close
დედამიწაკვლევებისაქართველო

ქართველი სტუდენტი, მიკროორგანიზმების საშუალებით, გარემოს დამბინძურებლების დაშლაზე იმუშავებს

 ეკოლოგიური პრობლემები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აქტუალური თემაა, ბევრი ჩვენგანი ფიქრობს შექმნილი მდგომარეობიდან შესაძლო გამოსავალზე, მაგრამ ცოტას თუ გვაქვს საკმარისი ცოდნა და შესაძლელობა, რომ სურვილი საქმედ ვაქციოთ, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ანანო მჭედლიშვილზე, 19 წლის ქართველ სტუდენტზე, რომელსაც უკვე საკმაო ცოდნა აქვს აღნიშნულ სფეროში და მტკიცედ გათვლილი გეგმებითაც გვაოცებს, გავეცნოთ ახალგაზრდა ენთუზიასტს.

 

ანანო მჭედლიშვილი საზოგადოებამ პირველად ბოტანიკურ ბაღში მოხალისეუბრივი საქმიანობის დროს გაიცნო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ეკოლოგიის მიმართულებით სწავლობს, კურსის ფარგლებში, ბოტანიკით განსაკუთრებით დაინტერესდა და ბოტანიკურ ბაღში მუშაობის გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღო, „ამ პერიოდში პრაქტიკულად განვიმტკიცე ის ცოდნა, რაც თეორიულად მივიღე უნივერსიტეტში. უფრო დაწვრილებით გავეცანი ტროპიკულ მცენარეებსა და მათი მოვლისა თუ გამრავლების წესებს, მცენარეების მოვლის პარალელურად, მათზე აწარმოებ დაკვირვებას და ეს ძალიან საინტერესოა. ბოტანიკურ ბაღში მუშაობამ უფრო დამაახლოვა ჩემს სამომავლო პროფესიასთან“– აღნიშნავს ანანო.

ყველაზე მეტად ანანოს საქართველოში შექმნილი ეკოლოგიური მდგომარეობა აწუხებს – „საქართველოში გარემოს დაცვა ჯერჯერობით ისევ მეორეხარისხოვანია და ბუნებრივი რესურსების მტაცებლური გამოყენების ხარჯზე ყველაზე მეტად ბუნება ზარალდება. ამჟამად იგეგმება „ბნელი ხევის“ საბადოზე ოქროს მოპოვებითი სამუშაოების ჩატარება. ძალიან დიდ ტერიტორიაზე იჩეხება ტყე და საფრთხე ემუქრება ფიტარეთის მონასტერს, რომელიც უნიკალურია საქართველოში თავისი ფრესკებით, არქიტექტურითა და ჩუქურთმებით. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება მოითხოვს მთელი საზოგადოების ერთიან ეკოლოგიურ აზროვნებას და ყველანაირად უნდა ვეცადოთ ამ კუთხით ვიმუშავოთ“.

მომავალი საქმიანობა ანანოს რამდენიმე კუთხით შეუძლია წარმართოს, ერთ-ერთი კი წყალმცენარეების შემსწავლელი მეცნიერება – ალგეოლოგიაა, რომლის სპეციალისტების საქართველოში დღესდღეობით არ გვყავს, „წყალმცენარეებს საკმაოდ ფართო გამოყენება აქვთ. გარდა იმისა, რომ მათი ნაწილი გამოიყენება საკვებად, სასუქად, იოდის მისაღებად, საფეიქრო მრეწველობაში და ა.შ., ისინი წყლის აუზებში ორგანული ნივთიერების მთავარ წარმომქმნელებს წარმოადგენენ. მაგალითად, ერთუჯრედიანი წყალმცენარე – ქლორელა თითქმის სრულად ითვისებს ადამიანისა და ცხოველის მიერ გამოყოფილ ნივთიერებებს. აქედან მიკროწყალმცენარეთა გამოყენება ბიორემედაციაში (ბიორემედიაცია გულისხმობს მიკროორგანიზმების საშუალებით გარემოს დამაბინძურებლების დაშლას) იწვევს მრავალი ორგანული დამბინძურებლის ბიოდეგრადაციას (დაშლას), წყალმცენარე „Portieria Hornemannii-ის“ კი ისეთი ტოქსიკური ნივთიერების დაშლაც კი შეუძლია, როგორიც ტროტილია. წყალმცენარეები ჯერ არ არის შესწავლილი ფუნდამენტურად და ესეც ამძაფრებს ჩემს ინტერესს“ – აღნიშნავს ის.

ანანო ასევე ამბობს, რომ, დღესდღეობით, ატომური ელექტროსადგურების მშენებლობების ფონზე, განსაკუთრებით იზრდება რადიაციული ეკოლოგიის საჭიროება, ამისთვის აუცილებელია ბირთვული ფიზიკის ცოდნა საკმაოდ მაღალ დონეზე და ჯერჯერობით უჭირს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, იქამდე კი, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების საკონსულტაციო კომპანია „შპს გერგილში“ მუშაობს და დირექტორის აღმასრულებელი თანაშემწეა. როგორც ვხედავთ, ანანო ცდილობს სტუდენტობის წლები რაც შეიძლება აქტიურად, პროდუქტიულად გამოიყენოს და მომავალში უფრო ეფექტურად შეძლოს საკუთარ სფეროში არსებული გამოწვევების მიღება და გამკლავება.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid