ამბავი, რომელსაც ამ მასალაში გაეცნობით, სავსეა წინააღმდეგობებით, სასურველის მიღების მტკიცე სურვილით, იმედგაცრუებითა და მიზნის კვლავ დაბადებით. ისტორიის მთავარი გმირი ეკა ესებუაა, რომელმაც ბევრი წლის შემდეგ ცხოვრება ნიუ-იორკში გააგრძელა და სასურველი პროფესია შეისწავლა, ეს ყველაფერი კი – არცთუ ისე მარტივად. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის მიზანდასახულობისა და პრინციპულობის აბსოლუტურად დამსახურებული მაგალითია. საკუთარ განვლილ გზასა და დაძლეულ სირთულეებზე, ეკა „დოქტრინას“ ესაუბრა.
თქვენი ისტორია გვიამბეთ – როდის დაიწყეთ ამერიკული ცხოვრება?
ნიუ-იორკში 2017 წელს ჩამოვედი – სამი არასრულწლოვანი შვილით, მეუღლე 10 წლის წინ გარდამეცვალა. ჩემი მშობლები ამერიკის მოქალაქეები იყვნენ და ოჯახის გაერთიანება მოითხოვეს, რომ დამხმარებოდნენ. უფროსი ვაჟი საქართველოში დარჩა რადგან ოჯახის გაერთიანებაში ვერ მიიღო მონაწილეობა, სრულწლოვანების გამო. ჩამოსვლის შემდეგ, როგორც უმეტესობა ქართველებისა, მოხუცთან დავიწყე მუშაობა და ძალიან გამიჭირდა მორალურად. საქართველოში წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჟურნალისტად, საკუთარ ჟურნალსაც გამოვცემდი, სახელწოდებით “ბუმერანგი’’. შემდეგ ატელიეც მქონდა გახსნილი თბილისის ძველ უბანში, გრიშაშვილის ქუჩაზე, სადაც დიზაინერულ საქმიანობას ვეწეოდი და საქორწილო კაბების კოლექციებზე ვმუშაობდი. შემდეგ გამოცდები ჩავაბარე და გავხდი ინგლისური ენის მასწავლებელი, აქ ჩამოსვლისას ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწია. სანამ გავერკვეოდი, რა უნდა მეკეთებინა, მოხუცებს ვუვლიდი. ის გარემოება, რომ ყოველთვის მძიმედ მოსავლელი მოხუცები მხვდებოდნენ, დიდ მოტივაციად იქცა ჩემთვის, რომ გამერისკა, გამეგრძელებინა. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა იმისათვის, რომ გამერკვია, რისი კეთება მინდოდა ჩემს ახალ, ნიუ-იორკულ ცხოვრებაში.
როგორ გაუმკლავდით ყოველდღიურ სირთულეებს?
ვაკვირდებოდი, ვსწავლობდი ნიუ-იორკის დინამიკას, ცხოვრების სტილსა და ხალხის მენტალიტეტს. ვსწავლობდი საკუთარ თავსაც, მინდოდა – ისეთი საქმე მეპოვა, რაც ბედნიერებას მომიტანდა… იდეამ, რომ ფოტოგრაფია მესწავლა, ემიგრაციის მესამე წელს, მეტროთი მგზავრობისას გამიელვა თავში და ისეთი სიხარული ვიგრძენი, თითქოს, მთელი ჩემი ცხოვრება რაც კი მიკეთებია აქამდე, იმიტომ ვაკეთე, რომ ამ პროფესიაში გამეერთიანებინა. ხან რით დავკავდი ცხოვრებაში და ხან რით. სულ განვიცდიდი, რომ სრულიად სხვადასხვა სფეროში ვცდიდი ბედს. ახლა ვხვდები, რომ თითქოს ბედს მივყავდი ასე ბრმად ყველა იმ პროფესიასთან, რომელიც დღეს ასე მადგება ფოტოხელოვნებაში… ფოტოგრაფია და ჟურნალისტიკა ხომ ორივე ამბის თხრობაა სხვადასხვა კონტექსტში… ინგლისური ენის გარეშე აქ ვერაფერს ვიზამდი და დიზაინერობამაც საკუთარი ხედვა მომცა ხელოვნებაში.
რა ნაბიჯები გადადგით, რათა ამერიკაში გესწავლათ?
