ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ვარიანტს "შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიენიჭა. ორგანიზაციის განმარტებით, ე.წ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს, სავარაუდოდ, სხვა ვარიანტებთან შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი
ახასიათებს. ახლახან აღმოჩენილ B.1.1.529 შტამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ
,,ომიკრონი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონს“ უამრავი სხვადასხვა სახის მუტაცია აქვს, მათგან რამდენიმე კი შემაშფოთებელია. მათი განმარტებით, ექსპერტებს რამდენიმე კვირა დასჭირდებათ იმისთვის, რომ დაადგინონ რამდენად გადამდებია ახალი შტამი და რამდენად ეფექტურია
არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ. კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტის დაფიქსირების გამო
სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-მა, ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა, გერმანიამ და ავსტრალიამ. ამასთან, ევროკომისია გეგმავს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეგიონთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის ინიციატივით მიმართოს.
„ევროკომისია, წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციით, შესთავაზებს გადაუდებელი ზომების ამოქმედებას სამხრეთ აფრიკის რეგიონიდან საჰაერო მიმოსვლის შესაჩერებლად, B.1.1.529 ვარიანტის გავრცელების გამო, რომელიც შეშფოთების იწვევს,“ – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ
ლაიენი „ტვიტერში“. გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკული ვარიანტი ევროპაში უკვე
დაფიქსირდა. კერძოდ, B.1.1.529 ვარიანტი ბელგიაში ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ეგვიპტიდან, თურქეთის გავლით ჩავიდა. ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა ისრაელშიც.
დაინფიცირებული მოქალაქე ისრაელში სხვა ქვეყნიდან დაბრუნდა.
წყარო : Reuters , The Guardian , BBC
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”