ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანო გებრეიესუსი, აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი მსოფლიოსა და კაცობრიობის #1 მტერია.
„ვირუსი პოლიტიკური, ეკონომიკური და სიციალური ცხოვრების უფრო ძლიერი გარდამქმნელია, ვიდრე ტერორისტული აქტები. თუკი მსოფლიო მას ნომერ პირველ მტრად არ აღიარებს, ვფიქრობ, წინ ვერ წავალთ,“- განაცხადა ტედროს ადჰანო გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ვირუსს ახალი ოფიციალური სახელი COVID-19-ი უწოდა და აღნიშნა, რომ სხვა სახელით მისი მოხსენიება არასწორი იქნება.
პათოგენის ახალ დასახელებაში CO – კორონას, VI – ვირუსს, D – დაავადებას (disease), 19 კი – დაავადების გავრცელების წელს აღნიშნავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 18 თვეში გახდეს ხელმისაწვდომი.
უახლესი ინფორმაციით, ჩინეთში, COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 1,113-მდე გაიზარდა, დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები კი 44,653-ს აღწევს.
წყარო :Reuters; AFP
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