აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერებისთვის დღემდე ნებადართულია თხილის რეალიზება საქართველოსთან თანამშრომლობით, მაგრამ 2018 წლიდან, ევროკავშირის მოთხოვნით, საჭირო გახდება პროდუქციის წარმოების სერტიფიკატი, რაც პრობლემას შეუქმნის მათ, ვინაიდან საეჭვოა რომ დეფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს სერტიფიკატით ვაჭრობის საშუალება მისცეთ. პრობლემის შესახებ ცნობილი ბრიტანული გამოცემა ,,The Economist-ი“ წერს.
შავი ზღვითა და რუსეთით იზოლირებული საქართველო, ბოლო რამდენიმე ათწლეულია ცდილობს დაამყაროს ახლო კონტაქტი ევროპასთან და ამაში დიდ როლს თამაშობს თხილის ექსპორტი. 2007 წელს, იტალიურმა კომპანია ,,ფერერომ” იმისთვის, რომ ,,Nutela-ს” წარმოება თხილით უზრუნველეყო, საქართველოში თავისი ფილიალი გახსნა, რის შემდეგაც, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე თხილის ექსპორტიორი ქვეყნების სამეულში მოხვდა იტალიასა და თურქეთთან ერთად.
2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შედგა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, თუმცა ამ ფაქტს ექსპორტთან დაკავშირებით მდგომარეობა მოლოდინისამებრ არ გაუუმჯობესებია. ქართული თხილის ექსპორტის თითქმის 10 %-ი აფხაზეთზე მოდის, რომელმაც 1992-93 წლებიდან დე ფაქტო დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს არ აქვს ოფიციალური სავაჭრო ურთიერთობა აფხაზეთთან, ხოლო თხილი ერთადერთი პროდუქტია, რომლის ამგვარად რეალიზების უფლებასაც აფხაზეთის ხელისუფლება აძლევს ადგილობრივ ფერმერებს.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განისაზღვრა, რომ 2018 წლისთვის ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის სტანდარტებს და, მათ შორის, უნდა ჰქონდეს ოფიციალური მოწმობა წარმოების ადგილის შესახებ. „მაშინაც კი, თუკი აფხაზები მიიღებენ ქართულ სერტიფიკატებს, ამ ქმედებას ხელისუფლება ეროვნულ ღალატად მიიჩნევს, ამიტომ, დიდი შანსია, რომ შეწყდეს ,,Nutella-ს” წარმოებისთვის იქაური თხილის მიღება”-ნათქვამია გამოცემაში.
აფხაზეთის ევროპისგან იზოლირება კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის მას რუსეთზე, ,,რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და თხილზე მოთხოვნა იქ ნაკლებია, ამიტომაც, პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ სწორედ ისეთ პროდუქტს, რაზეც იქ დიდი მოთხოვნაა, მაგალითად, ციტრუსებს და ღვინოს” – აღნიშნა ე.წ. აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა – ადგურ არძინბამ. გამოცემაში აღნიშნულია, რომ ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ორ მხარეს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების წარმოებაა ჟენევაში, თუმცა მხარეები ამ კუთხით არ აქტიურობენ და არც ვაჭრობის საკითხი ყოფილა ჯერჯერობით მათ დღის წესრიგში.
წყარო: The Economist
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი „დოქტრინა“