ნახშირორჟანგის ის რაოდენობა, რაც დღეს, ადამიანის საქმიანობის შედეგად არის ატმოსფეროში, ბოლოს 14 მილიონი წლის წინ იყო. ამის შესახებ ახალი, მასშტაბური კვლევა იუწყება.
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევა გასულ 66-მილიონ წლიან პერიოდს მოიცავს; მეცნიერებმა შორეული წარსულის ბიოლოგიური და გეოქიმიური ხელწერები გააანალიზეს, რათა ჯერ არნახული სიზუსტით აღედგინათ CO2-ის ისტორიული მაჩვენებლები.
„ეს ყველაფერი ნამდვილად გვარწმუნებს, რომ ის, რასაც ახლა ჩვენ ვუკეთებთ პლანეტას, ძალიან, ძალიან უჩვეულოა დედამიწის ისტორიისთვის“, — ამბობს კვლევის ავტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის კლიმატის სკოლის მეცნიერი ბარბელ ჰოენიში.
ახალი კვლევით დადგინდა, რომ ბოლოს ჰაერი მილიონზე 420 ნაწილ (ppm) ნახშირორჟანგს დაახლოებით 14-16 მილიონი წლის წინ შეიცავდა, როდესაც გრენლანდიაში ყინული საერთოდ არ იყო და ადამიანის წინაპრები ჯერ მაშინ გამოდიოდნენ ტყეებიდან ველებზე.
წინა ანალიზების მიხედვით, ატმოსფეროში ამ ოდენობის ნახშირორჟანგი 3-5 მილიონი წლის წინ უნდა ყოფილიყო.
1700-იანი წლების ბოლომდე, ნახშირორჟანგის დონე ატმოსფეროში დაახლოებით 280 ppm იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა სათბურის აირების რაოდენობა უკვე გავაორმაგეთ; ეს აირები ატმოსფეროში სითბოს იჭერს, უკან, კოსმოსში გასვლის საშუალებას არ აძლევს და სწორედ ამ ეფექტმა პლანეტა უკვე 1,2 გრადუსით გაათბო ინდუსტრიალიზაციამდელ პერიოდთან შედარებით.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახეობა, ჰომო, მხოლოდ სამი მილიონი წლის წინ გაჩნდა. ჩვენი ცივილიზაცია მორგებულია ზღვის დღევანდელ დონეს, თბილ ტროპიკებსა და ცივ პოლუსებს, წვიმებით გამორჩეულ ზომიერ რეგიონებს“, — ამბობს ჰოენიში.
თუ CO2-ის გლობალური გამოყოფა ზრდას გააგრძელებს, 2100 წლისთვის შეიძლება 600 – 800 ppm-ს მივაღწიოთ.
ნახშირორჟანგის ეს დონე ბოლოს ეოცენის ხანაში, 30-40 მილიონი წლის წინ ფიქსირდებოდა, იქამდე, ვიდრე ანტარქტიდა ყინულით დაიფარებოდა და როცა მსოფლიოს ფლორა და ფაუნა სრულიად სხვანაირი იყო — მაგალითად, დედამიწაზე ჯერ კიდევ დაიარებოდნენ უზარმაზარი მწერები.
ახალი კვლევა შვიდწლიანი შრომის შედეგია, რაც 16 ქვეყნის წარმომადგენელი 80 მეცნიერისგან შემდგარმა კონსორციუმმა გასწია; კვლევა ამჟამად უკვე წარმოადგენს განახლებულ კონსენსუსს სამეცნიერო საზოგადოებას შორის.
ჯგუფს ახალი მონაცემები არ შეუგროვებია. ამის ნაცვლად, მკვლევრებმა მოახდინეს უკვე გამოქვეყნებულ ნაშრომთა სინთეზი, ხელახლა შეფასება და ვალიდაცია განახლებულ მეცნიერებაზე დაყრდნობით. მათი კატეგორიზაცია სანდოობის დონის შესაბამისად მოახდინეს, შემდეგ კი ყველაზე მაღალი შეფასების მქონეები ახალ თაიმლაინში გააერთიანეს.
მყინვარებში, ყინულის საფარიდან, გაბურღვით იღებენ ყინულის ნიმუშებს, სადაც ჩარჩენილია აირის ბუშტუკები. ამ ბუშტუკებში შემონახულია წარსულის ატმოსფერული მდგომარეობა, მაგრამ როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი წლის წინანდელი.
უფრო შორეული წარსულის გამოსაკვლევად, პალეოკლიმატოლოგებმა ე. წ. პროქსები გამოიყენეს: შეისწავლეს უძველესი ფოთლების, მინერალებისა და პლანქტონის ქიმიური შემადგენლობა; შედეგად, არაპირდაპირი დასკვნები გამოიტანეს მოცემულ მომენტში ატმოსფეროში ნახშირბადის მდგომარეობის შესახებ.
მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ გასული 66 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი პერიოდი 50 მილიონი წლის წინ იდგა, როდესაც CO2-ის დონე ატმოსფეროში 1,600 ppm იყო, ტემპერატურა კი დღევანდელზე 12 გრადუსი ცელსიუსით მაღალი.
2,5 მილიონი წლის წინ, ნახშირორჟანგის დონე 270-280 ppm იყო, რასაც გამყინვარების ხანების სერია მოჰყვა.
ასე შენარჩუნდა იქამდე, ვიდრე თანამედროვე ადამიანები გამოჩნდებოდნენ 400 000 წლის წინ და შენარჩუნდა იმ დრომდე, ვიდრე ჩვენი სახეობა ფართოდ დაიწყებდა წიაღისეული საწვავის წვას.
მკვლევართა ჯგუფის შეფასებით, CO2-ის დონის გაორმაგება პლანეტის 5-8 გრადუსით გათბობას გამოიწვევს, მაგრამ ძალიან დიდი ხნის, ასობით ათასი წლის განმავლობაში — როდესაც გაზრდილ ტემპერატურას ჭავლური ეფექტი აქვს დედამიწის სისტემებზე.
მაგალითად, პოლარული ყინულების დნობა შეამცირებს პლანეტის მიერ მზის რადიაციის არეკვლის უნარს და დათბობის ეფექტი უფრო გაძლიერდება.
თუმცა, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ახალი კვლევა პირდაპირ რელევანტურია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთათვის.
ნახშირბადის ჩანაწერები აჩვენებს, რომ 56 მილიონი წლის წინ, დედამიწაზე ნახშირორჟანგის ასეთივე სწრაფი გამოყოფა მიმდინარეობდა, რამაც ეკოსისტემებში მასიური ცვლილებები გამოიწვია, რომლებიც დაახლოებით 150 000 წელიწადს გრძელდებოდა.
„იგივე გვემუქრება, თუ არ შევამცირებთ ნახშირორჟანგის გამოყოფას, თუ მას არ ამოვიღებთ ატმოსფეროდან და ზოგადად, სასწრაფოდ არ შევამცირებთ ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევას“, — ამბობს კვლევის ავტორი კოლუმბიის უნივერსიტეტის კლიმატის სკოლის მეცნიერი ბარბელ ჰოენიში. მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”