close
ფსიქოლოგია

რა ურთიერთკავშირია მოლოდინსა და რეალობას შორის?

მოახლოვდა საპასუხისმგებლო კონფერენცია, ან ამაღელვებელი ბანკეტი? წინასწარ წარმოიდგენთ სიტუაციას რომელიც გელით, ითვალისწინებთ სხვადასხვა დეტალს და წარმოდგენილ ფანტაზიებში წინასწარ გაათამაშეთ რამდენიმეჯერ თუ როგორ კითხულობთ კონფერენციის თემას, ან ისვრით თქვენსავე ქორწილში საპატარძლო თაიგულს? წინასწარი სამზადისი გვეხმარება შედარებით ორგანიზებულად ჩაიაროს ამა თუ იმ დღემ, თუმცა მაინც გაწუხებთ შფოთვა. ეს იმ მოლოდინის გამო ჩნდება, რომელიც შეუცნობელზე ღელავს – მართლაც, ის, რასაც წარმოვიდგენთ, ჯერ შეუცნობელია და მხოლოდ ჩვენს ფანტაზიაში შეიძლება არსებობდეს, სანამ არ დადგება ის დრო, როდესაც ეს წარმოდგენა რეალობად იქცევა. ჩვენი მოლოდინები განსხვავებულია – წარმოდგენა მომავალზე შესაძლოა იყოს პოზიტიური, როდესაც ახალი ოჯახი იქმნება და ნეგატიური, როდესაც გაბრაზებული ხელმძღვანელის კაბინეტში შევდივართ. თუმცა ყოველთვის მართლდება მოლოდინები? შესაძლოა ადამიანი, რომელიც ქორწინების შემდგომ მხოლოდ სრულყოფილ ბედნიერ ცხოვრებას წარმოიდგენს ნაწილობრივ ცდებოდეს მისი გაზვიადების გამო, განა არსებობს ცხოვრება სირთულეების და სიახლეების გარეშე? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე თანაცხოვრებას, ორი ან მეტი ადამიანის სურვილებს, მოლოდინებსა და ფანტაზიებს ეხება. ყველა ადამიანისთვის ხომ ერთნაირი არ არის წარმოსახვითი ხატები და მოლოდინები იდილიის შესახებ. ასევე შესაძლოა გაბრაზებული უფროსის რისხვა სულაც არ იყოს თქვენით გამოწვეული და თქვენ მიმართ მან მადლიერებაც გამოხატოს გაწეული სამსახურის გამო. ასევე შესაძლოა გავთვალოთ ზუსტად თუ რას რის მერე ვიტყვით საჯარო გამოსვლისას, თუმცა ვერ გავთვალოთ წინასწარ თუ როგორი უხერხული სატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს სპეციალურად ამ კონფერენციისთვის ნაყიდი ახალი ფეხსაცმელი. ცხოვრებისეული მოულოდნელობები შესაძლოა სასიამოვნოც აღმოჩნდეს – მაგალითად, დაგაგვიანდათ მიგესწროთ ტრანსპორტისთვის და ელოდებით შემდგომს, ამის წყალობით კი დიდი ხნის უნახავი მეგობარი უეცრად შეგხვდეთ გაჩერებასთან. ყოველთვის არსებობს ჩვენს წარმოდგენასა და რეალობას შორის მცირედი განსხვავება მაინც, ვინაიდან ფსიქიკა წარსული გამოცდილების მიხედვით ადგენს მომავლის ხატებს. ამიტომ უნდა იყოთ მზად მოულოდნელობისათვის. სამყარო არ შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულება განსაზღვრავს თუ როგორ დავინახავთ მას. თუ საოცრად ნათელ ფერებში წარმოიდგენთ მომავალს, შესაძლოა უმცირესმა, უმნიშვნელო, ცვლილებამაც გაგრძნობინოთ იმედგაცრუბა, ხოლო უარყოფითის მოლოდინი ხელს შეგიშლით შეამჩნიოთ პოზიტიური წვრილმანები. როგორიც არ უნდა იყოს, თქვენი მომავალი მასში მოინახება როგორც კარგი, ასევე ცოტაოდენი უსიამოვნო შემთხვევითობებიც, დაზღვეული ხომ არაფრისაგან ვართ. თქვენ შეგიძლიათ ცოტაოდენი წინასწარი დაგეგმვით შეემზადოთ ამ მომავლისათვის, თუმცა მთავარია არ გაგვექცეს აწმყო, ,,აქ და ამჟამად” პრინციპით მოვახერხოთ ახლანდელ დროში ცხოვრება. გეშტალტმიმდინარეობის მიხედვით, მთავარია, მოვახერხოთ აწმყოს აღქმა და აწმყოში ცხოვრება. ეს კი ნიშნავს თვალი გავუსწოროთ ამჟამინდელ ჩვენს მდგომარეობას, თუ ის უსიამოვნოა ვიპოვოთ მასში სწორედ ადაპტირების გზები, ხოლო თუ სასიამოვნოა დავტკბეთ. წარსული არის განვლილზე მოგონებები, მომავალი ჯერ არ შემდგარი სცენარი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ არ ვიცით თუ ზუსტად როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ჩვენ გვაქვს მხოლოდ დღევანდელი დღე.

 

მასალა მოამზადა:  სალომე ბოსტოღანაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld