დროთა განმავლობაში ადამიანის ბუნებრივი გარემო გარდაიქმნა, ეს შეუქცევად პროცესად იქცა და კვლავაც გრძელდება. მწვავე პრობლემად რჩება ტყეების გაკაფვა, რომლის შედეგადაც ირღვევა ეკოსისტემები, ნადგურდება ქარსაცავი ზონები და, ზოგადად, ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი. ეს, ჩვეულებრივ, წინაპირობაა როგორც სტიქიური უბედურებებისა, აგრეთვე, სხვადასხვა უარყოფითი ფაქტორის გამოწვევისა. ატმოსფერული დაბინძურების მთავარი „შემოქმედნი“, როგორც წესი, ადამიანები არიან. ჯანსაღი ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად მათი გაერთიანება და ტყის ხელოვნურად აღდგენა გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესია. სწორედ ამისთვის შეიქმნა სტარტაპი „თრიფექსი“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის გაერთიანებას უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. კომპანიის დამფუძნებლები არიან ბაჩო ხაჩიძე და ლაშა კვანტალიანი.
„თრიფექსი“ მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპია. როგორც ფიზიკურ პირებს, აგრეთვე, ბიზნესკომპანიებს შეუძლიათ შეიძინონ ხე სპეციალური აპლიკაციით. ფიზიკურ პირებს ეძლევათ საშუალება, რომ გაახარონ საყვარელი ადამიანები, დაარქვან ხეს სახელი, ხოლო კომპანიებისთვის არაჩვეულებრივი გზაა სოციალური პასუხისმგებლობის დასაფიქსირებლად. ხის ფასია 10 ლარი. შეკვეთის შემდეგ რეინჯერები დარგავენ ხეებს. აპლიკაციით შეგიძლიათ ნახოთ ხის გეოგრაფიული მდებარეობა, ფოტო და კოორდინატები, დააკვირდეთ როგორ იზრდება ხე, რამდენი ჟაგბადი გამოიმუშავა და რამდენი ნახშირორჟანგი შთანთქა.
„აღნიშნულ სტარტაპზე მუშაობა დავიწყეთ წელიწად-ნახევრის წინ. ამ პერიოდში კონცეფცია რამდენჯერმე შეიცვალა, დაიხვეწა და დღეს გვაქვს „თრიფექსი“ამ სახით. ეს არის გლობალური პროექტი და სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე ხეების დარგვას. ამჟამად დაწყებულია ბორჯომის ტერიტორიის სრული აღდგენა, ჩვენი პარტნიორები არიან ბიზნეს საინფორმაციიო სააგენტო (ბია) და ეროვნული სატყეო სააგენტო. უკვე დაირგო 25000-მდე ხე და ეს რიცხვი მზარდია. ჩართულია 150-მდე კომპანია. გვსურს, რომ მცირე დროში დავრგოთ 750000 ხე“ – აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი – ბაჩო ხაჩიძე.
ამ ეტაპზე კომპანიამ გადაწყვიტა, გააერთიანოს საზოგადოება ბორჯომის ტყის გადასარჩენად. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა მაღალი ეკოლოგიური ღირებულების წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარული 950 ჰექტარი ტყის მასივი. კამპანიის მთავარი მიზანია, რომ სრულიად აღადგინოს ბორჯომის ტყე, ამისთვის კი თითოეული ადამიანის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. საზოგადოებას ხის დარგვა შეუძლია ვებგვერდ aghadgine.ge-ის საშუალებით.
„როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის გლობალური პროექტი, შესაბამისად, გვინდა, რომ გავცდეთ საზღვრებს. სამომავლოდ გადავალთ ნიუ-იორკში, რათა განვავითაროთ კომპანია და ჩავრთოთ მეტი ადამიანი“ – აღნიშნავს ბაჩო ხაჩიძე.
რაც შეეხება ხის სახეობებს, ამ მიმართულებით ჩართულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. ამჟამად ბორჯომის ტერიტორიაზე ირგვება შემდეგი სახეობის ხეები: მაღალმთის მუხა, კავკასიური ფიჭვი, მაღალმთისა და მინდვრის ნეკერჩხლები. „დოქტრინა“ მოგიწოდებთ, რომ შეუერთდეთ აღნიშნულ პროექტს ბორჯომის ტყის გადასარჩენად.
მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”