“VRZ:Torment-ი“ ქართული თამაშია ვირტუალურ რეალობაში, რომელიც ცოტა ხნის წინ თამაშების საერთაშორისო სადისტრიბუციო პლატფორმაზე –,,Steam-ზეც“ გახდა ხელმისაწვდომი და დღეს უკვე საკმაოდ ბევრი ერთგული მოთამაშე ჰყავს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ჩვენ აღნიშნული VRთამაშის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელსა და დირექტორს – ირაკლი ქოქრაშვილს გავესაუბრეთ.
კომპანიამ ,,VRZ Torment-ზე“ მუშაობა გასულ წელს დაიწყო და თავდაპირველად მხოლოდ სამუშაოთი გადაღლილი გუნდის წევრების განტვირთვის საშუალებას წარმოადგენდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თამაში საკმაოდ სახალისო გამოდგა, გადაწყვიტეს თამაშების მსოფლიოში ყველაზე დიდი სადისტრიბუციო პლატფორმისთვის შეეთავაზებინათ, დადებითმა პასუხმაც არ დააყოვნა და მალე მისი შეძენა ,,Steam-ზეც“ გახდა ხელმისაწვდომი.
თამაში არის ე.წ. Sandbox-ის ტიპის და მასში მთავარია არა მიზანი, არამედ თუ რა გზით მიაღწევს მოთამაშე მიზნამდე, როგორც ირაკლი აღნიშნავს, ინტერნეტში უკვე მრავალი ვიდეოა გავრცელებული იმის შესახებ, თუ როგორ გადიან VRZ-ს მოთამაშეები და მათ მიერ შერჩეული პრობლემის გადაწყვეტის ხერხი მაინც ყოველთვის საინტერესოა.
ტრადიციულად, თამაშის მიმდინარე ვერსიაშიც წარმოდგენლია ე.წ. გეიმერებისთვის საყვარელი 20-მდე სახეობის კლასიკური თუ სხვა ტიპის საბრძოლო იარაღი. მოთამაშეს შეუძლია მოწინააღმდეგე გაყინოს ან სახიფათო ზონაში მიიტყუოს სპეციალური ბიოლოგიური ყუმბარის გამოყენებით. აგრეთვე, ჩვეულებრივი “Story“ რეჟიმის გარდა VRZ-ში არის ე.წ. არკადა რეჟიმიც, სადაც მოთამაშემ მაქსიმალურად დიდხანს უნდა გაუძლოს მოწინააღმდეგეების შემოტევებს. ასევე, მასში განთავსებულია იარაღების პოლიგონიც, სადაც შესაძლებელია იარაღების დატესტვა და ისეთი მინითამაშების თამაში, როგორიცაა, მაგალითად, იხვებზე ნადირობა.
ვირტუალური რეალობის თამაშებში დღემდე პრობლემად რჩება ე.წ. ლოკომოუშენი, რაც გულისხმობს ვირტუალურ სამყაროში დიდ მანძილზე გადაადგილებას, იმ ვითარებაში, როცა რეალურად ადგილზე ვდგავართ ან შეზღუდულ არეალში გვიწევს მოძრაობა, გუნდმა ამ შემთხვევაშიც საკუთარი გზა აირჩია აღნიშნავს ირაკლი – ,,ჩვენი თამაში მხარს უჭერს ლოკომოუშენის 6 სხვადასხვა მეთოდს, ყველაზე გავრცელებული „ტელეპორტის“ მეთოდიდან დაწყებული, ჩვენ მიერ გამოგონილი ,,Click-n-point-ის“ მეთოდით დასრულებული, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ მეთოდის საშუალებით მოთამაშეს შეუძლია მიუთითოს მიმართულება და ვირტუალური პერსონაჟიც მოთამაშის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ნელი და თანაბარი ტემპით გადაადგილდება მიზნისაკენ, რაც განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ მიუჩვეველია ვირტუალურ რეალობაში თამაშს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მომხმარებელი ამ მეთოდის VR-ის ლოკომოუშენის სტანდარტად დანერგვასაც კი ითხოვდა“.
,,VRZ:Torment-მდე“ კომპანიამ შექმნა რამდენიმე არაკომერციული, თუმცა საკმაოდ წარმატებული VRპროექტი, მაგალითად, წლინახევრის წინ გუნდმა მონაწილეობა მიიღო ,,Leap Motion-ის“ 3D Jam-ში, სადაც მსოფლიოს 1900-ზე მეტი დეველოპერი და სტუდია მონაწილეობდა, მათ აქ მეორე ადგილი მოიპოვეს თამაშით – ,,Warlock VR-ი”, მოგვიანებით კი, ამ თამაშის ქსელური ვერსიაც გაავრცელეს სახელწოდებით – “Warlock Battle“.
გუნდი ასევე ქმნის მობილურ თამაშებსაც და მათ უკვე აქვთ 30-ზე მეტი მსგავსი ფორმატის თამაშის ვერსიაც, მაგალითად, მათი ერთ-ერთი უახლესი მობილური და PCთამაშია – “Pixel Fury 3D“, რომელსაც უკვე ჰყავს მილიონობით მომხმარებელი. მაგრამ მათი პროდუქტი, ობიექტური მიზეზების გამო, საქართველოს ფარგლებს გარეთ უფროა ცნობილი, ვიდრე საქართველოში და კომერციული თვალსაზრისითაც უცხოური ბაზარი უფროა აქტიური ვიდრე ჩვენი, ირაკლი არსებული მდგომარეობის შესახებაც გვესაუბრა –,,ჯერჯერობით მსოფლიოშიც სულ 10 მილიონამდე მომხმარებელია, რომელსაც პირადად გააჩნია VRმოწყობილობები, რაც გაცილებით უმნიშვნელო რაოდენობაა PC და Console-ის მომხმარებლებთან შედარებით. ამიტომ, ძირითადი კომერციული შემოსავალი VRთამაშების მწარმოებლებისთვის არის ,,VR Arcade-ის“ ცენტრები, რომლებიც სოკოებივით მრავლდება აზიაში, ევროპასა და ამერიკაში. ჩვენდა სასიხარულოდ, საქართველოშიც ბოლო წლებში უკვე გაიხსნა რამდენიმე მსგავსი ტიპის დაწესებულება, მათ შორისაა – ,,VR House-იც“.
საქართველოში VRთამაშის სფეროში კონკურენცია ნაკლებადაა, რადგან თამაშების 99% საერთაშორისო ბაზრისთვის იქმნება, თუმცა ქართული თამაშების ინდუსტრიის ყველაზე დიდი პრობლემად ირაკლი კვალიფიციური კადრების დეფიციტს ასახელებს და იმედოვნებს, რომ მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ შეიცვლება.
დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ თამაშის ოფიციალურ ტრეილერს:
თამაშის საიტი:
თამაშის ბმული Steam-ზე:
http://store.steampowered.com/app/484350/VRZ_Torment
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოტრინა”