სტარტაპი „ააწყვე და გააცოცხლე“ ქართველი ახალგაზრდების ინოვაციური გამოგონებაა, რომლის ავტორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტები – თამარ წითელაშვილი და ანანო ხიზანიშვილი არიან. მათ ხის ფანქარს დაუმაგრეს კაფსულა, რომელშიც მოთავსებულია ყვავილის თესლი. სტარტაპის განსაკუთრებულობა კი სწორედ იმაშია, რომ ფანქრის გამოყენების შემდეგ ადამიანს შეუძლია ფანქარი „დათესოს“ კაფსულის მხრიდან და ქოთანში გაახაროს ყვავილი.
„სიმართლე გითხრათ, ჩვენი სტარტაპის იდეა უნივერსიტეტის ბუფეტში დაიბადა. ვფიქრობ, რომ იგი ინოვაციურია საქართველოს ბაზარზე და ნამდვილად არის საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი, როგორც ბუნების დაცვის კუთხით, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით. ჩვენი პროდუქტია უბრალო ხის ფანქარი, რომლის თავზეც დავამაგრეთ წყალში ხსნადი კაფსულა, კაფსულაში კი მოვათავსეთ მარტივად გასახარებელი მცენარის თესლი. ფანქრის გამოყენების შემდეგ მოზარდებს შეუძლიათ პირდაპირი მნიშვნელობით ფანქრის „დათესვა“, ამისათვის კი საჭიროა ფანქარი მოვათავსოთ მიწაში კაფსულის მხრიდან, დაველოდოთ მცენარის აღმოცენებას და მოვუაროთ, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა მცენარეს მოვუვლიდით. ჩვენი იდეის საშუალებით გვინდა, რომ ციფრული ტექნოლოგიების თაობას, რომელიც თავისი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს, ვასწავლოთ მცენარეებთან ურთიერთობა, რადგანაც, ვფიქრობთ, რომ თუ კი ადამიანს ბავშვობიდანვე ვასწავლით ბუნების სიყვარულსა და მოვლას, ისინი უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და თვითშეგნებით მოეპყრობიან თავიანთ საცხოვრებელ გარემოს“ – აღნიშნავს თამარ წითელაშვილი.
გუნდმა რესურსების სრულად ასათვისებლად ორიგინალურ ხერხს მიმართა. ფანქრის გამოყენების შემდეგ დარჩენილი ნაგვის (იგულისხმება შეფუთვა) შესამცირებლად მათ შეფუთვაზე, რომელშიც ფანქრებია მოთავსებული, დაიტანეს იმ მცენარის ფაზლი (ყუთის წინა მხარეს) და აღწერილობა (ყუთის უკანა მხარეს), რომელიც კაფსულაშია მოთავსებული. შესაბამისად, ბავშვებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, რომ ააწყონ და აკინძონ წიგნი თავიანთი დათესილი მცენარეების შესახებ.
„თაკო საკმაოდ აქტიური სტუდენტია და მისი დახმარებით გავიგე Social Impact Award-ის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროექტია. იგი 18 ქვეყანაში საკმაოდ წარმატებით ხორციელდება, თუმცა საქართველო ამ ფერხულში მხოლოდ წელს ჩაერთო Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს უნდა წარგვედგინა სოციალური საწარმოს იდეები, რომლებიც საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა, თუმცა კრიტერიუმებში აუცილებლად მოიაზრება, თუ რამდენად რეალისტურია იდეა განსახორციელებლად, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი იდეა ყოფილიყო უბრალო, მარტივი და, ამასთანავე, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში, დიდი სარგებლის მომტანი” – აღნიშნავს ანანო ხიზანიშვილი.
„პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, რომ ერთგვარად „დატესტონ“ თავიანთი სოციალური მეწარმეობის იდეები. ალბათ დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი იდეა, რომელიც რაიმე სიახლისა და კეთილდღეობის მომტანია საზოგადოებისთვის, საქართველოს ნამდვილად სჭირდება. SIA-ს პროექტის ფარგლებში ჩვენ დავესწარით 4-დღიან ვორქშოფებს, რომლებიც დაგვეხმარა ჩვენი იდეის უკეთ ჩამოყალიბებასა და სწორი გზით წარმართვაში, ასევე შევხვდით სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, გავუზიარეთ მათ ჩვენი იდეის არსი და მივიღეთ რჩევები“ – აღნიშნავს თამარ წითელაშვილი.
ორი წევრისგან შემდგარ გუნდს სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს. როგორც „დოქტრინასთან“ საუბრისას აღნიშნეს, ისინი ცდილობენ, რომ რეალურად განახორციელონ პროექტი და დანერგონ თავიანთი პროდუქტი ქართულ ბაზარზე.
სტარტაპის მხარდასაჭერად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე – http://socialimpactaward.ge/
მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”