close
ეს საინტერესოა

4 200 კილომეტრი შეუსვენებლივ — პეპლებმა ატლანტის ოკეანე გადაიფრინეს

მოხატულ პეპლებს (Vanessa cardui) დიდი ტერიტორიის დაფარვა შეუძლიათ. თუმცა, ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა აღწერეს, თუ როგორ დაფრინავენ ეს არსებები ოკეანეებზე. პეპლები ამას შეუსვენებლივ აკეთებენ და ამჯერად 4 200 კილომეტრიც კი დაფარეს.

მკვლევარმა, ჟერარ ტალავერამ საფრანგეთის გვიანას სანაპიროზე რამდენიმე მოხატული პეპელა შენიშნა. პეპლებს დიდი მანძილი დაეფარათ და ისვენებდნენ. მათ ფრთები ჰქონდათ დაზიანებული.

ტალავერი განსაკუთრებით იმით დაინტერესდა, რომ როგორც წესი, მოხატული პეპლები სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე არ არიან. ეს ნიშნავდა, რომ პეპლებმა კონტინენტამდე ოკეანის გადაფრენით მოაღწიეს.

ტალავერმა გადაწყვიტა ეს საკითხი გამოეკვლია. ჩიტს შეგიძლია კამერა მიამაგრო, მაგრამ პეპლის შემთხვევაში ეს შეუძლებელია, ამიტომ ტალავერს და მის გუნდს მეტი შემოქმედებითობა დასჭირდა.

დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ პეპლები არ იყვნენ ჩრდილოეთ ამერიკიდან. ეს ნიშნავდა, რომ პეპლები სამხრეთ ამერიკაში ევროპა-აფრიკიდან მოხვდნენ.

მკვლევრებმა ასევე შეისწავლეს პეპლებზე ნაპოვნი მტვრის ნაწილაკები. ეს ნაწილაკები აფრიკასთან დაკავშირდა, კერძოდ საჰარას უდაბნოში აღმოცენებულ მცენარეებთან. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პეპლებმა ატლანტის ოკეანე ნამდვილად გადაიფრინეს.

თუმცა, იზოტოპებზე დაფუძნებული გეოლოკაციის გამოყენებით, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მწერების მოგზაურობა აფრიკიდანაც არ დაწყებულა.

“მტვრის ნაწილაკების მიხედვით პეპლებმა მინიმუმ 4 200 კილომეტრი დაფარეს. თუმცა, შესაძლებელია მათი მოგზაურობა სულაც ევროპიდან დაწყებულიყო და ასეთ შემთხვევაში მწერებს 7 000 კილომეტრი უმოგზაურიათ”, — თქვა კვლევის თანაავტორმა, კლემენტ ბატაილმა.

ჩნდება შეკითხვა, როგორ მოახერხა ეს ასეთმა პატარა არსებამ?

აქ მნიშვნელოვანი როლი ამინდმა შეასრულა. პეპლების სამხრეთ ამერიკაში აღმოჩენამდე აფრიკიდან ატლანტის ოკეანის მიმართულებით ქარი ყოფილა. ეს პეპლებისთვის ხელისშემწყობი მოვლენა იქნებოდა.

“რომ არა ქარის ფაქტორი, პეპლები მაქსიმუმ 780 კილომეტრს დაფარავდნენ. ქარმა მათ ხელი შეუწყო”, — აღნიშნეს მკვლევრებმა.

თუმცა, ამის გათვალისწინებითაც კი, ეს მაინც დიდი მიღწევაა ისეთი პატარა არსებებისთვის, როგორებიც პეპლები არიან.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0