close
მედიცინა

თვალის ბადურაში მიძინებულ უჯრედთა გააქტიურებით შეიძლება დაკარგული მხედველობა აღდგეს

თვალის ბადურის დეგენერაციული დაავადება მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს; ვითარდება მაშინ, როდესაც თვალის უკანა მხარეს მოთავსებული სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედები, სახელად ფოტორეცეპტორები კვდება და მათი ჩანაცვლება შეუძლებელია. ახალი კვლევის წყალობით, ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება არც ისე შორს იყოს.

კანადელმა მეცნიერებმა მიაგნეს გზას, როგორ გარდაქმნან მიძინებული მხარდამჭერი ნეირონები, სახელად მიულერის გლიური უჯრედები ისეთ ქსოვილებად, რომლებიც თვალის ბადურის კოლბის ფოტორეცეპტორების მსგავსად მოქმედებენ; ეს უკანასკნელები კი საჭიროა ფერის აღქმისა და მხედველობის სიმკვეთრისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მხოლოდ თაგვის უჯრედებზე გატესტეს, თანდათანობით შეიძლება გადაიქცეს თერაპიად, რომელიც ადამიანებს მხედველობას აღუდგენს.

ნაწილობრივი მიზეზი იმისა, თუ რატომ აირჩიეს კვლევისთვის მიულერის გლიური უჯრედები, არის მათი უნარი, რომ გადაპროგრამდნენ ზოგიერთ ცხოველში. სამწუხაროდ, ადამიანებში ამ უჯრედებს ეს არ შეუძლიათ.

„საინტერესოა, რომ თევზებში მიულერის გლიური უჯრედები რეაქტიულია და თვალის ბადურას აღადგენენ. თუმცა, ძუძუმწოვრებში, მათ შორის ადამიანებშიც, ისინი ამას არ აკეთებენ არც დაზიანების და არც დაავადების შემდეგ. ბოლომდე არ ვიცით, რატომ“, – ამბობს კვლევის ავტორი, მონრეალის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი კამილ ბუდრო-პინსონო.

ამ კვლევაში საკვანძო იყო ორი გენი – Ikzf1 და Ikzf4 და მათ მიერ წარმოებული ცილები. ამ ცილებს დროებით იდენტიფიცირების ფაქტორებს უწოდებენ და ცნობილია, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა ტიპის უჯრედების განვითარებაში.

მიულერის გლიური უჯრედები ჯერ გამოყვეს და მოახდინეს მათი კულტივირება, შემდეგ კი სხვადასხვა დროებითი იდენტიფიცირების ფაქტორის გამოყენებით გადააპროგრამეს, მათ შორის Ikzf1-ის და Ikzf4-ის საშუალებით. ამ ფაქტორებმა გლიური უჯრედები ბადურის კონუსის უჯრედებად სრულად ვერ გარდაქმნა, მაგრამ მისცა ზოგიერთი ისეთი აუცილებელი მახასიათებელი, რომელიც ფოტორეცეპტორების მსგავსად ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ გლიური უჯრედები ხელს უწყობენ თვალის სხვა უჯრედების კვებას, რეგულირებას და ორგანიზებას, მკვლევართა განცხადებით, ამ დამხმარე უჯრედთა ჭარბი რაოდენობა საკმარისია, რომ გარკვეული ნაწილი გარდაიქმნას ფოტორეცეპტორის მსგავს უჯრედებად, რომლებიც გადამწყვეტია სინათლის დასანახად და ფერების გასარჩევად.

ჯერ ძალიან ადრეული ეტაპია, მაგრამ ეს პროცესი შეიძლება თანდათან ისე დაიხვეწოს, რომ ადამიანებშიც იმუშაოს, ყოველგვარი ახალი უჯრედების გადანერგვის გარეშე. ამას გარდა, კვლევის შედეგები ასევე შეიძლება გამოსადეგი იყოს თავის ტვინის დაავადებათა სამკურნალოდ – დაზიანებული ნეირონები ჩავანაცვლოთ გადაპროგრამებული სხვა ტიპის უჯრედებით.

წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ დასაწყისი საკმაოდ იმედის მომცემია. ამის შემდეგ, ჯგუფს სურს, რომ უფრო ახლოს შეისწავლოს ამ უჯრედთა გარდაქმნაში ჩართული მექანიზმი და გამოავლინოს გზები, რომლითაც ის უფრო ეფექტიანი შეიძლება გახდეს.

წყარო: 1tv.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0