close
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართული პლატფორმა, სადაც სასურველი ნივთების გაჩუქებასა და უსასყიდლოდ მიღებას შეძლებთ

15 მაისს დაიწყო ფუნქციონირება ინოვაციურმა ქართულმა ვებგევრდმა –,,Fulwish.com-ი“, ის საშუალებას გვაძლევს გავაჩუქოთ ნივთები, რომლებიც აღარ გვესაჭიროება და მსგავსადვე, თავადაც შევძლოთ სხვა მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული ნივთებიდან სასურველის შერჩევა. პლატფორმა საკმაოდ ორიგინალურია და მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება, მის შესახებ იდეის ერთ-ერთ ავტორს -გიორგი გოგუაძეს გავესაუბრეთ.

ალბათ ყველას გვაქვს ნივთები, რომლებსაც აღარ ვიყენებთ, მაგრამ გადასაყრელად გვენანება და გულმოდგინედ ვინახავთ თვალისგან დამალულ ადგილას, მაშინ როცა შესაძლოა ისინი სხვისთვის ძალიან სასურველიც კი აღმოჩნდეს.„Fulwish.com-ი” ინგლისურენოვანია და მომავალში გაცილებით უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ვებგვერდის გამოყენება ძალიან მარტივია – თქვენ უღებთ ფოტოს ნივთს, რომლის გაცემაც გსურთ და ტვირთავთ ვებგვერდზე, მსურველები კი მარტივად გიკავშირდებიან და თანხმდებით შეხვედრის დროსა და ადგილზე. ასევე, სურვილის შემთხვევაში თავადაც შეგიძლიათ სხვა მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული ნივთებიდან შეარჩიოთ სასურველი, მისწეროთ მფლობელს და დაელოდოთ გამოხმაურებას.

იდეის ავტორები გიორგი გოგუაძე და გიგა მეხრიშვილი არიან, როგორც გიორგი აღნიშნავს, კარგი იდეები ყველას მოგვდის, მთავარია გაგვაჩნდეს საიმისო გამბედაობა, რომ იდეა რეალობად ვაქციოთ – ,,ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს პროექტი გაამართლებდა, რამდენიმე საგრანტო პროგრამაშიც მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა უშედეგოდ, მაგრამ ჩვენ იმდენად ბევრ დადებით რაღაცას ვხედავდით ამ საქმეში, რომ ვარჩიეთ მაინც გაგვერისკა და ჩვენი დრო, ენერგია და ფული ამ საქმისთვის მოგვეხმარა“.

საიტი, უპირველეს ყოვლისა, საშუალებას მოგცემთ გამოემშვიდობოთ წარსულსა და ისეთ ნივთებს, რომლებიც აღარ გჭირდებათ და  ტყუილად იკავებს ადგილს არა მარტო თქვენს საცხოვრებელში, არამედ თქვენს გონებაშიც კი.  ამავე დროს, სასიამოვნოა, როცა შესაძლებელია ამ მარტივი ქცევით სხვას ბედნიერება მიანიჭო, მაგრამ მხოლოდ ეს როდია, მეგობრების იდეას გაცილებით უფრო დიდი პრობლემაც დაედო საფუძვლად.

გლობალურად, რომ შევხედოთ მსოფლიოში, 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ეს რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. შესაბამისად, ამდენი წარმოება და ჭარბი მოხმარება, ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენს პლანეტას. ,,ვცდებით თუ გვგონია, რომ თუ, მაგალითად, ამაზონის ტყე იჩეხება, ეს ჩვენთვის ზიანის მომტანი არ არის, ვცდებით, რადგან დედამიწაზე ყველაფერი ურთიეთდაკავშირებულია და ჟანგბადის 20% სწორედ ტროპიკული ტყეებიდან მოდის. ჩვენ მიერ გადაგდებული ნაგვით კი ოკეანეები იწამლება. პროდუქციის ჭარბად მოხმარების შედეგად ათასობით ტონა ქიმიკატი ჩაედინება მდინარეებში. ვფიქრობ, რომ ჩვენი, როგორც კაცობრიობის, ვალია უფრო გააზრებულად ვიცხოვროთ. უფრო გააზრებულად ცხოვრება კი,  ნიშნავს რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და უაზრო მომხმარებლობის სინდრომისგან თავის დაღწევას. ამასთან ერთად, ეს მოტივაციას გვაძლევს დავფიქრდეთ, როცა რამეს ვყიდულობთ, მართლა გვჭირდება ეს ნივთი თუ ლამაზი რეკლამით ვართ გაბრუებული ან უბრალოდ მოგვწონს,“ -აღნიშნავს გიორგი.

აღსანიშნავია, რომ საიტს უცხოერი ანალოგი არ აქვს, მეგობრებმა მოიძიეს ინფორმაცია მსგავსი პლატფორმების შესახებ, რომლებიც რამდენამდე მიახლოებული არიან ,,Fulwish.com-თან“, თუმცა საბოლოო ჯამში ვერცერთმა მათგანმა ვერ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები, მათ სურდათ, რომ ვებგვერდი მაქსიმალურად მარტივი და გასაგები ყოფილიყო, ზედმეტი ინფორმაციისა და ვიზუალური დატვირთვის გარეშე, რასაც მიაღწიეს კიდევაც. სამომავლოდ პლატფორმა კიდევ უფრო დაიხვეწება და მეგობრებს იმედი აქვთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოუერთდება მათ სახალისო და ძალიან პრაქტიკულ ინიციატივას.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld