50-წლიანმა კვლევამ ცხადყო, რომ ბავშვები მუსიკის თანხლებით მათემატიკას უკეთ სწავლობენ. მასშტაბური დაკვირვების შედეგებს Science Daily აქვეყნებს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ მუსიკას შეუძლია, სწავლის პროცესი უფრო სასიამოვნო გახადოს, მოსწავლეების პროცესში ჩართულობა დიდი ხნით შეინარჩუნოს და დაეხმაროს მათ შიშისა და შფოთის დაძლევაში. რადგანაც ფოკუსირება დისციპლინათა შორის ზუსტ მეცნიერებებს გამორჩეულად სჭირდება, განსაკუთრებულად დადებითი კორელაცია მათემატიკასთან დაფიქსირდა.
მკვლევრები ასევე ამბობენ, რომ ძალიან დადებითი შედეგის მომტანია მუსიკის ინტეგრირება უშუალოდ მათემატიკის გაკვეთილებში – მაგალითად, ტაშის დაკვრით თვლის დასწავლა. ეს იმით აიხსნება, რომ როდესაც სწავლის პროცესში ერთდროულადაა ჩართული ვიზუალური და აკუსტიკური მახასიათებლები, ისევე, როგორც მოტორიკა, მოსწავლე მასალის ათვისებას გაცილებით ეფექტიანად ახერხებს.
მეცნიერებმა მონაცემები 1975-2022 წლებში შეაგროვეს. მასალამ 55 კვლევის შედეგები გააერთიანა მთელი მსოფლიოდან. თითქმის 50 წლის განმავლობაში კვლევაში მონაწილეობა 78 000-მა ადამიანმა მიიღო – დაწყებული საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებიდან, დასრულებული უნივერსიტეტის სტუდენტებით.
გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების 73%-მა მათემატიკისა და მუსიკის ინტეგრირებული გაკვეთილის ფონზე უკეთ აითვისა მათემატიკის მასალა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა, რომელთაც სკოლაში სწავლის პარალელურად რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე ისწავლეს დაკვრა, მათემატიკის სწავლის ხარისხიც გაიუმჯობესეს. განსაკუთრებულად პოზიტიური შედეგები ფიქსირდება არითმეტიკის მიმართულებით.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”