close
განათლებაფრაზები

რა არის სკოლის მიზანი – კახა ბენდუქიძე ქართული სკოლის დანიშნულებაზე

“განათლების სისტემა, სკოლა, უნივერსიტეტი – ხანდახან ფეხბურთსაც კი უტოლდებიან პოპულარობით. გუშინწინ ერთი შეხვედრის მერე მეც ბევრი ვილაპარაკე ამ საკითხზე და თუ ასეა, დაწერეთო, მითხრეს. წერა დავიწყე და მივხვდი, რომ ერთი სვეტით ვერ შემოვიფარგლები. ასე რომ, მომიწევს რამდენიმეჯერ შეგაწუხოთ.

ძალიან კი თავს ვარიდებდი ამ თემას – ვინაიდან რაც მინდა ვთქვა, ალბათ ნაკლებს მოეწონება. და კარგ ხალხს ვაწყენინებ.რა არის სკოლის მიზანი –

აღზრდა? ცოდნის მიცემა? რომელია მთავარი?

ჩემი აზრით, აღზრდა, სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბება უფრო მნიშვნელოვანია.
მაგრამ უსუბ ეუბნება:

„შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!”

გასაკვირი იქნებოდა, რამე კონკრეტული ცოდნის შესახებ უსუბს იგივე რომ ეთქვა – სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ ალგებრა ან ორგანული ქიმია ვერ მისწავლებიაო – და ჩახმახისთვის ხელი გამოეკრა.

დაამთავრო სკოლა, და შეძლო საზოგადოებაში არსებობა, ჩემი აზრით, ნიშნავს:

• გესმოდეს, რა არის ბუნება, საზოგადოება, ადამიანი და ხელოვნება.
• შეგეძლოს რაოდენობრივი აზროვნება.
• გააგებინო სხვა ადამიანებს შენი აზრი ზეპირად და წერილობით.
• გამოიყენო კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება ახალი ცოდნის შესაძენად.
• მიიღო ეთიკური გადაწყვეტილება მორალური ღირებულებების საფუძველზე.
• აღიარებდე საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყო ტოლერანტული.
• შეგეძლოს საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

არავითარ შემთხვევაში საშუალო სკოლაში სწავლის მთავარი მიზანი არ შეიძლება იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება – ეგ მთლიანად ამახინჯებს სასწავლო პროცესს და პიროვნების განვითარების მიზნებს ანაცვლებს დაზეპირებით და მახსოვრობის ვარჯიშით. მზად ვარ შემდგომში ამაზე ბევრი ვიმსჯელო და ვიკამათო.

კი მაგრამ, ხომ გაგიგიათ აზრი, ვაი, ვაი, ახლა სკოლაში მეცნიერების ამა თუ იმ დარგს არ ასწავლიან ღრმად და კარგადო?

ამ აზრის ფესვები საბჭოთა წარსულშია. საბჭოთა კავშირში სკოლა გადაიქცა უმაღლესი განათლების მოსამზადებელ ეტაპად, ბევრი იყო საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების საათები, ისწავლებოდა სულ უფრო რთულად და რთულად. 70-იან-80-იან წლებში სასკოლო დისციპლინები ისე გართულდა, რომ მშობლებსაც კი უჭირდათ საშინაო დავალებების ამოხსნა.

საჭირო იყო ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც კარგად ისწავლიდა ფიზიკას, მათემატიკას, ქიმიას, და შექმნიდა ახალ იარაღს. სწორედ ეს საქმიანობა ფინანსდებოდა გულუხვად, და ამ გულუხვობის ნამცეცები სხვა მეცნიერებსაც გადაუვარდებოდა ხოლმე. კარგი იარაღის შემქმნელებს უფლება ჰქონდათ ცოტათი დისიდენტებიც კი ყოფილიყვნენ.

ფაქტობრივად შეიქმნა ის, რასაც შეიძლება სამხედრო-საგანმანათლებლო კომპლექსი ვუწოდოთ. და ამ კომპლექსს სჭირდებოდა ახალგაზრდების დიდი ნაკადი. სასკოლო განათლება კი ამ ნაკადს ქმნიდა.

სკოლის ასეთ ტრანსფორმაციას – უმაღლესი განათლების მოსამზადებელ საფეხურად – ჰქონდა კერძო ინტერესების მხარდაჭერა – სამხედროები, რომლებსაც ახალი იარაღი უნდოდათ, აკადემიური წრეები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ უკვე საკმაოდ მომზადებული კადრების მოზიდვით, და მშობლები, რომლებიც შვილს პრივილეგირებულ სამეცნიერო კარიერის გზაზე აყენებდნენ. თანაც ბიჭი თუ იყო, საბჭოთა ჯარისაგანაც თავს დაიღწევდა.

ასე სკოლის მიზანი – კომუნისტური საზოგადოების წევრის გაზრდა/აღზრდა – თანდათან ჩანაცვლდა პრაგმატული მიზნით – მოვამზადოთ ის, ვინც შემდეგ წარმატებით ჩააბარებს უმაღლესში, შემდეგ განაგრძობს სამეცნიერო საქმიანობას, გააკეთებს ამის შედეგად კარგ რაკეტას, ტყვიამფრქვევს, ბომბას, ან რამე მსგავსს, გახდება პროფესორი, აკადემიკოსი, მიიღებს ლენინის პრემიას, აგარაკს და ოთხოთახიან ბინას საჩუქრად და ნეკროლოგს გაზეთ პრავდაში.

ანუ საბჭოთა განათლების ფაქტობრივი მიზანი გახდა „ბევრი” სამეცნიერო ცოდნის მიღება. და ეს მაშინ, იმ დროს, კარგი იყო – ნამდვილად უკეთესი, ვიდრე პატარა მარქსისტ-ლენინელების გამოზრდა. გავიდა დრო, და არაეფექტურობამ და არაადამიანურობამ საბჭოთა კავშირი დაშალა. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ. ახლა რა გვინდა?

ჩვენც გვინდა ახალგაზრდებმა ბევრი იცოდნენ, სხაპასხუპით პასუხობდნენ შეკითხვებს, ახსოვდეთ ფორმულები და თარიღები, თუ გვინდა ისინი ღირსეული ადამიანები იყვნენ? გაიზარდონ თუ განსწავლულდნენ?

ხშირად ხდება – ადამიანს ფეხს მოსჭრიან ექიმები, მას კი კვლავაც მოჭრილი ფეხის ცერა თითი სტკივა. ამას ფანტომურ ტკივილებს ეძახიან.

ნაწილობრივ ჩვენც ასეთი ფანტომური ტკივილი გვაწუხებს. დღევანდელი ქართული სკოლა შუაში გაეჩხირა – საბჭოთა სკოლად აღარ ვარგა და თანამედროვე სკოლად არ ჩამოყალიბდა. რატომ და რა უნდა ვქნათ – ამაზე მერე ვილაპარაკებ.”

კახა ბენდუქიძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0