close
განათლებასაქართველოტექნოლოგიები

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ციფრული გადამზადების ცენტრები გაიხსნება

ციფრული უნარების განვითარება და ონლაინდასაქმების პლატფორმა ყველა მსურველისთვის – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიცირებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინოვაციების ცენტრების ბაზაზე ციფრული უნარების სატრენინგო პროგრამა იწყება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია რეგიონებში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის ცოდნა, რომელიც მათ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ე.წ. დისტანციური დასაქმების საშუალებას მისცემს.

უნიკალური პროექტი კერძო სექტორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პარტნიორობით ხორციელდება.

ტრენინგები ხელმისაწვდომი იქნება ზუგდიდის ტექნოპარკში, ასევე ბაღდათის, ხარაგაულისა და სოფ. ჭოპორტის ბიბლიოთეკების ინოვაციების ცენტრებში. ბენეფიციარების გადამზადება მოხდება, როგორც ონლაინსწავლების მეთოდოლოგიებით, ისე ცენტრების ბაზაზე ჩატარებული სემინარების საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) დისტანციური დასაქმების პლატფორმა ,,ციფრული მოქალაქე” შექმნა. პლატფორმა შესაძლებლობას იძლევა, მარტივად მოხდეს ონლაინსივრცეში არსებული დაკვეთების მოძიება და მათზე განაცხადის გაკეთება. უნივერსიტეტი გლობალური დასაქმების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის – ,,freelancer.com”-ის პარტნიორია, რომლითაც ბენეფიციარებს წვდომა ექნებათ მსოფლიოში არსებულ 15 მილიონზე მეტ სამუშაო პოზიციასთან. გასული წლის მონაცემებით, დისტანციურად შესრულებული სამუშაოების ბრუნვამ 2,6 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

2017 წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტ ,,საქართველოს ინოვაციების ეროვნული ეკოსისტემის“ ფარგლებში, 2020 წლამდე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ შეიქმნება რეგიონალური ინოვაციების 8 ჰაბი და ინოვაციების 50 ცენტრი.

 

წყარო:  http://www.economy.ge

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld