close
საქართველოფსიქოლოგია

,,დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში” ნარკომანიის შესახებ მრგვალი მაგიდა შედგა

19 ივნისს დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში ტრადიციულად ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა კავკასიის სამართლის აკადემიის დირექტორი – გიორგი მათიაშვილი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი საინტერესო და აქტუალური საკითხები, როგორიცაა:

  • ნარკომანია – დანაშაული თუ დაავადება?!
  • დამოკიდებულების პრობლემა და ფსიქოლოგიური თავისებურებები.
  • ნარკომანის ფსიქიკური მდგომარეობის დინამიკა.
  • სად არის გამოსავალი – პრევენციის გზები.

ნარკოტიკების მიღება სხვადასხვა სახის რისკთანაა დაკავშირებული:

რისკი ფიზიკურ ზრდასთან მიმართებით  – ამ სახის რისკი განსაკუთრებით აქტუალურია ნარკოტიკების მოზარდი მომხმარებლების შემთხვევაში, რადგანაც ნარკოტიკული საშუალებები აქვეითებს და არღვევს ჰიპოთალამუსის ჯირკვლის ნორმალურ მუშაობას, არღვევს ძილისა და კვების რეჟიმს.

რისკი ფსიქოლოგიურ ზრდასთან მიმართებით  –  ადამიანი აღარ ფიქრობს პიროვნულ, ფსიქოლოგიურ, მენტალურ ზრდაზე, მისი ფიქრები მხოლოდ ნარკოტიკებისკენაა მიმართული.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი –  ნარკოტიკული ნივთიერებები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი და ნერვული სისტემების დაავადებათა განვითარებას, გულის დაავადებათა და კიბოს წარმოქმნას.

უბედური შემთხვევებისა და სიკვდილის რისკი –  ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ადამიანი კარგავს კონტროლს საკუთარ განცდებზე, აღქმაზე და შეიძლება უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდეს ან ზედმეტი დოზირებისგან დაიღუპოს.

სამართლებრივი რისკები  – ნარკომანებს ხშირად ექმნებათ პრობლემები კანონებთან.

სოციალური რისკი  – ნარკოტიკებსა და ნარკომანიას შედეგად მოაქვს ახალგაზრდა ადამიანების იზოლაცია ოჯახისა და მეგობრებისგან. ნარკოტიკები გავლენას ახდენენ ადამიანების სოციალურ ურთიერთობებზეც.

შეჩვევა ანუ ტოლერანტობა  – ეს არის ფსიქოლოგიური და ხშირად ფიზიკური სტატუსი, ორგანიზმის შეგუების მდგომარეობა. ასეთ დროს უწინდელი ეფექტის მისაღებად აუცილებელი ხდება მოცემული პრეპარატის დოზის მომატება. შეჩვევის ჩამოყალიბება გარკვეული ეტაპების გავლის შედეგად ხდება.

ეს ეტაპებია:

ექსპერიმენტული მოხმარება –  ამ ეტაპზე ადამიანები იღებენ ნარკოტიკულ საშუალებას ერთხელ ან მეტჯერ ცნობისმოყვარეობის, პრობლემების ან რაიმე სხვა მიზეზთა გამო.

იშვიათი მოხმარება  – ამ ეტაპზე ახალგაზრდა ნარკოტიკს განსაკუთრებული შემთხვევებისას მოიხმარს (წვეულებები, დაბადების დღეები), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა არ დგას რისკის ქვეშ – იგი სამართლებრივი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის წინაშე დგება.

პრობლემური მოხმარება – ახალგაზრდა ზრდის ნარკოტიკების მოხმარების დონეს და შეჩვევის ალბათობაც იზრდება. ასეთ შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინოს ნარკოტიკის გამო.

შეჩვევა  – ამ შემთხვევაში ნარკოტიკის მოხმარება სისტემატური ხდება, იკარგება კონტროლი, იზრდება რისკები.

მრგვალი მაგიდის წევრები ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ ნარკომანია არის დაავადება და ნარკომანის ციხეში გამომწყვდევა არ არის გამოსავალი, ვინაიდან ციხის გარემო კიდევ უფრო დიდ სტრესულ გარემოს უქმნის მას და იქიდან გამოსვლის შემდეგ, ამ სტრესის დასაძლევად ან თუნდაც ძველი ჩვევის გასაახლებლად, ის, სავარაუდოდ, კვლავ მიმართავს ნარკოტიკების მოხმარებას. საჭიროა, ნარკომანს გავუჩინოთ სურვილი საკუთარი ნებით მიაკითხოს სამკურნალო დაწესებულებას.

პრევენციის გზები, რომელიც დასახელდა შეხვედრის განმავლობაში:

  • ნარკომანის სურვილი, განიკურნოს.
  • ინდივიდუალური მიდგომა ყოველ ნარკომანთან და არა საჯარო განხილვა ამ პრობლემის.
  • პრობლემის სრულიად აღმოფხვრა შეუძლებელია, ვინაიდან მაინც იარსებებს ვიღაც, ვისაც ნარკოტიკის გასინჯვის სურვილი გაუჩნდება. თუმცა შესაძლებელია ამ პრობლემის კონტროლი. უკვე ნარკოტიკის მომხმარებლები საჭიროა გავგზავნოთ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებში, ასევე მნიშვნელოვანია ამ საკითხში განათლების სფეროსაც მივხედოთ.
  • ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ მათზე, ვინც ჯერ კიდევ არ არის დამოკიდებული ნარკოტიკებზე. გამომდინარე იქიდან, რომ გარდატეხის ასაკი საკმაოდ რთულია მოზარდებისთვის. ამ ასაკში მშობლის მიდგომა შვილის მიმართ ისეთი უნდა იყოს, რომ დააინტერესოს განათლებით, სპორტით და მსგავსი ჯანსაღი აქტივობებით.
  • განათლება, ინფორმირება, ფსიქოლოგიური ჩარევა – ეტაპობრივად შეამცირებს ნარკომანთა რაოდენობას.

მრგვალი მაგიდის შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები – სალომე ბოსტოღანაშვილი, ელენე ჩუგოშვილი; ფსიქოლოგი ნინო თოფურია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მართა ჩაგუნავა; HR მარიამ შუბითიძე; ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი მედეა გელდიაშვილი და ელენე მიგრიაული.

 

სტატია მოამზადა: ნინო თოფურიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld