close
არქეოლოგია

4 წლის გოგომ ბრიტანეთში დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინა

ბრიტანეთში, ბენდრიქსის ყურის მახლობლად, ბარის სანაპიროზე 4 წლის ლილიმ და მისმა მამამ რიჩარდმა იპოვნეს დინოზავრის კარგად დაცული და შემონახული ნაკვალევი.

4 წლის ლილის მიერ აღმოჩენილი ნაკვალევი 220 მილიონი წლის წინანდელია და აქამდე ტალახში იყო ჩამარხული, რამაც ხელი შეუწყო ნაკვალევის ჩვენამდე ასეთი სახით შენარჩუნებას. ბენდრიქსის სანაპირო პალეონტოლოგებისა და მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია და მათ ყურადღებას იპყრობს, რადგან ამ ტერიტორიაზე სხვა ნიმუშებიც არის აღმოჩენილი.

შეუძლებელია იმის თქმა ზუსტად რა ტიპის დინოზავრის ნაკვალევია ნაპოვნი, თუმცა ნაკვალევის სიგრძე 10 სანტიმეტრია და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 75 სანტიმეტრიანი დინოზავრის ნაკვალევს მიაკვლიეს, რომელიც უკანა ფეხებზე დადიოდა და სხვა პატარა მწერებსა და ცხოველებზე ნადირობდა.

უელსის ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგი ჰოველსი ანაბეჭდის შესახებ ამბობს, რომ ამ სანაპიროზე ნაპოვნი საუკეთესო ნიმუშია.

,,დინოზავრის შესანიშნავად შენარჩუნებული ნაკვალევი შეიძლება დაეხმაროს მეცნიერებს უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ მათი ფეხის სტრუქტურის შესახებ, რადგან ის საკმაოდ მკაფიოდ გვაჩვენებს ფეხის ბალიშებსა და ბრჭყალებს”, – ნათქვამია უელსის ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0