ქუთაისელი გეგა სოფრომაძე აგვისტოში იაპონიაში გლობალურ კონკურსში მონაწილეობისთვის მიემგზავრება. ვან გეგა ფინალურ ეტაპზე საკუთარ ნამუშევარს წარადგენს. ის მსოფლიოს მასშტაბით, 650 000 ნახატს შორის შეირჩა. პირველი შემთხვევაა, როდესაც “ტოიოტას” კონკურსის ფინალში ქართველი მხატვარი მოხვდა.
ასაკის მიუხედავად უკვე მოირგო დიდი მხატვრების სახელები. მეგობრები “პიკასოს” ეძახიან, ოჯახში კი “ვან გეგა” შეარქვეს. 7 წლის გეგა სოფრომაძე დედასთან, უმცროს დასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ქუთაისში, პატარა ბინაში ცხოვრობს. ფართის სიმცირის გამო, ხშირად ვერ ხატავს და ამიტომ საკუთარი ფანტაზია მხოლოდ კონტურის სახით გადააქვს ფურცელზე. მოგვიანებით, როდესაც შესაძლებლობა ეძლევა, აფერადებს და როგორც თავად ამბობს, ნახატს აცოცხლებს. ახლაც გაცოცხლების მოლოდინში ბევრი პერსონაჟია.
გეგა თავის წარმატებას და მიღწევებს დედას უმადლის. ამბობს, რომ მისი დამსახურებით და სიყვარულით მიაღწია ყველაფერს.
გეგას დღემდე 300-ზე მეტი ნამუშევარი აქვს შესრულებული, ბევრი მათგანი გაჩუქებული აქვს. ამბობს, რომ უყვარს სხვების გაღიმება და გახარება.
პატარა მხატვარს უკვე ორი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. გახლავთ კონკურს „სიზმარას“ ჟიურის რჩეული. ასევე „ნესქვიკის“ გამარჯვებული. მისი ერთ-ერთი ნახატი გახდა კომპანია „სნოს“ ფავორიტი, განთავსდა „სნოს“ ეტიკეტზე და მიიწვიეს საპატიო ვიზიტით „სნოს“ საწარმოში. შემდეგ ქართული ღვინის პალატამ შეიძინა გეგას ნამუშევარი „ღვინო და ადამიანი“ და დღეს მათ მუზეუმშია განთავსებული.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გეგა თვითნასწავლი მხატვარია.
გაზიარება: