1969 წელს დიდმა ბრიტანეთმა დედამიწის ორბიტაზე, აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროს თავზე, სამხედრო ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა, რომლის მეშვეობითაც შეიარაღებულ ძალებთან კომუნიკაციას ამყარებდნენ. ახლა ცნობილი გახდა, რომ ამ სატელიტის ტრაექტორია შეცვლილია, მაგრამ როდის ან რატომ მოხდა ეს, გაურკვეველია.
აპარატს Skynet-1A ჰქვია და მან ფუნქციონირება გაშვებიდან დაახლოებით 18 თვეში შეწყვიტა. მიზეზი ტექნიკური ხარვეზი გახდა. ის ახლა ბრიტანეთის ყველაზე ხნიერი სატელიტია, რომელიც ჯერაც კოსმოსშია.
1970-იანი წლების მონაცემების თანახმად, როცა Skynet-1A-ს ყურადღებით აკვირდებოდნენ, თანამგზავრი გეოსტაციონარულ ორბიტაზე მოძრაობდა, 40°-ით აღმოსავლეთ გრძედის მიმდებარედ. ეს ტრაექტორია შენარჩუნდა მაშინაც, როცა ის ექსპლუატაციიდან გამოვიდა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ Skynet-1A თავის ოპერაციულ ორბიტას რომ ასცდენოდა, 75°-ით აღმოსავლეთით ორივე მხარეს ±35°-ამდე უნდა მერყეობდეს. ეს მოსალოდნელი ცვლილება იქნებოდა, მაგრამ ის ახლა 105°-ით დასავლეთით გადაადგილდება და მხოლოდ რამდენიმე გრადუსით მერყეობს.
გამოდის, რომ სატელიტი იქ არაა, სადაც უნდა იყოს. ეს იმით აიხსნება, რომ მას ტრაექტორია შეუცვალეს, მაგრამ ვინ, როდის ან რატომ, უცნობია. შესაძლოა, სათანადო მანევრი აპარატს 1970-იან წლებში შეესრულებინა, მაგრამ ამის დასამტკიცებლად ჩანაწერები არ მოგვეპოვება.
აღსანიშნავია, რომ Skynet-1A-ს ბრიტანეთთან ერთად აშშ-იც აკონტროლებდა. სპეციალური ბაზა დროებით ბრიტანეთიდან კალიფორნიის შტატის ქალაქ სანივეილში გადაიტანეს. არ გამორიცხავენ, რომ ბრძანება სწორედ იქიდან გაეგზავნათ. ამის გარკვევა მნიშვნელოვანია, რადგან თანამგზავრის ამჟამინდელი კურსი სხვა სატელიტებს საფრთხეს უქმნის.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”