16 სექტემბერს გამართულ სტარტაპების კონკურსში -“Seedstars Tbilisi 2017“, ფინალურ ნაწილში 10 საუკეთესო სტარტაპი მოხვდა, მათ შორის, ონლაინპლატფორმა – “Deskomy”, რომლის მეშვეობითაც დარეგისტრირებულ პირს შეუძლია ნებისმიერი ადგილიდან, მხოლოდ საიტის მეშვეობით, დაუკავშირდეს საკუთარ პირად კომპიუტერში განთავსებულ მასალებს. სტარტაპის იდეა 16 წლის ლუკა ყვავილაშვილს ეკუთვნის, რომელიც თავად გვესაუბრება წამოწყებაზე:
-ლუკა, როდის და რატომ გაგიჩნდა „დესქომის“ შექმნის იდეა?
-,,დესკომის“ შექმნის იდეა 2014 წლის მარტში, მას შემდეგ გამიჩნდა, რაც პროგრამირების სწავლა დავიწყე და ბევრი ჩემთვის მნიშნველოვანი დოკუმენტი და ფოტო მინდოდა, რომ სულ თან მქონოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოვაჩინე ე.წ File Hostingსაიტები, როგორიცაა Dropbox-ი, Google Drive-ი, OneDrive-ი და სხვები. ამ საიტების მოხმარებისთანავე გამიჩნდა კითხვა, თუ რატომ შემეძლო მხოლოდ ჩემი ფაილების ატვირთვა და არა, მაგალითად, მთელი ჩემი დესკტოპის. ამასთან ერთად, ის ცოდნა პროგრამირებაში, რაც მაშინ უკვე მქონდა, საკმარისი აღმოჩნდა იმის მისახვედრად რომ ,,Deskomy-ს“ განხორციელება რეალურად შესაძლებელი იყო.
-კონკრეტულად რა ფუნქციებით სარგებლობა შეუძლია ,,დესკომის“ მოხმარებელს და არის თუ არა მისით სარგებლობა გარკვეულ თანხებთან დაკავშირებული?
–ჯერჯერობით, ,,დესკომი“ არის Betaვერსიაში. მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი სახის ფაილის ატვირთვა/ჩამოტვირთვა. უმეტესობა ფაილის ტიპების ბრაუზერშივე ნახვა (Officeდოკუმენტები, ფოტოები, ვიდეოები, აუდიოფაილები, PDF, Photoshop-ი, არქივები). მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ერთმანეთს შორის ფაილების გაზიარება, დესკტოპის პერსონალიზაცია (ფერების, ფოტოებისა და დიზაინის შეცვლა) და საუთარი მეილის ,,დესკომში“ გამოყენება, იმისათვის რომ ფაილები და მეილი ერთ სივრცეში ჰქონდეთ.
რეგისტრაცია უფასოა, ოღონდ მომხმარებლები მახსოვრობაში არიან შეზღუდულები. ყველა მომხმარებელს უფასო 3 GB-იანი მახსოვრობა აქვს და დამატებითი მოცულობის საჭიროების შემთხვევაში, მისი შეძენა მოუწევთ. ვფიქრობთ სხვა ბიზნესმოდელებზეც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მახსოვრობა სრულიად უფასო გავხადოთ და შემოსავალი სხვა წყაროებიდან მოვიპოვოთ (რეკლამები, ფასიანი აპლიკაციები, ბიზნესები, ა.შ).
-პლატფორმის შექმნა საკმაოდ რთული პროცესია, ვინ უზრუნველყო მისი გამართვა სისტემურად?
-პირველი 1 წელი პლატფორმას მარტო ვაკეთებდი. მოგვიანებით, მამის ინიციატივით, ჩემი იდეა გავაცანი ,,Start Business Solutions-ს“, რის შემდეგაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მის დამფუძნებელთან – ჯაბა ბურჯალიანთან და პროექტის მენეჯერთან – სოფო კობაიძესთან. ისინი იდეის განვითარებასა და დაფინანსებების მოპოვებაში გვეხმარებიან. ტექნიკურ ნაწილზე მუშაობას კი ჯერჯერობით მარტო მე ვაგრძელებ. თუმცა, ,,სტარტაპ საქართველოს“ დაფინანსებით მალე ავიყვანთ სხვა დეველოპერებსაც, რათა ,,დესკომის“ განვითარების პროცესი დავაჩქაროთ.
–სამომავლოდ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან?
-ჩვენ, ამ ეტაპზე, ვმუშობთ Microsoft Office-ის ინტეგრაციაზე, იმისათვის, რომ მომხმარებლებს Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის ფაილებზე მუშაობა ბრაუზერშივე შეეძლოთ. მომავალში ვგეგმავთ ძალიან ბევრი ფუნქციის დამატებას, მაგალითად – ჩათის, პაროლებიანი ფაილებისა და სხვა. ასევე, სამომავლოდ ჩვენი პროგრამა App Store-ზეც იქნება ხელმისაწვდომი და ასევე შესაძლოა ჩვენი საკუთარი მსუბუქი ლეპტოპები გამოვუშვათ, როგორიც „Chromebook-ებია”, უბრალოდ, ჩვენ მომხმარებლებს უფრო სრულფასოვანი დესკტოპი ექნებათ და არა ChromeOS-ი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“