ამერიკაში რომ მესწავლა, მშობლები დამიდგნენ გვერდში. გადავწყვიტე, ფოტოგრაფია ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯში – New York film Academy-ში შემესწავლა. იქ ჩემი გადაღებული ფოტოები გავაგზავნე, მოეწონათ და ამიყვანეს. მოგვიანებით გავიგე, რომ ერთწლიანი სწავლება იქ 42.000 $ ღირდა. ეს ფაქტი იმხელა წინაღმდეგობად მივიჩნიე, რომ ვიფიქრე, ვერასოდეს შევძლებდი ამ ოცნების განხორციელებას. ერთი წლის მანძილზე დღეში 12-საათიანი სწავლება მიდიოდა. ფაქტობრივად, მთელი წელი ვერ ვიმუშავებდი და, სამ შვილთან ერთად, დედაჩემისა და მამაჩემის სარჩენი უნდა ვყოფილიყავი. გადავწყვიტე, რომ აღარ მეფიქრა ამაზე. ოჯახში ვთქვი, რომ ვერ ვისწავლიდი, მაგრამ ისეთი დეპრესია დამეწყო, რომ თვალები თავისით მეცრემლებოდა და, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მუცლის გვრემა დამეწყო. მაშინ დედაჩემმა მითხრა: რახან ასე გინდა, უნდა ისწავლოო. ყოველთვის ჩემი ცხოვრების ყველა გადამწყვეტ ეტაპზე დედაჩემი მედგა მხარში და, მისი და მამაჩემის დახმარებით, 46 წლის ასაკში შევედი კოლეჯში. სახელმწიფომ 6-წლიანი სესხი გამომიყო და, როგორც მარტოხელა დედა 4 შვილით, 15 000$ მაშინვე დამიკლო კოლეჯმაც. მაშინ მივხვდი, რომ ამერიკაში მიუღწეველი არაფერი არაა, მთავარია – მოინდომო და გარისკო. New York Film Academy-მ მთელი ჩემი სამყარო შეცვალა, ჩამომაყალიბა, როგორც ხელოვანი, დამხვეწა და გამზარდა. ის წელი საუკეთესო იყო ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. კოლეჯში სწავლის დროს ბევრ პროექტში მივიღე მონაწილეობა.
რომელ წარმატებას გამოარჩევთ?
განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო საგამოცდო პროექტი -„კარანტინი”, რომლის წარდგენა პანდემიის პერიოდს დაემთხვა. რადგან გარეთ ვერ გავდიოდი, გადავწყვიტე, მომეყოლა ფოტოისტორია იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდა ჩემი ოჯახი პანდემიის დროს. ამ პროექტს კოლეჯში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მახსოვს, ფოტოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მომწერა, ძალიან ძლიერი პროექტიაო. ჩემი ერთ-ერთი ფოტო იმ პროექტიდან ნიდერლანდებში, ბელვედერის მუზეუმში გამოიფინა.
შარშან ჩემი ორი გამარჯვებული ფოტო გამოფენილი იყო სან ფრანცისკოში, Golden Gate Bridge-ის მიმდებარე პარკში – presidio. კონკურსი სახელწოდებიით – my park moment ცნობილმა კომპანია photoville-მა ჩაატარა. იქ ჩემი რამდენიმე ფოტო გავაგზავნე. მათ ორი ამოირჩიეს.
ამ წლის სექტემბრის ბოლოს მექნება გამოფენა მანჰეტენზე, ნიუ-იორკის ყველაზე არტ უბანში, ჩელსიში, რომელსაც კურირებს ქალბატონი მარიტა დამენია.
დღეს რას საქმიანობთ?
კოლეჯის დამთავრების შემდეგ მუშაობა როგორც food photographer-მა, დავიწყე. კომპანიების – Grabhub და Uber Eats ვებსაიტებისთვის ვიღებ ფოტოებს, დღეში 3-4 რესტორანში მაქვს გადაღებები, უკვე 1000-ზე მეტი რესტორანი მაქვს გადაღებული ნიუ-იორკში. პარალელურად, ვაფართოებ ჩემს ბიზნესს, მაქვს საკუთარი პორტრეტების სტუდია Ekaterina Esebua Photography studio და ქართულ ემიგრაციის ცხოვრებას ხშირად ვაშუქებ, ეს იქნება კონცერტები, ღონისძიებები თუ გამოფენები. ხშირად მიწვევენ ქორწილების, ნათლობებისა თუ დაბადების დღეების გადასაღებად. წელს ყველაზე დასამახსოვრებელი ღონისძიება, რომელიც გადავიღე, წარმატებული ქართველი ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონია იყო, რომელიც ჩვენთვის ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა, თამარ დავითაშვილმა, ჩაატარა და რომელსაც თავად ქალაქი ნიუ-იორკის მერი, ერიკ ადამსი, დაესწრო.
საქართველოში დაბრუნებას გეგმავთ?
საქრთველოში დაბრუნებაზე უკვე დავიწყე ფიქრი, ვეძებ გზებს, თუ როგორ შეიძლება, ეს მოხდეს. ალბათ, მას მერე, რაც ჩემს შვილებს დავაფრთიანებ, იქნებ, დავიმსახურო უკან დაბრუნება.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა