78 წლის ასაკში გარდაიცვალა კაცი, რომელიც 6 წლიდან „რკინის ფილტვების“ დახმარებით სუნთქავდა. პოლ ალექსანდერს პოლიომიელიტი 1952 წელს შეეყარა. ალექსანდერი დაავადებამ კისერს ქვევით პარალიზებული დატოვა და დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეეძლო.
იმისათვის, რომ ბიჭს ეცოცხლა, ექიმებმა ის მეტალის ცილინდრში მოათავსეს, რომელიც უარყოფითი წნევის დახმარებით პოლიომიელიტის მქონე ადამიანებს სუნთქვას უადვილებდა. პოლ ალექსანდერს მთელი ცხოვრების გატარება ამ მოწყობილობაში მოუწია, რომელსაც „რკინის ფილტვებსაც“ უწოდებენ. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, გამხდარიყო პრაქტიკოსი იურისტი და გამოეცა მემუარები.
როგორც BBC წერს, წლების შემდეგ პოლ ალექსანდერმა დამოუკიდებლად სუნთქვა ისწავლა, თუმცა მოწყობილობის დატოვება მხოლოდ დროის მოკლე პერიოდებში შეეძლო. 1950-იან წლებში პოლიომიელიტის ვაქცინის გამოგონებამდე „რკინის ფილტვების“ გამოყენება დამკვიდრებული პრაქტიკა იყო, თუმცა პაციენტების სიცოცხლის დიდი ხნით შენარჩუნებას ექიმები ვერ ახერხებდნენ.
გამოცემა წერს, რომ მოგვიანებით, 1960-იანი წლებიდან, „რკინის ფილტვები“ სუნთქვის უფრო პორტატიულმა მოწყობილობებმა ჩაანაცვლა, თუმცა პოლ ალექსანდერმა მოწყობილობის შეცვლაზე უარი თქვა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში პოლიომიელიტის შემთხვევები 1988 წლის შემდეგ 99%-ით შემცირდა, რაც ვაქცინაციის დამსახურებაა. WHO აღნიშნავს რომ პოლიომიელიტის ვაქცინით, დაახლოებით მილიონ-ნახევარი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა მოხერდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”