close
ასტრონომია - კოსმოსიფიზიკა

ფარდობითობის თეორია ვარსკვლავების გაზომვის შესაძლებლობას იძლევა   

ასტრონომებმა ალბერტ აინშტაინის საუკუნოვანი ფარდობითობის თეორია ვარსკვლავების ზომის დასადგენად გამოიყენეს.

მეცნიერებმა ოთხშაბათს გამოქვეყნებულ კვლევაში განაცხადეს, რომ მათ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გამოყენეს, რათა შორეულ ფონზე მდებარე ვარსკვლავიდან მომავალ სინათლეში წუთიერი ცვლილება დაეფიქსირებინათ, როცა მას შედარებით ახლოს მდგომი ვარსკვლავი -Stein 2051B გადაკვეთდა.

მკვლევარებმა აინშტაინის დასკვნები გამოიყენეს იმის გასაზომად, თუ როგორ ამრუდებდა Stein 2051B-ის სიმძიმის ძალა ფონის ვარსკვლავის სინათლეს, ფენომენი, რომელსაც ფიზიკოსი 100 წელზე მეტი ხნის წინ პროგნოზირებდა და რომელიც პირდაპირი საშუალებაა მისი მასის დასადგენად.

კვლევის პრეზენტაცია ოსტინში, American Astronomical Society-ზე გაიმართა და სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

გაზომვებმა აჩვენა, რომ Stein 2051B-ის მასა დედამიზის მზის სისტემაში მდებარე მზის მასის დაახლოებით ორი მესამედია.

ამ დრომდე, მეცნიერები სტეინ 2051 B-ს მასისა და შემადგენლობის განსაზღვრას ვერ ახერხებდნენ. თითქმის საუკუნეზე მეტია მიიჩნეოდა, რომ ამ ვარსკვლავს — რომელიც მზესთან მეექვსე ყველაზე ახლომდებარე თეთრი ჯუჯაა — ჰქონდა უჩვეულო შემადგენლობა, დაბალი მასა და რკინის ბირთვი.

მაგრამ ახალი აღმოჩენის შედეგად დადგინდა, რომ იდუმალებით მოცული სტეინ 2051 B სინამდვილეში სხვა თეთრ ჯუჯებს ჰგავს, აქვს შედარებით მაღალი მასა და ნახშირბად-ჟანგბადის ბირთვი.

თეთრი ჯუჯა ეს არის ვარსკვლავური ნარჩენი, რომელიც უმეტესად ელექტრონგადაგვარებული მატერიისგან შედგება. მისი მკრთალი ნათება მოდის თერმული ენერგიის მარაგის გამოსხივებიდან. სავარაუდოდ, გალაქტიკის ვარსკვლავთა 97% ან თეთრი ჯუჯაა, ან ამ ტიპის ობიექტად გადაქცევის პროცესშია. თეთრი ჯუჯა წარმოადგენს ვარსკვლავის ევოლუციური გზის დასასრულს, რაც კოსმოსის წარსულისა და მომავლის კარგ სურათს გვთავაზობს.

„ვარსკვლავის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის მისი მასა, თუ ჩვენ ვიცით მასა, ჩვენ ვიცით, რა რადიუსი იქნება, რამდენად ნათელი იქნება, რამდენი ხანი იცხოვრებს, რა მოხდება მას შემდეგ რაც დაიღუპება, ყველაფერი დამოკიდებულია ვარსკვლავის მასაზე”, განაცხადა აშშ-ის კოსმოსურ ტელესკოპთა ინსტიტუტის უფროსი მკვლევარმა კაილა ჩანდრა საჰუმ.

მეცნიერებმა არაპირდაპირი მეთოდით, რომელიც მოითხოვს რომ ვარსკვლავს ორბიტაზე მოძრავი პარტნიორი ჰყავდეს,  სამი სხვა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის მასაც განსაზღვრეს.

ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ძირითადი ტესტი სინათლის გამრუდება იყო. აინშტაინის მიერ შემოთავაზებული სინათლის გამრუდების შემოწმება პირველად 1919 წელს სცადეს, მზის სრული დაბნელებისას, როდესაც სიბნელეში შესაძლებელი გახდა მზის უკან მდებარე ჰიადების ვარსკვლავთგროვის შუქის დაფიქსირება.

დაბნელებისას, მზის გრავიტაციული ველის გადაკვეთის შემდეგ გაზომილი ვარსკვლავის შუქი თანხვედრაში მოვიდა აინშტაინის პროგნოზთან და შესაბამისად, ზოგადი ფარდობითობის პირველ მტკიცებულებად იქცა.

საჰუ და კოლეგები პირველები არიან, რომლებიც მზის მიღმა მყოფი ვარსკვლავის ფენომენს დააკვირდნენ.

 

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld