close
გამოგონება - ინოვაციასაქართველოტექნოლოგიები

ქართველების გამოგონება ბუნებრივი აირის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს

 როგორც ცნობილია, ტექნოპარკის ფაბლაბში შეიქმნა პირველი ,,Wi-F iთერმოსტატის” ბეჭდური დაფა. მოწყობილობის ავტორია შპს ,,Alien Green-ი”. კომპანიის გენერალური დირექტორია პაატა კვესელავა, ხოლო ტექნიკური დირექტორი – ლაშა დოლიძე.

,,Wi-Fi თერმოსტატი” ამცირებს ბუნებრივი აირის ხარჯს 16-39%-მდე, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ყოველთვიურ გადასახადზეც. აღნიშნული თერმოსტატით შესაძლებელია ცენტრალური გათბობის სისტემის მართვა დისტანციურად სმარტფონით, აიპადით, სმარტსაათით, ლეპტოპით ან ვებბრაუზერით. იგი შედგება ორი კომპონენტისგან:

მართვის ბლოკისგან, რომელიც მონტაჟდება გამათბობელ ქვაბში.

ოთახის სენსორისგან, რომელიც მონტაჟდება სასურველ ადგილას.

თერმოსტატს, კონკურენტებისგან განსხვავებით, აქვს  Wi-Fiმხარდაჭერა, რითაც ხდება კომუნიკაცია ქვაბსა და ოთახის ტემპერატურის გადამცემს შორის დამატებითი შუალედური მოწყობილობის გარეშე. Mostat-ის თერმოსტატი ცენტრალური გათბობის სისტემის ქვაბს ამუშავებს წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით. გათბობა მაშინ ირთვება, როდესაც თქვენ მეტად გჭირდებათ სითბო, ხოლო დანარჩენ დროს ზოგავთ ენერგიას, მაგალითად, ღამის საათებში ან როდესაც სახლიდან გასული ხართ. აპლიკაცია გთავაზობთ გათბობის სისტემის მუშაობის დეტალურ სტატისტიკას გრაფიკების სახით.

,,2015 წლის 1-ელ დეკემბერს პირველი ,,Wi-Fi თერმოსტატის” პროტოტიპი დამონტაჟდა და ჩაეშვა სატესტო რეჟიმში. 5-თვიანი სატესტო პერიოდი პროტოტიპმა წარმატებით გაირა, მიღებული მონაცემების შედეგზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ, შეგვეხედა ბიზნესის კუთხით, გვეწარმოებინა საქართველოში და შეგვეთავაზებინა ქართველი მომხმარებლისთვის. 2016 წელს, ზამთრის პერიოდში, თბილისის სხვადასხვა უბანში, სატესტო რეჟიმში დამონტაჟდა 10 თერმოსტატი. რამდენიმეთვიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ თერმოსტატმა ბუნებრივი აირის გადასახადი საშუალოდ 27%-მდე დაზოგა. საზოგადოება პროდუქტს დადებითად აფასებს. დამატებით გავითვალისწინეთ მომხმარებლის რჩევები და შენიშვნები, შესაბამისად, შევქმენით ცენტრალური გათბობის სისტემის უკეთესი მართვისა და კონტროლის ეკოსისტემა. მარტივია ინსტალაცია, სჭირდება დაახლოებით 20 წუთი. სხვა ჭკვიანი თერმოსტატებისგან განსხვავებით, Mostat-ის თერმოსტატის ინსტალაცია არ საჭიროებს დამატებით ელექტროკაბელების მონტაჟს, კედლების ხვრეტასა და სხვა უსიამოვნო სამუშაოების ჩატარებას,” – აღნიშნავს პაატა კვესელავა.

თერმოსტატსა და ოთახის ტემპერატურის სენსორს ერთმანეთთან აკავშირებს Wi-Fi. აღსანიშნავია, რომ თერმოსტატი თავსებადია საქართველოში არსებული ქვაბების 90%-თან.

აპლიკაცია არის ქართულ და ინგლისურ ენაზე, საწყის ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა ადაპტირებული.

,,2016 წელს თერმოსტატის პროტოტიპი წარმოვადგინეთ ,,ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” გამოცხადებულ იდეების კონკურში, სადაც მოვხვდით ბიზნესინკუბატორის 12-თვიან პროგრამაში. ტექნოპარკმა შეგვძინა ცოდნა და გამოცდილება, რაც გვეხმარება ჩვენი იდეის განხორციელებაში. ჩვენი პრიორიტეტია ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნა, რომელიც ადამიანების ცხოვრების დონეს აამაღლებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ-­ეკონომიკურ განვითარებას” – აღნიშნავს პაატა კვესელავა.

ტექნოპარკის ფაბლაბში უკვე შეიქმნა 300 ცალი თერმოსტატი, მომხმარებელი კი ინოვაციური პროდუქტის შეძენას ოქტომბრიდან შეძლებს.

 

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld