2010-2014 წლების მონაცემებით, საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. აღნიშნული შეფარდება, მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს.
მეზობელი ქვეყნების – აზერბაიჯანისა და სომხეთის მსგავსად, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქართველოც გამოირჩეოდა მამრობითი სქესის ახალშობილთა სიჭარბით, რაც დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი შეფარდების გადახრით გამოიხატა.
მოკლედ რომ ვთქვათ – 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგონა არ დაიბადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭია, 27 682 – გოგონა, თუმცა შობადობა შემცირებულია. კერძოდ, 2016 წელს 2 680-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე წინა წელს. 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა. 2015 წელს კი – 59 249-ს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”