პიროვნებისა და სამყაროს ურთიერთობაში სრულიად თავისებური ადგილი უჭირავს ფანტაზიას. ფანტაზია ისეთი წარმოდგენაა, რომელიც არ ასახავს რეალურად არსებულს. ფანტაზიის ხატი – ,,ფანტაზმა” შეიცავს
აღქმაში მოცემულ ელემენტებს, მაგრამ მათი კომბინაცია ისეთია, როგორიც აღქმაში არასოდეს ყოფილა მოცემული; წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოგონება, მეხსიერების წარმოდგენა იქნებოდა.
განცდის თვალსაზრისით, ფანტაზიასა და მეხსიერების წარმოდგენას შორის განსხვავება არაა, ისევე, როგორც ილუზიური აღქმა სუბიექტისთვის მის უშუალო მოცემულობაში არაფრით განსხვავდება ჭეშმარიტი აღქმისაგან. თუ განცდის ფსიქოლოგიის ფარგლებში, რომელიც განცდათა აღწერას არ სცილდება, სადავო შეიძლება იყოს ფანტაზიის ცალკე გამოყოფა სხვაგვარი წარმოდგენებისაგან, პერსონალისტური ფსიქოლოგიისთვის სრულიად უდავოა, რომ ფანტაზია პიროვნებისა და სამყაროს ურთიერთობის ცნობიერი ასახვის განსაკუთრებული სფეროა. ფანტაზიის ასეთი გაგება ნაკლებად მისაღებია იმ მკვლევართათვის, რომლებიც ცნობიერების დანიშნულებას ობიექტური სამყაროს მაქსიმალური ადეკვატურობით ასახვაში ხედავენ. პერსონალისტური ფსიქოლოგიისთვის ცნობიერების ცნება ბევრად უფრო ფართოა და ამიტომ ფანტაზიაც მისთვის არ არის მხოლოდ სავალალო ფაქტი და მეტი არაფერი.
II ფანტაზიის შესწავლა პერსონალისტურ ფსიქოლოგიაში ორ კითხვას შეიცავს. პირველია ფანტაზიის წარმოშობის საკითხი ანუ როგორაა შესაძლებელი, ადამიანს ჰქონდეს ობიექტური სამყაროს შეუსატყვისი წარმოდგენათა სამყარო. მეორეა ფანტაზიის პერსონული აზრის საკითხი ანუ რას ნიშნავს თვით პერსონისთვის ცნობიერების ეს არაობიექტური სამყარო.
III ფანტაზიის სამყარო წარმოადგენს პიროვნების ერთგვარ გაფართოებასა და გარესამყაროსაგან თავშესაფარს, რაც შეიძლება ზოგჯერ საზიანოც იყოს მისთვის. ფანტაზიაში მჟღავნდება და სრულდება პიროვნების ოცნება, მისი სურვილები, რომელთა განხორციელება ობიექტური სინამდვილის სამყაროში შეუძლებელია. ფანტაზიის სამყარო რეალური სამყაროს მაგივრობას სწევს იქ, სადაც რეალური სამყარო პიროვნების ამგვარი სურვილების განხორციელებისთვის შესაფერის ნიადაგს არ ქმნის.
IV ფანტაზიაში მხოლოდ ცნობიერი სურვილი არ ხორციელდება; პიროვნების სურვილები და მოთხოვნილებები ცნობიერებაზე უფრო ღრმად მდებარე ფენებიდანაც მომდინარეობს. როდესაც სურვილი ცნობიერია, მაშინ ფანტაზია ოცნების სახეს მიიღებს. მაგრამ თუ ის არ არის გაცნობიერებული, ფანტაზიის ხატი შეიძლება მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი იყოს და თავისთავად არაფერს ამბობდეს პიროვნების სურვილის შესახებ.
V ფსიქოანალიზმა საფუძვლიანად შეისწავლა ფანტაზიათა სიმბოლური მნიშვნელობა. ამ მხრივ, მისი დამსახურება ფსიქოლოგიის წინაშე უდიდესია. მაგრამ ამ სკოლის ნაკლი ის იყო, რომ მან ფანტაზმაში მხოლოდ
სიმბოლური მნიშვნელობა დაინახა და ის პიროვნების ღრმა ფენებიდან ერთი, სახელდობრ, სექსუალობის სფეროს ინტერპრეტაციისთვის გამოიყენა.
სინამდვილეში, ფანტაზია შეიძლება სულაც არ იყოს სიმბოლური ხასიათის. მეორე მხრივ კი, სიმბოლური მნიშვნელობა შეიძლება პიროვნების სიღრმის სხვადასხვა სფეროზე მიუთითებდეს, რადგან პიროვნება რთული
მთლიანობაა და არა მარტივი. მიუღებელია თვალსაზრისი ერთმნიშვნელოვანი სიმბოლიკის შესახებ, რომლის თანახმად ერთი და იმავე ხასიათის ფანტაზმა ყოველთვის და ყველა პიროვნებაში ერთსა და იმავეს
ნიშნავს.
VI ამრიგად, ფანტაზია ერთგვარად უარყოფს ობიექტურ სინამდვილეს, სამაგიეროდ, ის ქმნის თავისებურ, სუბიექტურ სამყაროს. შეიძლება გვეფიქრა, რომ პიროვნება ან ობიექტურ სამყაროში ცხოვრობს, ან
სუბიექტურში. მაგრამ ყველაზე უფრო სუბიექტური სახეც კი ფანტაზიისა – სიზმარი – არ არის სრულიად თავისუფალი ობიექტური სამყაროს ზეგავლენისაგან: ხშირად ის განპირობებულია ძილის დროს მიღებული
გრძნობადი გამღიზიანებლებით, ან წარსულში სიფხიზლეში მიღებული შთაბეჭდილებით.
VII ფანტაზიის მოქმედების კიდევ ერთ სარბიელს თამაში წარმოადგენს. თამაშის სახეობათაგან საგულისხმოა ე. წ. ფანტაზიის თამაში. მასში ფანტაზია სცილდება პიროვნების შიდასამყაროს და ობიექტურ სამყაროში გაიჭრება. ობიექტური სამყარო აუცილებელი ხდება მისი მოქმედებისათვის; ფანტაზია აქ წარმოდგენათა თამაშით კი აღარ კმაყოფილდება, როგორც სიზმარსა და ოცნებაში, არამედ მოქმედებს გარესამყაროში. თამაშის ეს სახეობა ძირითადად ბავშვობის ასაკში გვხვდება. ზრდადასრულებული ადამიანი ასეთ თამაშს ნაკლებად მიმართავს. მას ეძლევა ფანტაზიის ობიექტივაციის სხვა შესაძლებლობაც; ეს არის შემოქმედება, რომელიც ფანტაზიის ობიექტივაციის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”