საქართველოში სელექციური აბორტების ტრადიცია დღემდე გრძელდება. ამ ტრადიციის თანხმად, ყველა ოჯახში უნდა იყოს ბიჭი. სწორედ ის არის გვარის გამგრძელებლი და ოჯახის სიამაყე. ამ ტრადიციის შენარჩუნებას გარშემომყოფი ადამიანების უმეტესობა უწყობს ხელს. ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, საქართველოში ოჯახების 46% უპირატესობას მიანიჭებდა ვაჟს, ხოლო 9 % – გოგოს.
თუმცა, საინტერესოა, რომ თუ მხოლოდ ბიოლოგიურ შემთხვევითობას მიენდობიან, წყვილების 30%-ს, შობადობის დონის გათვალისწინებით, ვაჟი არ გაუჩნდებოდა (1.7 ბავშვი ქალზე, 2010 წ.).
სტატისტიკური მონაცემები საქართველოში დაბადებისას სქესთა თანაფარდობაზე ადასტურებს ქვეყანაში სქესის შერჩევის მიზნით პრენატალური აბორტების არსებობას: 2008-2012 წლებში ყოველ 100 გოგოზე 112 ბიჭი დაიბადა, მაშინ როცა ნორმა 100 ახალშობილ გოგონაზე 105 ბიჭის დაბადებაა.
შედეგად, საქართველოში 1990-2010 წლებში დაბადებამდე 25 ათასი გოგონა გაუჩინარდა.
ასე თუ გაგრძელდა, გაუჩინარებული გოგონების რაოდენობა 2020 წლისთვის იქნება 40 ათასი, 2030 წლისთვის – 60 ათასი, ხოლო 2050 წლისთვის მათი რაოდენობა 80 ათასს მიაღწევს. ამ დროისთვის გამქრალი ქალების რაოდენობა მდედრობითი სქესის მოსახლეობის 4% იქნება.
ინფოგრაფიკა შეიქმნა ანგარიშის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში“ (2014) მიხედვით, რომელიც პირველი სისტემატური კვლევაა საქართველოში და რომლის მიზანია დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის შესახებ არსებული მონაცემების სიღრმისეული განხილვა.
როგორც მკვლევარები გვეუბნებიან, ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოში იქნება ბევრად მეტი მარტოხელა მამაკაცი, ვიდრე ქალი; ქალების გაუჩინარების გამო დაიბადება ნაკლები ბავშვი; შეიძლება გაიზარდოს ტრეფიკინგი და ქალთა მიმართ ძალადობა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”