საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა – ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ მთავრობა ჯანდაცვის ორგანოების მიერ საყოველთაოდ რეკომენდირებულ 11 ვაქცინას 2018 წლიდან სავალდებულოდ გამოაცხადებს.
ეს განცხადება ევროპაში წითელას მასშტაბურ გავრცელებას მოჰყვა. საფრანგეთში მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში წითელას 79 შემთხვევა გამოვლინდა. ფილიპის შეფასებით, არსებული მდგომარეობა „მიუღებელია”.
წითელას შემთხვევების მატებას ვაქცინის მიმართ მოსახლეობის სკეპტიკურ დამოკიდებულებას უკავშირებენ.
საფრანგეთში ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 10 ადამიანიდან 3-ს ვაქცინების არ სჯერა.
ინფექციის შემთხვევების ზრდა გამოვლინდა იტალიაშიც. მიმდინარე წლის აპრილში გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი ორჯერ მეტია 2016 წლის იმავე პერიოდში აღრიცხულ მაჩვენებელზე.
იტალიასა და საფრანგეთში საზოგადოებრივი დამოკიდებულების შეცვლა განპირობებულია ევროპაში ბოლო დროს გააქტიურებული ვაქცინის საწინააღმდეგო მოძრაობით.
სკეპტიციზმის დასაბამი გახდა ენდრიუ ვაკეფილდი, რომელმაც 1998 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ არსებობს კავშირი წითელა-წითურა, ყბაყურას ვაქცინასა და აუტიზმის განვითარებას შორის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ვაქცინაციის წყალობით 2010 -2015 წლებში 10 მილიონზე მეტ სიცოცხლე გადარჩა და შესაძლებელი გახდა ზოგიერთი ისეთი დაავადების აღმოფხვრა, როგორიცაა პოლიო. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქვეყანა, როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული, ეჭვქვეშ აყენებეს ვაქცინაციის ეფექტურობას.
ამის საპასუხოდ, ბევრმა ქვეყანამ ვაქცინების გამოყენება გაზარდა.
იტალიამ ბავშვებისათვის სავალდებულო გახადა 12 ვაქცინა. ავსტრალიამ ფინანსური წახალისების პოლიტიკა გატარა: მშობლებს, რომლებიც თავიანთ 18-24 თვის ბავშვებს აცრიან, 129 აშშ დოლარით ახალისებენ. ხოლო თუკი მშობელი შვილს რეკომენდირებულ ვაქცინაციას 4-5 წლის ასაკშიც ჩაუტარებს, თანხას განმეორებით მიიღებს.
მსოფლიოში ვაქცინაციის უმკაცრესი პოლიტიკა აქვს სლოვენიას. მშობლები, რომლებიც თავიანთი შვილების სავალდებულო ვაქცინებს ვერ უზრუნველყოფენ, ჯარიმდებიან.
წყარო: https://futurism.com/
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”