13 იანვარს, პირველ საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის ,,სვირი’’ პრეზენტაცია, სადაც 39-წლიანი ინტერვალის შემდეგ, ნახატი პირველად იხილა საზოგადოებამ.
ნამუშევარი თავიდან გიორგი ლეონიძის საკუთრება იყო, რომელმაც ის 1930 წელს, როცა მუზეუმის ხელმძღვანელი დიმიტრი შევარდნაძე ყოფილა, მუზეუმს მიჰყიდა. ფერწერული ნამუშევარი სულ სამჯერ გამოიფინა – 1957, 1968 და 1978 წლებში, მაგრამ მას შემდეგ, სერიოზული დაზიანებების გამო, ნახატი ფართო საზოგადოებისთვის აღარ უჩვენებიათ.
,,სვირი“ ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა, ნანა მანაგაძემ დაამუშავა და სწორედ მისი ძალისხმევის შედეგია, რომ დღეს ნახატი კვლავაც იხილა საზოგადოებამ. რესტავრაციის პროცესმა დაახლოებით ერთ წელიწადს გასტანა და როგორც თავად ქ-მა ნანამ ,,დოქტრინასთან” საუბრისას აღნიშნა, საკმაოდ შრომატევადი პროცესიც იყო, განსაკუთრებით იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ნამუშევარი თავის დროზე არაპროფესიონალის მიერ იყო რესტავრირებული, შესაბამისად, მისი ზედაპირი დაიკუჭა და გაჩნდა ბზარებიც, რასაც დაემატა ნახატის ზედაპირზე დაგროვილი მტვრის ფენაც. საინტერესო ფაქტია, რომ ეს ფერწერული ნამუშევარი ლინოლიუმზეა შესრულებული, თუმცა ფიროსმანს სწორედ ამავე მასალაზე აქვს შექმნილი ,,მოგზაურის“ ფრაგმენტიც.
აღსანიშნავია, რომ ფიროსმანის კიდევ ერთი ნამუშევრის – ,,ნადირობა ინდოეთში“ – რესტავრაცია გასულ წელს დასრულდა და სწორედ მას შემდეგ, მუზეუმის დიდი სურვილიდან გამომდინარე, ,,სვირიც“ ყოფილიყო მზად მნახველებისთვის, გადაწყდა მისი რესტავრირებაც.
დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ, ,,სვირი“ წარმოდგენილი იქნება ნ. ფიროსმანაშვილის მუდმივ საგამოფენო დარბაზში და მნახველებს საშუალება ექნებათ იხილონ ის ფიროსმანის სხვა დიდებულ ნამუშევრებთან ერთად, აღნიშნულ ნახატთად ერთად მუდმივ ექსპოზიციაში ჩაერთვება ნამუშევრები ,,ნადირობა ინდოეთში’’ და ,,დათვი მთვარიან ღამეს’’.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”