საქართველოში ინოვაციური სამედიცინო პლატფორმა შეიქმნა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ კონსულტაცია პროფესიონალი ექიმებისგან და უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართების შემთხვევაში ისარგებლოთ გარკვეული ფასდაკლებითაც. სტარტაპის შესახებ კომპანიის დირექტორი – გიორგი ჩიქოვანი გაგვესაუბრა.
ონლაინკლინიკის შექმნის იდეა 2016 წელს არჩილ შველიძეს გაუჩნდა და გადაწყვიტა ,,სტარტაპ საქართველოში“ მიეღო მონაწილეობა. კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა, რაც როგორც გიორგი აღნიშნავს, საკმაოდ რთული და ამავე დროს, საინტერესოც იყო. პროექტში სულ 700-მდე აპლიკანტი მონაწილეობდა, რომელთაგანაც შეირჩა 35 გამარჯვებული პროექტი, მათ შორის ერთ-ერთია ,,ონლაინ კლინიკაც“.
„ონლაინ კლინიკა“ არის თანამედროვე ადამიანის ყველაზე მოსახერხებელი სივრცე ინტერნეტში, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სახლიდან გაუსვლელად გააკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა. მსურველებს, მთელი კვირის განმავლობაში, 24 საათის მანძილზე, შეუძლიათ, სატელეფონო ზარის ან სკაიპის საშუალებით, მიიღონ ონლაინკონსულტაცია ლიცენზირებული და პრაქტიკოსი ექიმებისგან.
კლინიკის ექიმებისთვის შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მათ მუდმივი წვდომა აქვთ ბაზებთან და გასცემენ ელექტრონულ მიმართვებსა და რეცეპტებს. „ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმები საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს შესაბამის პროვაიდერ კლინიკაშიც გადაამისამართებენ, სადაც მათ 10-40%-მდე ფასდაკლებით მოემსახურებიან. ამგვარად, პლატფორმა საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ თქვენი დრო და ფინანსები,“ – აღნიშნავს გიორგი.
ამჟამად ონლაინკლინიკას სამი ტიპის პაკეტი აქვს, რომელთა ღირებულება სურვილისამებრ 12 დან 25 ლარამდე მერყეობს. მომხმარებელს ჯერჯერობით გინეკოლოგის, თერაპევტისა (ოჯახის ექიმი) და პედიატრის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ, მაგრამ უახლოეს მომავალში დაემატება ფსიქოლოგის მომსახურებაც.
საქართველოში „ონლაინ კლინიკას“ ანალოგი არ აქვს, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში კი მსგავსი კლინიკები უკვე დიდი ხანია წარმატებით ფუნქციონირებს. თუმცა, ქართული ონლაინკლინიკის მთავარი მიზანია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს კვალიფიციურ და პროფესიონალურ ექიმთან კონტაქტი და შესაბამისად, მის მიერ არჩეული პროფილი განსხვავდება სხვა ქვეყნების ფინანსური პოლიტიკისგან.
იდეის ავტორები სამომავლოდ გეგმავენ პლატფორმის განვითარებას, უკვე დაგეგმილია მასშტაბური პროექტი, რომელზე ინტენსიური მუშაობაც უკვე დაიწყეს და სავარუდოდ 4 თვეში შემოგვთავაზებენ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული დეტალები არ ხმაურდება.
დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობთ კლინიკის ონლაინმისამართს:
onlineclinic.ge
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”