close
რელიგია და მეცნიერებაფილოსოფიაფრაზები

,,ეს ქვეყანა სიკეთისა და ბოროტების სათესი მინდორია – რასაც დასთეს, მასვე მოიმკი”

,,დოქტრინა” გთავაზობთ ქეიქაუს იბნ-ისქანდერ იბნ-ყაბუს იბნ-ვუშმაგირის დარიგებათა წიგნიდან – ,,ყაბუს ნამედან” მონაკვეთს, კერძოდ, შესავალს:
,,ახლა ისეთი დრო დადგა, შვილი მამის რჩევას ყურს აღარ უგდებს. ჭაბუკთა სულში ცთუნების ცეცხლი გიზგიზებს. ისინი საკუთარ ცოდნას უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე მოხუცთა განსწავლულობას. თუმცა ეს ჩემთვის ცნობილი იყო, მაგრამ მამობრივმა სიყვარულმა დუმილის ნება არ მომცა, ამიტომ ყველა იმ ცოდნიდან, რისი შეთვისებაც შევძელი, თითო სიტყვა ამოვკრიბე და რაც უფრო აუცილებელი და საუკეთესო იყო, ამ წიგნში გადმოვეცი. თუ ჩემს სიტყვებს გულისყურით მოეკიდები, კარგი იქნება, თუ არა და მამის მოვალეობას მაინც მოვიხდი, ნათქვამია: მთქმელს თქმის მეტი არაფერი მოეთხოვება და თუ მსმენელი არ შეისმენს, სავალალო არაფერიაო.
შვილო ჩემო! ადამიანის ბუნება ასეთია: რაც მას ამ ქვეყნად წილად ხვდა, სურს რომ ყველაზე ძვირფას არსებას დაუტოვოს. ამ წუთისოფლისაგან ჩემი ხვედრი ეს სიტყვებია, ხოლო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი შენა ხარ. მე განვემზადე გასამგზავრებლად, შენ კი გამოგიგზავნე ის, რაც მე წილად მხვდა. ნუ იქნები ზედმეტად თავმოყვარე, უღირს საქმეს ერიდე და იცხოვრე ისე, როგორც შენს წმინდა გვარს შეეფერება.
შვილო ჩემო! ახლოა ის დღე, როცა მე ამ ქვეყნიდან წავალ, და მალე შენც ჩემს გზას დაადგები. დღეს, ვიდრე ამ ცოდვილ ქვეყანაზე ხარ, საჭიროა აღზრდა მიიღო და ისეთ საქმეს მოჰკიდო ხელი, რომელიც სამუდამო სამყოფელში გამოგადგება. ეს ქვეყანა სიკეთისა და ბოროტების სათესი მინდორია, – რასაც დასთეს, მასვე მოიმკი. თავის მომკილს მინდორში არავინ შეექცევა, წაიღებს და განსასვენებელ ადგილზე მიირთმევს. განსასვენებელი ადგილი სამუდამო სამყოფელია. კეთილი ხალხი ლომივით იქცევა, ბოროტი – ძაღლივით. ძაღლი სადაც კი რაიმეს წააწყდება, იქვე შეჭამს; ლომი კი ნანადირევს სხვაგან მიირთმევს. სანადირო ადგილი ეს ცოდვილი ქვეყანაა, ნანადირევი – კეთილი საქმეებია. ამიტომ, საჭიროა, ამ ქვეყნადვე ინადირო, რათა იმ ქვეყნად ნანადირევს მშვიდად შეექცე.
მაღალი ღვთის მორჩილება სასუფევლისაკენ მიმავალი გზაა. ის, ვინც ღვთისაკენ მიმავალ გზას ეძებს, ცეცხლის დარია: რაც უნდა ქვევით შეუნთო, ალი მაინც ზევით ავარდება. ის, ვინც ღვთის გზას გადაუხვევს, წყალს ემსგავსება: რაც უნდა მაღლა აიტანო, ის მაინც დაღმა მოედინება. ამიტომ, ჩემო ძვირფასო, უმაღლესი და უწმინდესი ღვთისაკენ მიმავალი გზის შეცნობა აუცილებლად ჩათვალე. დიდება მის სახელს! დე, ყველას მოეფინოს წყალობა მისი! დე, განდიდდეს იგი! დე, განიხარებდეს მეუფე ჩვენი! გულმხურვალედ და მთელი არსებით დაადექი ჭეშმარიტების გზას. იარე ისე, როგორც ამ გზით ჭეშმარიტების შეცნობისათვის მებრძოლ ხალხს და სარწმუნოებისათვის თავდადებულ ადამიანებს უვლიათ. ისინი უარყოფდნენ თავიანთ არსებას. მათ ზურგი შეაქციეს ამ ცოდვილ ქვეყანას, მიისწრაფოდნენ და მიეშურებოდნენ იდუმალი სამყაროსაკენ, რათა შეეცნოთ ღმერთი, უბადლო და ერთადერთი. ისინი ამ ხეტიალში იღუპებოდნენ და სასოებით სწირავდნენ თავს. რაოდენ დიდია იმ მონის ბედნიერება, რომელსაც ასეთი ხვედრი ხვდა წილად. და იქნებიან ისინი განდიდებულნი და სახელგანთქმულნი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid