უახლოეს მომავალში მანჰეტენზე კიდევ ერთი ცათამბჯენი აღიმართება, რომელიც თავისი აგებულებით მსოფლიოში უნიკალური იქნება. ბერძენმა არქიტექტორმა – იოანის ოიკონომუმ – უცნაური, ამობრუნებული U-ს ფორმის შენობის პროექტი შეიმუშავა, რომლის ორივე ტოტის ჯამური სიმაღლეც 1 200 მეტრზე მეტი იქნება.
პროექტის სახელია „ბიგ ბენდი“ და მასში განლაგდება ლიფტები, რომლებიც ვერტიკალურის გარდა, ჰორიზონტალური მიმართულებითაც იმოძრავებს. ამ ეტაპზე პროექტი ჯერ მხოლოდ იდეის სახით არსებობს და მას ინვესტორი არ ჰყავს. შესაბამისად, ნიუ-იორკში მისი მშენებლობის საკითხიც გადაწყვეტილი არ არის.
დღესდღეობით ნიუ-იორკში ყველაზე მაღალი შენობაა სავაჭრო ცენტრი „ვან უორლდი“ (მისი მშენებლობა 2014 წელს დასრულდა), რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპების ადგილზე აშენდა. ცათამბჯენის სიმაღლე 541 მეტრია. ეს არის შეერთებულ შტატებში უმაღლესი ცათამბჯენი. მეორე ყველაზე მაღალი ცათამბჯენია „პარკ ავენიუ“ (2015 წელი), რომლის უმაღლესი წერტილიც 432 მეტრის სიმაღლეზეა. იმავდროულად, ეს არის მსოფლიოში უმაღლესი საცხოვრებელი შენობა. 2019 წელს უნდა დასრულდეს „სენტრალ პარკ ტაუერის“ მშენებლობა, რომლის საპროექტო სიმაღლეც 472 მეტრია.
წყარო: Hbr.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”