საქართველოში არსებობს კოლეჯები, რომლებიც სტუდენტებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პერსპექტიულ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ კოლეჯი -„სპექტრი“. კოლეჯის შესახებაც მის კურსადმთავრებულს – არჩილ გობეჯიშვილს გავესაუბრეთ, რომელმაც უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა სწორედ აქ შეესწავლა ხის მხატვრული დამუშავება, სულ მოკლე ხანში კი მისი საგანმანათლებლო პროექტი ხის „ჭკიანი დაფა“ „პროფესიული განათლების ჰაკათონის“ გამარჯვებული გახდა.
–არჩილ, როგორც ვიცი, კოლეჯში მას შემდეგ ჩააბარეთ, რაც უნივერსიტეტი დაამთავრეთ და თან მუშაობდით, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ასე რადიკალურად შეგეცვალათ არჩეული საქმიანობა?
-კოლეჯ „სპექტრში“ 2016 წელს ჩავაბარე, ეს გადაწყვეტილება მარტივად მივიღე, რადგან მინდოდა შემესწავლა ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო საქმიანობა – ხის მხატვრული დამუშავება. ეს გადაწყვეტილეება ცოტა უცნაური აღმოჩნდა ჩემი მეგობრებისა და ოჯახისთვის, თუმცა მე მქონდა ამის მიზეზი, ვფიქრობ, რომ ახალი პროფესიის შეძენა არასდროს არის გვიანი და ყველა ადამიანმა უნდა აკეთოს ის საქმე, რომელიც აინტერესებს და რომლის კეთებაც სიამოვნებას ანიჭებს. ამ მხრივ კოლეჯმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა, ძალიან მოკლე დროში ძალიან ბევრის სწავლა მოვასწარი, რაშიც უდიდესი წვლილი ჩემს პედაგოგს – ბატონ ილია ჯიხოშვილს მიუძღვის.
–თქვენ პირადად როგორ შეაფასებთ იმ პირობებს, რასაც ეს კონკრეტული კოლეჯი უქმნის სტუდენტებს?
-„სპექტრში“ ყველა ის ხელსაწყო და ჩარხ-დანადგარი დამხვდა, რაც საჭიროა ამ საქმის შესასწავლად, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური დანადგარებიც. სიმართლე გითხრათ, დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, მაინც მოულოდნელი იყო ასეთი დახვეწილი გარემო. კოლეჯს ჰყავს ძალიან ძლიერი დირექცია და ადმინისტრაცია. „სპექტრის“ დირექტორი – ბატონი მათე ტაკიძე, ძალიან ბევრს აკეთებს პროფესიული განათლების განვითარებისთვის და დიდ ყურადღებას აქცევს სტუდენტებს, მან სწავლის დაწყების პირველივე დღეს გაგვიცნო და ამ დღის შემდეგ ყველა ჩვენს პროექტსა და ინიციატივას უდგას გვერდში, ისევე როგორც მთლიანად კოლეჯის ხელმძღვანელობა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს. ,,სპექტრი“ ის ადგილია, სადაც დირექტორიდან დაწყებული დაცვის თანამშრომლით დამთავრებული ყველა გულშემატკივრობს სტუდენტებს.
-რით გამოარჩევდი „სპექტრს“ საქართველოში არსებული სხვა კოლეჯებისგან და რა აქტივობებით არიან დაკავებული კოლეჯის სტუდენტები?
-„სპექტრში“ ხშირად იმართება სხვადასხვა სტუდენტური აქტივობა, ნიჭიერი და ხელოვანი სტუდენტებისთვის ტარდება სპეციალური საღამოები, გამოფენები და ასე შემდეგ. რაც მთავარია, აქ სრულად ადაპტირებული გარემოა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ყველა სტუდენტის სწავლას სახელმწიფო აფინანსებს. კოლეჯი ძალიან ბევრ კერძო და სახელმწიფო დაწესებულებასთან თანამშრომლობს და რაც მთავარია, ყველა წარმატებულ სტუდენტს სწავლის დამთავრების შემდეგ ეხმარება სასურველი სამსახურის დაწყებაში. პირადად მე, კოლეჯის შუამდგომლობით, დაახლოებით ათმა სხვადასხვა ორგანიზაციამ შემომთავაზა სამსახური.
-რა პერიოდს მოიცავს კოლეჯში არსებული სასწავლო კურსი და როგორ შეუძლია მსურველს აქ დარეგისტრირება?
-მომავალი სასწავლო წლის რეგისტრაცია ოქტომბრის თვეში დაიწყება და განაცხადის შესატანად ცხრაწლიანი სასკოლო განათლებაც საკმარისია. მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია და მარტივი გამოცდების ჩაბარების შემდეგ შეუდგებიან არჩეული პროფესიის დაუფლებას. ყოველწლიურად, კოლეჯში წარმოდგენილ 25 პროფესიული პროგრამის ფარგლებში 1200 სტუდენტზე მეტი იღებს განათლებას. – სასწავლო კურსი რვათვიანია და ამ დროის განმავლობაში მსურველებს შეუძლიათ საკმაოდ მრავალფეროვანი პროფესიებიდან (იხ. დანართი) დაეუფლონ ერთ-ერთს.
-საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პროფესიული სასწავლებელი ვერ უწევს კონკურენციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს, თქვენ როგორც ორივე ტიპის სასწავლებლის კურსდამთავრებული, როგორ შეაფასებდით არსებულ მდგომარეობას?
-დღესდღეობით, აბიტურიენტების დიდი ნაწილი უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საკმაოდ დიდ თანხას იხდის კერძო მასწავლებლებთან, უნივერსიტეტში ოთხწლიანი სწავლაც ასევე ფინანსებთანაა დაკავშირებული, როცა, რეალურად, კურსის დასრულების შემდეგ, ძალიან რთულია განათლების შესაბამისი სამსახურის შოვნა, რადგან არსებობს გარკვეული მიმართულებები, რომლებიც ერთგვარად ტრენდულია და შესაბამისად, ამ კუთხით არსებული კადრების გადამეტებული რაოდენობის გამო ახალგაზრდა იძულებულია სხვა პროფესიით იმუშაოს, უკიდურეს შემთხვევაში კი უმუშევარი რჩება. ეს ყველაფერი მე ჩემს თავზე გამოვცადე და ერთი დღეც არ მიმუშავია უმაღლეს სასწავლებელში მიღებული პროფესიით. კოლეჯის შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირად იყო, მარტივად ჩავაბარე მისაღები გამოცდები, ჩემი სწავლა მთლიანად სახელმწიფომ დააფინანსა და ნაყოფიერი რვათვიანი სწავლის შემდეგ, ჩემი გატაცება და ჰობი გადაიქცა ჩემსავე პროფესიად. სწავლის დამთავრების მეორე დღესვე დავსაქმდი და ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამომავლო გეგმებიც მაქვს.
ჩვენი გუნდი წარმატებებს უსურვებს არჩილს და დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ კოლეჯ „სპექტრის“ Facebookმისამართს:
https://www.facebook.com/spectri/
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”