close
კვლევები

4.22 მილიარდი წლის წინ მთვარის მანტია “ამოტრიალდა” — კვლევა

არიზონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა გააანალიზეს, როგორი იყო მთვარის ადრეული შიდა სტრუქტურა და იქ მიმდინარე პროცესები გამოავლინეს. კერძოდ, მათ გაარკვიეს, როგორ “ამოტრიალდა” ამ ციური სხეულის მანტია რამდენიმე მილიარდი წლის წინ.

“მთვარის ისტორიის ამ კრიტიკული ფაზისას მოვლენათა ზუსტი მიმდევრობის შესახებ მწირი ფიზიკური მტკიცებულებები მოგვეპოვებოდა. ასევე, შეუთანხმებლობაა იმის შესახებ, თუ რამ გადაინაცვლა ქვევით, პირდაპირი მნიშვნელობით”, — აცხადებენ სპეციალისტები.

გავრცელებული თეორიის თანახმად, მთვარე დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, როცა დედამიწას მცირე ზომის ობიექტი თეია შეეჯახა. შედეგად საკმარისი მატერია გამოიყო, რათა ჩვენი პლანეტის ორბიტაზე თანამგზავრი გაჩენილიყო.

ფოტო: NASA

პროგრამა Apollo-ს ფარგლებში მთვარიდან ჩამოტანილი ნიმუშების გამოკვლევამ მისი წარსულის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა. მაგალითად, მის ზედაპირზე არსებულ ვულკანურ ქვებში დიდი ოდენობით ტიტანს მიაგნეს. სატელიტურმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ მსგავსი ქანები ჩვენი მეზობელი ციური სხეულის იმ მხარეს უფრო უხვადაა, რომელიც მუდმივად დედამიწისკენაა მობრუნებული.

გამოცემაში Nature Geoscienceგამოქვეყნებული ახალი ნაშრომით ვიგებთ, რამ გამოიწვია ეს.

ფორმირების პირველ ეტაპზე მთვარე მთლიანად მაგმის ოკეანით უნდა ყოფილიყო დაფარული. როცა დამდნარი ქვები გაცივდა, მანტია და ქერქი წარმოიქმნა. ამის მიუხედავად, ზედაპირის ქვეშ ჯერ კიდევ არასტაბილური გარემო იყო. კომპიუტერული მოდელების მიხედვით, ქერქის ქვეშ არსებულმა მაგმამ, დიდი ალბათობით, კრისტალიზაცია განიცადა და მკვრივი მინერალები წარმოშვა. მათ შორისაა ილმენიტი, რომელიც დიდი ოდენობით ტიტანსა და რკინას შეიცავს.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს ორივე ელემენტი მათ ქვეშ არსებულ მანტიაზე მკვრივი იყო, ამან გრავიტაციული არასტაბილურობა გამოიწვია. ასეთ პირობებში მოსალოდნელია, რომ მსგავსი შრე უფრო ღრმად ჩასულიყო. იქ აღნიშნული მატერია მანტიას შეერია და დადნა, შემდეგ კი ზედაპირზე ტიტანით მდიდარი ლავის სახით გადმოინაცვლა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთვარის გრავიტაციული ველის წყალობით შესაძლებელი იყო იმის გაგება, თუ როგორაა გადანაწილებული ზემოხსენებული შრის დაღმასვლის შემდეგ ფორმირებული ილმენიტის ნარჩენები. ამისთვის მათ NASA-ს ზონდის მონაცემები გამოიყენეს და დაასკვნეს, რომ მსგავსმა მინერალებმა სწორედ მთვარის ხილული მხარისკენ გადაინაცვლა და სიღრმეში კასკადურად “ჩაიძირა”. ავტორთა გამოთვლებით, ეს დაახლოებით 4.22 მილიარდი წლის წინ უნდა მომხდარიყო.

ამ პროცესმა ციური სხეულის გრავიტაციულ ველზე კვალი დატოვა, რომელიც ხელოვნურმა თანამგზავრმა დააფიქსირა. ახალი შედეგები მთვარის ვულკანიზმსაც შეესაბამება.

“გამოდის, რომ მთვარის ყველაზე ადრეული ისტორია მისი ზედაპირის ქვეშაა შემონახული, მის გამოსავლენად კი მოდელებისა და მონაცემების სწორი კომბინაცია იყო საჭირო”, — ამბობენ მეცნიერები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0