დიდი ხანი არ არის, რაც ქართულ ონლაინსივრცეში გამოჩნდა სტუდია „ველოსიპედის“ მიერ შექნილი სახალისო და ამავე დროს, საგანმანათლებლო ხასიათის საბავშვო ქართული ანიმაციები, რომლებმაც მოკლე დროშივე მოახერხა პატარა მაყურებლების გულის მოგება. სტუდია საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ანიმაციის სფეროს განვითარებაში და სხვადასხვა კულტურული აქტივობითაც ანებივრებს მაყურებელს, რის შესახებაც სტუდიის დამაარსებელს, მსახიობ – გიორგი მარშანიას გავესაუბრეთ.
„ველოსიპედი“ ქმნის შემეცნებითი ხასიათის ანიმაციებს სკოლამდელი და დაწყებითი კლასის საფეხურის ბავშვებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ სივრცეში აქამდე უცხო იყო მსგავსი პერმანენტული და სრულყოფილი ანიმაციური პროექტი, რომელიც ჩაანაცვლებდა უცხოენოვან ანალოგებს, „ქართულ სივრცეში აქამდე არ არსებობდა მსგავსი ტიპის ქართული ანიმაციები, რეალურად კი, ბავშვი ამ ასაკში ძალიან დიდ ინფორმაციას იღებს მულტფილმებიდან და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მისთვის განათლების მისაღებად სწორედ ანიმაციაა, ზემოთხსენებულ პირობებში კი ხშირად ხდება, რომ ბავშვებმა თუნდაც ფერების ცნობა იციან, მაგალითად, ინგლისურ ენაზე, თუმცა არა ქართულად და ა.შ. სწორედ ამ პრობლემამ განაპირობა სტუდიის შექმნის აუცილებლობაც,“-აღნიშნავს გიორგი.
სტუდიის ხელმძღვანელი სწორედ გიორგი გახლავთ, მაგრამ მასთან ერთად გუნდს ქმნის რამდენიმე აქტიური და საქმის პროფესიონალი ახალგაზრდა, მათ შორის მხატვრები კემო და გიორგი გაგლოშვილი, თამარ ზარქუა და ილუსტრატორი – რუსკა ყვავაძე, პროექტების მენეჯერი კი, ირაკლი ნადირაძეა.
გიორგი ანიმაციით ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როცა სამსახიობო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო და მეგობრებთან ერთად დაწერა სრულმეტაჟიანი მულტფილმის სცენარი, მას შემდეგ კი მუდმივად ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება დაეგროვებინა აღნიშნულ სფეროში. მის ცდას უკვალოდ არ ჩაუვლია და დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მისი გუნდი საკმაოდ წარმატებულ ნაბიჯებს დგამს საკუთარ სფეროში, ამჟამად, უკვე სრულყოფილი სტუდიისა და ტექნიკის წყალობით, გვთავაზობს სასიამოვნო, სახალისო პროექტებს.
სტუდიის სავიზიტო ბარათი გახდა ბავშვების საყვარელი ანიმაციური სერიები ჟირაფ ჟოზეს მონაწილეობით, რომლისთვისაც სპეციალურად იქმნება სახალისო სიმღერები, მათი ავტორი გახლავთ ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ ხელმძღვანელი – რეზო ბლიაძე. თუმცა, აღნიშნულ სერიებამდეც, სტუდია აქტიურად ქმნიდა სხვადასხვა პროდუქტს, მათ ეკუთვნით ცნობილი ქართული ფილმების პაროდიულ ვერსიები, ასევე საბავშვო ანიმაცია – „დათუნია დრუნჩა“, რომლის პროექტის განვითარება კინოცენტრში გამარჯვებით შეძლეს და ასევე, „იცოდე შენი ქვეყნის ისტორია“ – რომელიც აერთიანებდა ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილ, ინფორმაციული ხასიათის 5 ანიმაციას.
საინტერესოა, თვითონ სტუდიის სახელწოდებაც, გარდა იმისა, რომ ველოსიპედი ბავშვებისთვის საყვარელი გასართობია და ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა, როგორც გიორგი აღნიშნავს, მას გარკვეული დატვირთვაც აქვს -,,მისი მთავარი სიმბოლური დატვირთვა არის მოძრაობა. არსებობს გამოთქმა, რომ ველოსიპედი ჰგავს ცხოვრებას, თუ გინდა რომ არ წაიქცე, მუდმივად წინ უნდა იარო. ჩვენი სტუდიაც ამ პრინციპით ხელმძღვანელობს და ვფიქრობ, კარგადაც გამოგვდის, რადგან დასაწყისიდან დღემდე ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს“.
აღსანიშნავია, რომ სტუდიის წევრები პერიოდულად სტუმრობენ საბავშვო ბაღებსა და გასართობ ცენტრებს, ამ გზით ისინი ცდილობენ „ჟოზეს“ პატარა მაყურებელს პირადად გააცნონ ანიმაციის არსი და თვითონაც გულითადად ითვალისწინებენ მათ ბავშვურ შენიშვნებს. მეტწილად, ამ პროექტსაც საგანმანათლებლო დატვირთვა აქვს, რადგან ბავშვებმა, როგორც წესი, არ იციან როგორ იქმნება მათი საყვარელი ანიმაციები – ,,ბუნებრივია, ყველა ბავშვს უყვარს ხატვა, მაგრამ კომპიუტერის მეშვეობით პროგრამულად ნახატის შექმნა მათთვის უცხოა, ან თუკი იციან, ეს ცოდნა თეორიულია და ჩვენ მათ ვუჩვენებთ ამ ყველაფრის პრაქტიკულ მხარეს, რის შემდეგაც, თავადაც ერთვებიან ანიმაციის შექმნის პროცესში, რაც დამერწმუნებით, მეტად საინტერესო და სახალისოა“.
სტუდიის საქმიანობას მათ Facebookგვერდზე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი, დაინტერესებულ პირებს კი ვთავაზობთ სტუდია „ველოსიპედის“ ერთ-ერთ ანიმაციას, სახელწოდებით „მხიარული მათემატიკა“:
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”