთიშვის და გადართვის სხვადასხვა რადიკალურ გზებს მიმართოს. დააკვირდით თანამედროვე განვითარებულ მსოფლიოს. მიგვაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სწორედ თანამოაზრეობის, ერთიანობის კატეგორიებით ფიქრი და აზროვნებაა. მზაკვრული მანიპულაციები, რაც ჩვენი საზოგადოების გახლეჩვას იწვევს, უნდა დაიძლიოს და პატივი ვცეთ და ვაღიაროთ ერთმანეთის განსხვავებულობა. თან, ისე, რომ ინდივიდის უნიკალურობას, მის თავისუფლებასა და კომპლექსურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა შეუნარჩუნდეს. ამასთან, მსოფლიოში გაბატონებული “ეგოს” დომინაცია კრიზისში აღმოჩნდა და სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების საზოგადოებებში ამან ბევრი ნერვული აშლილობები გამოიწვია. სწორედ ამიტომ, დღეს უკვე პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერებმა და დარგის სპეციალისტებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი „მე“-ს ფსიქოლოგიის ნაცვლად „ჩვენ“ ფსიქოლოგიაზე მყისიერ გადასვლასთან დაკავშირებით. ეს გამოწვევები კიდევ უფრო გამძაფრდა სოციალური მედიის მოძლიერების, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მყისიერი შემოჭრის პარალელურად.
ქრისტიანობა და ქრისტიანული ღირებულებები
დღიდან ჩვენი საქმიანობის დაწყებისა, ჩვენ აქტიურად ვეხებოდით რელიგიურ თემებს და ვაქვეყნებდით მასალებს. ქრისტიანობა და ქრისტიანული ღირებულებები 2024-2028 წლის პრიორიტეტად განისაზღვრა. სწორედ 2024 წლის წინ განკაცებული შემოქმედი ადამიანად შემოვიდა კაცთა შორის და ადამიანად ყოფნის და განღმრთობის ფილოსოფია იქადაგა. კვანტური ფიზიკის მიღწევებმა, რომელიც უკვე რეალური მეცნიერებაა დაადასტურა ამ მიდგომების ლოგიკური დაშვება ალბათობა. ბევრი ათეისტისთვის მეცნიერების სახელით სათაკილო სამყაროს წონასორული ძალების მოქმედებები დღეს უკვე დაშვებული საინტერესო რეალობაა! მაქსიმალურად ვითვალისწინებთ რელიგიურ პლურალიზმს და ყველა კონფესიასა და რელიგიურ მიმდინარეობასთან ვთანამშრომლობთ. ამასთან, ის მორალი და ფილოსოფია, რასაც ქრისტიანობა ქადაგებს, რა თქმა უნდა, ზოგადსაკაცობრიოა და ყველა რელიგიის საწყისებში დევს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა, ხელოვნურმა ინტელექტმა, მეცნიერების ახალმა მიღწევებმა, შესაბამისმა ინფორმაციულმა ნაკადებმა ადამიანებში ცხადად თუ ფარულად, უკვე წარსუშლი, – წაახალისა ათეიზმი. შესაბამისად, სწორედ თანამედროვე გამოწვევების ფონზე, რომელზეც ჩვენს მიერ გაცხადებულ პრიორიტეტებში ვსაუბრობდით, აუცილებელია საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლება და ახალი მიდგომებით მიმართულებების ჩვენება, სადაც გამოკვეთილია გზა, როგორ უნდა მისცეს ადამიანმა აზრი საკუთარ ცხოვრებას. ამ პროცესებს სჭირდება შრომა, ორგანიზება, ღვაწლი და ძალისხმევა. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს მიდგომა გახლავთ თანამედროვე ადამიანის უდიდესი გამოწვევა, რომ მან თავი გაართვას ადამიანად ყოფნას კრიზისულ სიტუაციაში და დაეხმაროს საკუთარ თავს, სხვა ადამიანებს გამორკვევასა და გათავისუფლებაში.
სწორედ ამ მიმართულებების პრიორიტეტულობით იმუშავებს ჩვენი გუნდი მომდევნო 4 წლის განმავლობაში და შეეცდება ჩვენი საზოგადოების აქტიურ სამსახურში ყოფნას. დაინტერესების შემთხვევაში ღია ვართ თანამშრომლობისთვის, როგორც ზემოთ მოყვანილი პრიორიტეტების შესაბამისად, ისე სხვა იდეებისა და ინიციატივების მიმართულებებით, რომელიც შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს ჩვენი ერთგული მკითხველისთვის.
ერთად შევიტანოთ წვლილი თავისუფალი, მაღალი მიმღეობის და თვითშეგნების შემეცნებითი ქართული საზოგადოების განვითარებაში, თანამედროვე გამოწვევების კონტექსტის მქონე ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში, რომელიც სამაგალითო და მიმზიდველი იქნება სხვა ერებისა და ქვეყნების საზოგადოებებისთვის.
გიორგი მიქანაძე
ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი
სამეცნიერო ანალიტიკური პორტალი “დოქტრინა”
დამფუძნებელი, რედკოლეგიის წევრი