close
ბიზნესიფსიქოლოგია

,,მერე გავაკეთებ“ ეფექტი – თანამედროვე ადამიანის სენი

 

 პროკრასტინაცია ანუ „მერე გავაკეთებ“ ეფექტფართოდ არის გავრცელებული, თითქმის ნორმას წარმოადგენს, მაგრამ, რიგ შემთხვევაში, ის შეიძლება ნამდვილ სენად იქცეს – ადამიანი გამუდმებით „ხვალისათვის გადადებს“ ხოლმე აუცილებელ, მნიშვნელოვან საქმეს, თუმცა სერიოზული ხელისშემშლელი მიზეზი არა აქვს. ამასთანავე შფოთავს, რომ არ ასრულებს მას. შესაბამისად, დანიშნული დროისათვის ვერ ასწრებს მის გაკეთებას, ან უხარისხოდ აკეთებს, ხან საერთოდაც უარს ამბობს მის შესრულებაზე.

ამერიკელი ფსიქოლოგის, ბლუნტის კვლევების მიხედვით, სტუდენტთა დროის დაახლოებით მესამედი პროკრასტინაციის ეფექტს მიაქვს; კომპიუტერული თამაშებისა და ინტერნეტის საყოველთაო გავრცელების პირობებში, პროკრასტინაციის ეფექტით მოცული ადამიანების რიცხვი გამუდმებით იზრდება, შესაბამისად, იზრდება ფუჭად დახარჯული დროის მოცულობაც.

 ვერტენბროხმა პროკრასტინაციის ეფექტი დროითი ზღვრის დაწესების პირობებში შეისწავლა. მან ექსპერიმენტში მონაწილე სტუდენტები სამ ჯგუფად დაყო და სამი კვირის განმავლობაში სამი ნაშრომის დაწერა დაავალა. პირველ ჯგუფს სამივე ნაშრომი ბოლო დღეს უნდა ჩაებარებინა, მეორე ჯგუფს თავად შეეძლო ვადების განსაზღვრა, ხოლო მესამე ჯგუფს კვირაში ერთი ნაშრომი უნდა ჩაებარებინა. შედეგად, სამუშაო ყველაზე კარგად – მესამე ჯგუფის, ხოლო ყველაზე ცუდად პირველი ჯგუფის წევრებმა შეასრულეს.

 მიდგომა „მერე გავაკეთებ“ უბიძგებს ადამიანს, ამჟამინდელი, წუთიერი სიამოვნება ამჯობინოს გასაკეთებელ საქმეს, ისევე როგორც „დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს“. ამ ფენომენის შესასწავლად უოლტერ მიშელმა ჩაატარა ექსპერიმენტი 650 ბავშვზე. ის სამი-ექვსი წლის ბავშვებს სთავაზობდა კანფეტს, ამასთანავე, აცნობდა პირობას – თუ 15 წუთი კანფეტის ჭამისაგან თავს შეიკავებდნენ, დამატებით კიდევ ერთ კანფეტს მიიღებდნენ. ბავშვების 70%-მა თავი ვერ შეიკავა და კანფეტი დროზე ადრე შეჭამა. 15 წლის შემდეგ მიშელმა შეისწავლა ამ ბავშვების ცხოვრება; აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც ექსპერიმენტში ცდუნებას გაუძლო, საშუალოდ სხვებზე მნიშვნელოვნად მეტი ქულა მიიღეს მისაღებ გამოცდებში. შემდგომმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მათ სხვებზე უკეთეს კარიერულ წარმატებას მიაღწიეს. პროკრასტინაციის ეფექტს ფსიქოლოგთა ნაწილი ინდივიდის შფოთვას უკავშირებს – პროკრასტინაციისაკენ მეტადაა მიდრეკილი ისეთი ადამიანი, ვინც ხშირად არის სტრესულ მდგომარეობაში, ვისაც უფრო მეტად აქვს მომავლის შიში და ნაკლებად არის დარწმუნებული საკუთარ თავში. მეორე მიდგომის თანახმად, ძირითადი მიზეზი დაბალი მოტივაციაა. მეცნიერთა მესამე ჯგუფი ევოლუციონისტურ თეორიას ეყრდნობა და მიიჩნევს, რომ პროკრასტინაცია ქცევის გამართლებული ფორმა იყო ადამიანის განვითარების პროცესში, იმ ადრეულ ეტაპზე, როდესაც ადამიანი დღევანდელი დღით ცხოვრობდა და გადარჩენის პროცესში „დღევანდელი კვერცხის არჩევანი“ უმეტესად ამართლებდა. ქცევის ეს ფორმა ინერციით მოყვება ადამიანს, არაცნობიერად განსაზღვრავს მის ქცევას და მხოლოდ ახლა, ტექნოლოგიურ ეპოქაში, გამოვლინდა მისი ნაკლოვანება. სტივენ ქოვიმ ჩამოაყალიბა პროკრასტინაციის დაძლევის ე. წ. დროის მართვის ფრანკლინის მეთოდი. ამ მეთოდის თანახმად, დროის სწორად მართვისათვის საჭიროა საქმეების დახარისხება პრიორიტეტების მიხედვით და შემდეგ შესაბამისი სამოქმედო გეგმის შედგენა. საქმის პრიორიტეტულობის განსაზღვრა ხდება ორი კრიტერიუმის – მნიშვნელოვანისა და სასწრაფოს – კომბინაციის გამოყენებით.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid