close
ისტორიარელიგია და მეცნიერება

როგორ აღვნიშნოთ ვალენტინობა და არის თუ არა ის ქრისტიანული დღესასწაული

ბოლო რამდენიმე წელია საზოგადოება 14 თებერვალს წმინდა ვალენტინის ხსენების დღეს აღნიშნავს.

რაც შეეხება თავად ვალენტინობის წარმომავლობას, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია და მრავალი ლეგენდა არსებობს.

ერთ-ერთის თანახმად, ეს დღესასწაული III ს-ში მცხოვრებ წმინდა ვალენტინს უკავშირდება.

14 თებერვალს ვალენტინობის დღესასწაულის აღნიშვნა საზოგადოებაში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. მიზეზი ხშირ შემთხვევაში ამ დღის შინაარსის არცოდნა და ხალხში გავრცელებული არასწორი ინფორმაციაა.

ზოგჯერ აგრესიულ უარყოფასაც ვაწყდებით, ამ დროს კი წმიდა ვალენტინი ქრისტიანული წმიდანია და ქრისტიანული შინაარსით მისი ხსენების აღნიშვნაში ცუდი არაფერია.

მღვდელ ალექსი ქშუტაშვილის განმარტებით, წმიდა ვალენტინი გახლდათ რეალურად ისტორიული პიროვნება, წმიდანი, რომელიც ცხოვრობდა მესამე საუკუნის შუა წლებში, ქალაქ ტერნისში, დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე. იყო ინტერამის ეპისკოპოსი. იგი 270 წელს მოწამეობრივად აღესრულა.

ვიცით, რომ 1054 წლამდე, სანამ კათოლიკური ეკლესია არ გამოეყო მართლმადიდებლურ ეკლესიას, ყველა წმიდანი, რომელიც მოღვაწეობდა დასავლეთ ევროპაში, ჩვეულებრივად მართლმადიდებელ წმიდანად მიიჩნევა. შესაბამისად, წმიდა ვალენტინი, რომლის ხსენებასაც დღეს უკვე კათოლიკური ეკლესია აღნიშნავს 14 თებერვალს, აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია კი – ძვ.სტილით 30 ივლისსა და ახ.სტილით 12 აგვისტოს, მართლმადიდებელი წმიდანია, ერთ-ერთი პირველთაგანი მოწამე მართლმადიდებელი ეკლესიისა. მას ვალენტინ იტალიელსაც უწოდებენ“.

რატომ დადგინდა წმიდა ვალენტინის ხსენების დღედ 14 თებერვალი

არსებობს ორი ვერსია. პირველი ის, რომ რეალურად წმიდანი მოწამეობრივად აღესრულა 270 წელს, 14 თებერვალს.
მეორე ვერსიით, მაშინ, როცა დასავლეთ ევროპის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდანის ხსენების დღედ 14 თებერვალი დააწესა, ამით სურდათ, ქრისტიანული შინაარსით ჩაენაცვლებინათ წარმართული დღესასწაულის – ლუპერკალების აღნიშვნა.

ცნობილია, რომ საუკუნეების განმავლობაში, რომის იმპერიაში 14 თებერვალს აღინიშნებოდა წარმართული დღესასწაული, რომელსაც ლუპერკალები ერქვა, ანუ მგლის ღვთაების დღესასწაული.
რომში იდგა მგლის ღვთაების წარმართული ტაძარი, სადაც ეწყობოდა რიტუალი: ამ დღეს ტაძარში იკვლებოდა ორი ცხოველი – თხა და ძაღლი. მათ ატყავებდნენ, მათი ტყავიდან კი ჭრიდნენ გარკვეულ მათრახებსა და ქამრებს.

ტაძარში შედიოდა ორო ქურუმი – შიშველი მამაკაცები. ისინი იმოსებოდნენ ამ ქამრებით, რა ტყავიც დარჩებოდათ, გამოვიდოდნენ გარეთ და ტაძრის გარშემო რიტუალურ სირბილს იწყებდნენ. ამ დროს ტაძართან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. სირბილის დროს ისინი ამ მათრახებს ხალხს ურტყამდნენ და განსაკუთრებით ქალები ცდილობდნენ, მათაც მოხვედროდათ. წარმართული წარმოდგენით, ვისაც ეს მათრახი მოხვდებოდა, მას ექნებოდა იღბალი სიყვარულში, ოჯახის შექმნაში, ბავშვების გაჩენაში… ანუ მგლის ღვთაების დღესასწაული დაკავშირებული იყო ნაყოფიერებასთან, სიყვარულთან…

14 თებერვალს ვალენტინობის დღის აღნიშვნით, წარმართი ქურუმების მოსმენის ნაცვლად, ხალხი ეკლესიაში მიდიოდა, ღვთისმსახურებას დაესწრებოდა და მართლმადიდებელი მღვდლების ქადაგებას ოჯახის, ქრისტიანული სიყვარულის, ბავშვების აღზრდის შესახებაც მოისმენდა.

ლეგენდა

ლეგენდის მიხედვით, ვალენტინი რომის ერთ-ერთ ციხეში სასჯელს ელოდებოდა, როცა ზედამხედველის უსინათლო ქალიშვილი შეუყვარდა და სასწაულებრივად განკურნა სიბრმავისგან.

მეორე ვერსიით, ეს დღესასწაული სხვა წმინდა ვალენტინს უკავშირდება, რომელიც მღვდელი იყო და იმპერატორ კლავდიუს II-ის დროს ცხოვრობდა. იმპერატორმა კლავდიუსმა რომაელ ჯარისკაცებს დაქორწინება აუკრძალა, რადგან მიაჩნდა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ, იმპერატორის ბრძანების მიუხედავად, მღვდელი ვალენტინი შეყვარებულ წყვილებს ფარულად სწერდა ჯვარს. ამის გამო იგი შეიპყრეს, 14 თებერვალს კი თავი მოჰკვეთეს.

წმინდა ვალენტინის სასიყვარულო ურთიერთობებთან კავშირს კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიის ისტორიკოსებიც უარყოფენ და მის წარმართულ წარმოშობაზე მიუთითებენ.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ 14 თებერვლის ვალენტინობას რომაული წარმართული ფესვები უნდა ჰქონდეს. არც თვით წმინდა ვალენტინის ცხოვრებაში მოიპოვება რაიმე ცნობა იმის თაობაზე, რომ იგი შეყვარებულთა მფარველი იყო (E.A. Livingstone, Oxford Eoncise Dictionary of the christian church, 2000 p.601).

მართლმადიდებელი ეკლესია 14 თებერვალს არ მოიხსენიებს ვალენტინის სახელით ცნობილ წმინდანს. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრმა ჯერ კიდევ 2001 წლის თებერვალში გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო: „14 თებერვლის „სიყვარულის დღესასწაულს“ შეცდომით უკავშირებენ კათოლიკური ეკლესიის წმინდანის სახელს: ეკლესიის ისტორია იცნობს რამდენიმე ვალენტინს, რომელთაგან არც ერთის ცხოვრება არ უკავშირდება სასიყვარულო ურთიერთობებს… 14 თებერვლის ვალენტინის დღესასწაულს წარმართული ფესვები აქვს. ამ დღეს ძველ რომში ქალღმერთ იუნონას დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რომელსაც რომაელები ქალებისა და ოჯახის მფარველად თვლიდნენ. 15 თებერვალს იმართებოდა ნაყოფიერების დღესასწაული ლუპერკალიები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 
გაზიარება:
fb-share-icon0