close
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

როგორ შეიცვალა გერმანიის პოლიტიკა არჩევნების შემდეგ

 გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, როგორც გერმანიაში ჩატარებული არჩევნების შედეგებით ირკვევა, მე-4 ვადით აგრძელებს თავის პოლიტიკურ საქმიანობას. თუმცა, მიუხედავად ამ გამარჯვებისა, მას მოუწევს ახალი კოალიციის შექმნა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რაც არ იქნება მარტივი, თუკი გავთვალისწინებთ, რომ ხმების თითქმის 13 % რადიკალურმა, მემარჯვენე ანტიიმიგრაციულმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოიპოვა და პირველად გერმანიის პოლიტიკურ ისტორიაში, პოპულისტური პარტია მოხვდა პარლამენტში.

მერკელის კონსერვატიულმა ბლოკმა კი ხმების მხოლოდ 33.2 % მიიღო, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1949 წლის შემდეგ. არჩევნების შემდეგ მიმართვაში, ანგელა მერკელმა, რომელიც გერმანულ პოლიტიკაში უკვე 12 წელია მოღვაწეობს, განაცხადა, რომ ის „იმედოვნებდა უკეთეს შედეგებს“ და რომ მოუსმენს იმ ხალხის „წუხილის მიზეზს“, რომელთა საშუალებითაც რადიკალური მემარჯვენე პარტია ხელისუფლების ნაწილი ხდება.

რა შეიცვალა ამ არჩევნების შემდეგ?

მას შემდე, რაც არჩევნების შედეგები ცნობილი გახდა, ოპოზიციურმა „ალტერნატივა გერმანიისათვის“ პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთბს, რათა გერმანიის სახელმწიფო და მისი მოსახლეობა ანგელა მერკელს წაართვას. მოსახლეობის ხმების 13 %-ითა და 90 ადგილით ბუნდესთაგში, ანგელა მერკელს ძლიერი ოპოზიცია ეყოლება, რომელთანაც გამკლავება მოუწევს.

რატომ მოახერხა პოპულისტურმა პარტიამ პარლამენტში შესვლა?

უპირველესი მიზეზი  იყო მათი ფოკუსი გერმანიაში მიგრანტების გაზრდილ რაოდენობაზე. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის მომხრეების:

  • 99% მიიჩნევდა, რომ ამ პარტიას უკეთ ესმის მოსახლეობის შიში, რომ ისინი აღარ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ;
  • ასევე 99% ეთანხმება პარტიის მიზანს, რომ შეამციროს ისლამური ელემენტები გერმანიაში;
  • 96% ეთანხმება მიგრანტების შემოსვლის სასტიკად აკრძალვას გერმანიაში;

საფიქრებელია, რომ ახალი ინიციატივებიც სწორედ მიგრანტების საკითხთან იქნება დაკავშირებული.

ამასთან, არგუმენტი, რომ ეკონომიკური მიზეზებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა არჩევნების შედეგებზე, ნაკლებად ვალიდურია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ გერმანიის ეკონომიკა უკანასკნელი წლების განმავლობაში იზრდება, უმუშევრობის დონე დაბალია და ბიუჯეტშიც არ აღინიშნება დეფიციტი. საპირისპიროდ, ეს არის პირველი ფედერალური არჩევნები, მას შემდეგ, რაც ანგელა მერკელის ბრძანებით, 1,3 მილიონ მიგრანტს გერმანიის საზღვრის გადალახვის უფლება მიეცა 2015 წელს, რამაც მნიშვნელოვნად გააღიზიანა მოსახლეობა და პოპულისტური ტალღის აგორებასაც შეუწყო ხელი. ანგელა მერკელმა, უკმაყოფილების გაზრდასთან ერთად, გაამკაცრა პოლიტიკა და გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა მნიშვნელოვნად დაიკლო გასული წლის განვალობაში.

საინტერესოა, როგორ მოახერხა ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ გამარჯვება, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მის მიმართ?

ანგელა მერკელი – ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ქალი?

ანგელა მერკელი, როგორც ირკვევა, არ აპირებდა ფედერალურ არჩევნებში კვლავ მონაწილეობის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრების უმეტესობა ამას აუცილებლობად აღიქვამდა. მერკელმა საბოლოო გადაწყვეტილება 9 ნოემბერს მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ვინაობა. მერკელი კი ცნობილია, რომ არ იზიარებს ტრამპის შეხედულებებს და მის მოწინააღმდეგედ გვევლინება. ამას თან დაემატა „ბრექსიტი“, კრიზისი ევროკავშირის შიგნით, პოპულისტური ტალღების გაძლიერება და რუსეთთან გართულებული ურთიერთობები. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მერკელი ყოველთვის განიხილებოდა, როგორც სტაბილურობის წყარო საერთაშორისო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი რთულ სიტუაციებში. ბუნებრივია, რომ თავად გერმანიის მოსახლეობაც იგივე მიზეზით მიიჩნევს მას უსაფრთხოების უკეთეს გარანტად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ 12 წლის განმავლობაში მერკელმა აჩვენა თავისი ხასიათის სიმტკივე და ურყევობა, რაც გერმანულ ელექტორატში ჯერ კიდევ პოპულარულია. 4 წლის წინ, წინა ფედერალურ არჩევნებზე, კითხვაზე, თუ რატომ უნდა აერჩიათ გერმანიის კანცლერად კვლავ ის, ანგელა მერკელმა უპასუხა: „იმიტომ, რომ თქვენ მე მიცნობთ“ და ამან, როგორც ვხედავთ, გაამართლა.

მიუხედავად ამისა, მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ანგელა მერკელის უკანასკნელი 4 წელია გერმანიის კანცლერის პოზიციაზე.

 

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარები:  BBC, The Guardian, Carnegieeurope

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid