თამაში ძალზედ დიდ როლს ასრულებს ბავშვის განვითარების საფეხურებზე. ის ხელს უწყობს მოტორულ და კოგნიტურ განვითარებას. ჩვენ ვიცით, რომ პატარა არსება ინტენსიურად იცვლება და მისი შესაძლებლობები უფრო და უფრო მაშტაბური ხდება. როდესაც ვსაუბრობთ თამაშზე და განვიხილავთ მას ბავშვთა ფსიქოლოოგის ჭრილში, ბუნებრივია, უნდა შევეხოთ ფანტაზიასა და წარმოსახვის უნარს. ზრდასრული ადამიანი ურთიერთისაგან კარგად არჩევს ნამდვილსა და არანამდვილს. ბავშვი კი გარკვეულ ასაკობრივ პერიოდში ამ ორს შორის სხვადასხვაობას ვერ განიცდის. მათ თავიანთი, ასე ვთქვათ, ბავშვური სინამდილე აქვთ. მაგალითად, პატარების თამაშის პროცესის დაკვირვებისას შევნიშნავთ, თუ როგორ ეპყრობა იგი თავის სათამაშო საგანს. თოჯინას უვლის ისე, თითქოს, მართლაც სულიერი არსება იყოს. ამის მიუხედავად იცის, რომ ეს ასე არაა, მაგრამ თამაშის თავისებურებაც ეს გახლავთ, რომ ერთდროულად იგი ფანტაზიით მოცული რელობაცაა და ასევე – სინამდვილეც. ამრიგად, მათთვის რეალობა და თამაშის სინამდვილე ერთნაირად აღიქმება.
ორი წლიდან ბავშვი ვირტუალურ ანუ თამაშის სამყაროში ცხოვრობს. ეს მათი ადრეული ასაკის ძირითადი ნაწილია. ისინი ირგვლივ მდებარე საგნებს ობიექტურად ვერ აღიქვამენ. მათ ამ ასაკისთვის დამახასიათებელი სუბიექტური წარმოდგენები აქვთ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით ნათლადაა გამოკვეთილი თამაშის დროს. მათ შეუძლიათ ყველაფერს სუბიექტური ახსნა მოუძებნონ, ან ერთი კონკრეტული საგანი სასურველ სათამაშოდ გადააქციონ. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარებია ჩართული. პატარებს მოსწონთ თამაში, ვინაიდან ყველაფერი მათ ნებაყოფლობაზეა დამოკიდებული. თავს თავისუფლად გრძნობენ, რადგან თავად ადგენენ წესებსა და პრინციპებს. თამაში ცვლის სინამდვილეს და ისინი ქმნიან სუბიექტურ რეალობას, სადაც მუდმივად ერთი რაღაცის სხვა რამედ გადაქცევაა შესაძლებელი.
ბავშვი თავის სისუსტეს და უნარჩვევების ნაკლებობას ყოველთვის განიცდის. მათ არ შეუძლიათ იმოქმედონ ისე, როგორც ამას ოჯახის წევრები ახერხებენ, უმეტესად დამოუკიდებლად ვერ იკმაყოფილებენ სურვილებს. ამაში ზრდასრული ადამიანის ჩართულობა ეხმარებათ. იმას, რასაც სინამდვილეში ვერ ანხორციელებენ თამაშის პროცესში გადააქვთ და სწორედ ამ გზით ცდილობენ დაიკმაყოფილონ მისწრაფებები და სურვილები. მაგალითად, მათ არ გამოუვათ და, ამასთანავე, უფროსები არც ნებას მისცემენ იმისას, რომ სამზარეულოში რაიმე აქტივობა დამოუკიდებლად მოიმოქმედონ. ვინაიდან ეს გარკვეული პერიოდი შეუძლებელია, ისინი იყენებენ სათამაშო მოწყობილობებს, რომლის მსგავსებსაც დედა მოიხმარს. იგივე კონტექსტი შეგვიძლია მოვარგოთ სხვა გასართობ თამაშებსაც. ე.ი. ბავშვი იმ მოქმედებას მიმართავს, რომელიც ზრდასრული ადამანის სერიოზულ საქმიანობად მიიჩნევა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მეთოდის დახმარებით მომავალი ცხოვრებისთვის ემზადებიან. იმას, რასაც დღევანდელ დღეს ფანტაზიისა და წარმოსახვის დახმარებით ასრულებენ წლების შემდეგ რეალურად განახორციელებენ.
მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა ამ საკითხში. დედ-მამა ბავშვთან თამაშის დროს აუცილებლად უნდა გამოჰყოფდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარები ამის დეფიციტს განიცდიან. შესაძლოა ამაზე სულაც არ გამოთქვან პრეტენზია, მაგრამ მათ მდგომარეობას ესაჭიროება მშობლების გვერდში დგომა. აღმზრდელისა და აღსაზრდელის თამაშის პროცესის დროს ინფორმაციები იცვლება. მათი ემოციური მდგომარეობისათვის ეს პროცესი დადებითად მოქმედებს. აღსანიშნავია ის, რომ აღმზრდელი არ უნდა შეიჭრას ბავშვის სურვილებში, არამედ ის უნდა მიჰყვეს პატარის მიერ შედგენილ წესებს, მხარი დაუჭიროს და მასთან ერთად განიცადოს ესა თუ ის არარეალური მდგომარეობა. კომუნიკაციისთვის ეს ერთ-ერთი ხელსაყრელი მეთოდია. მშობელს შეუძლია გამოიცნოს შვილს რისი დანაკლისი აქვს ან რისკენ მიისწრაფვის. ამ პროცესში ეს ყველაფერი იოლად ჩანს, მთავარია დაკვირვება და ზრდასდრული ინფორმირებული იქნება მცირე წლოვანის სულიერი მდგომარეობის შესახებ. უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს თამაშის დროს მუდმივად გამოხატული ნეგატივი, აგრესია და სხვა უარყოფითი ქმედებები თუ ემოციები. ამის შეფასება, ისე, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა არაა მიზანშეწონილი. რადგან აგრესიით ბავშვის ფსიქიკა იტვირთება და პოზიტივის ადგილი აღარ რჩება. სასურველია მშობელმა შეუმჩნევლად გამოიკვლიოს აგრესიის ჩამოყალიბების მიზეზი ან, თუნდაც მიმართოს სპეციალისტს და აღმოფხვრას მოცემული პრობლემა.
როგორც ცნობილია, ადრეული ასაკი მომზადებაა შემდგომი, სოციალური ცხოვრებისათვის. თამაშის გავლენა აქაც შესამჩნევია. მაგალითად, ზოგიერთი პატარა უპირატესობას მარტო თამაშს ანიჭებს და უარს ამბობს გუნდურ აქტივობაზე. როდესაც ეს მდგომარეობა უცვლელია და მუდმივად იზოლაციას ამჯობინებს ბავშვი, მაშინ მშობელმა უნდა იფიქროს მის სამომავლო ცხოვრებაზე და დაეხმაროს შვილს ამ პრობლემის გადალახვაში. არც ამგვარი ფაქტი უნდა დარჩეს აღმზრდელის მხრიდან უგულვებელყოფილი, რათა შემდგომი განვითარების ბარიერი აღსაზრდელმა იოლად დასძლიოს.
ამრიგად, ჩვენთვის ნათელია თამაშის არსი, მისი მნიშვნელობა ბავშვთა განვითარების მიხედვით და ამ პროცესში დედ-მამის ჩართულობის აუცილებლობა. დაუთმეთ დრო პატარებთან ურთიერთობას. ეს არა მხოლოდ ემოციური კავშირის დახმარებაში დაგეხმარებათ, არამედ შეგიქმნით წარმოდგენას ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მის სურვილებსა თუ მოთხოვნილებებზე.
მასალა მოამზადა: მედეა გელდიაშვილმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”