თანამედროვე ტექნოლოგიების როლის სწავლების პროცესში ნელ-ნელა იზრდება, იცვლება მეთოდოლოგია, მოსწავლეების სტიმულირებისთვის პედაგოგები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. რასაკვირველია, სიახლე მუდმივად იწვევს ინტერესს, შესაბამისად, საგანმანათლებლო აპლიკაციები დადებით გავლენას ახდენს მათს მოტივაციაზე.
ასეთი აპლიკაცია შექმნეს თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა, მათს გუნდში სამი წევრია: ნიკა ლოსაბერიძე, ნიკა ონიანი და ლევან ტაბიძე. საგანმანათლებლო რესურსის შექმნის იდეა თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე გაუჩნდათ.
,,სამივემ დავამთავრეთ ვ.კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა და ჩვენი ინტერესებიც გამომგონებლობასთან, პროგრამირებასთან და მეცნიერებასთან სწორედ ამ სკოლიდან დაიწყო. უშუალოდ იდეა მოგვივიდა საქმიანობიდან გამომდინარე, ვამზადებთ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკასა და პროგრამირებაში, ხშირად მათთვის რთულია ამა თუ იმ ახალი მასალის აღქმა. ჩვენი სურვილი იყო, დავხმარებოდით მათ და უფრო ინტერაქტიული, შემეცნებითი და სახალისო გაგვეხადა სწავლის პროცესი, აქედან გამომდინარე მოგვაფიქრდა Book AR-ის კონცეფცია” – აღნიშნავს გუნდის ერთ-ერთი წევრი – ნიკა ლოსაბერიძე.
აპლიკაციის გამოყენება ძალიან მარტივია, მისი გახსნისთანავე ტელეფონის კამერის საშუალებით პროგრამა ამოიცნობს ამა თუ იმ გვერდს, შესაბამისად, მომხმარებელი შეძლებს, დაინახოს ტექსტის ძირითადი სათქმელი ორ ან სამ განზომილებაში, აგრეთვე, ვიდეოს, ანიმაციისა და 3Dმოდელების დახმარებით.
,,იმის ნაცვლად, რომ მოსწავლე დაკმაყოფილდეს მხოლოდ და მხოლოდ ტექსტითა და რამდენიმე სურათით, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას მობილური აპლიკაციის დახმარებით მოცემული თემა უკეთესად გაიაზროს და წარმოიდგინოს ვიზუალურად. ჩვენი მიზანია, რომ მოცემული პროდუქტი დაინერგოს სწავლების სისტემაში, აღნიშნული აპლიკაცია საგრძნობლად აამაღლებს სწავლის დონეს საქართველოში. ამისათვის ჩვენ ვმუშაობთ, გვაქვს შეხვედრები ბევრ ბიზნესმენთან, რომელთაგანაც ვიღებთ რჩევებს, ასევე გვიტარდება ბევრი ტრენინგი და ა.შ.” – აღნიშნავს ნიკა ლოსაბერიძე.
გუნდი მიზნად ისახავს, ეფექტური მულტიმედიური რესურსების გამოყენებით მოსწავლეებს დაეხმაროს შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნებისა და სხვა უნარების განვითარებაში.
გუნდი ამჟამად მონაწილეობას იღებს ერთ-ერთ კონკურსში, მხარდასაჭერის სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ხმა მისცეთ მითითებულ ბმულზე: http://socialimpactaward.ge/
მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”