close
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციასაქართველო

ხის სათამაშოებიდან საყოფაცხოვრებო ავეჯამდე – 19 წლის სტარტაპერი – გოგა ოთინაშვილი „საგოს“ შესახებ

„საგო“ გასული წლის დეკემბერში, 19 წლის გოგა ოთინაშვილის მიერ დაარსებული სტარტაპია, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილ ხის, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს გვთავაზობდა, დღეს კი – ახალგაზრდა მეწარმის დაუღალავი შრომისა და ენთუზიაზმის შედეგად,  კიდევ უფრო განვითარდა. სტარტაპმა მომხმარებელს არჩევანის გაცილებით უფრო ფართე სპექტრი შესთავაზა და სათამაშოებთან ერთად, ასევე ხისგან დამზადებული საბავშვო თუ სხვა საყოფაცხოვრებო ავეჯის წარმოებასაც აქტიურად და საკმაოდ წარმატებით შეუდგა. გოგა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პირველკურსელია და, ასაკის მიუხედავად, უკვე საკმაოდ აქტიურად ფიგურირებს სხვადასხვა მედიასივრცეში,

კომპანია ამჟამად ამზადებს ბავშვის თანამედროვე საწოლებს, თაროებსა თუ საკიდებს და უკვე ჰყავს რამდენიმე კმაყოფილი კლიენტი. აღსანიშნავია რომ ნაწარმი 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით მზადდება, რათა ბავშვებს არ შეექმნათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები. ხოლო რაც შეეხება ფასებს, შეიძლება ითქვას, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ავეჯი  საქართველოსთვის ბაზრისთვის ყველაზე მისაღები ფასებით გამოირჩევა, რადგან, როგორც გოგა აღნიშნავს, ეს არ არის მხოლოდ საქმე ბიზნესისთვის, არამედ ეს არის საქმის სიყვარული და მეწარმის პრინციპებშიც არ ჯდება პროდუქტზე ფასების ხელოვნური მატება.

ის რასაც თავად გოგა „ჩხირკედელაობას“ უწოდებს, რეალურად საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, მაგრამ კრეატიულ ახალგაზრდას არ ეშინია საკუთარი იდეების განხორციელებისთვის ბრძოლის, ასევე, აქტიურად არის ჩართული ,,ტექნოპარკის” მიერ ორგანიზებულ პროექტებშიც და ახალგაზრდებსაც მოუწოდებს, რომ დრო მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი იდეების გენერირებისთვის „თუნდაც ერთი წლის წინ, ჩემთვისაც  წარმოუდგენელი იყო, რომ ამხელა საქმეს შევეჭიდებოდი, მაგრამ კომპანიას, ამ ეტაპზე, უკვე აქვს საკუთარი ბრუნვა და იმ ერთმა ცდამაც დადებითი შედეგი გამოიღო, ამიტომ, მივიჩნევ, რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა გაიღოს, იმისთვის, რომ ცხოვრებაში საყვარელი საქმე აკეთოს და არ შეეშინდეს შესაძლო დაბრკოლებების“. 

გოგას სამომავლო გეგმები კვლავ ხის დამუშავებას უკავშირდება, მას დიდი სურვილი აქვს, გახსნას ხის სათამაშოების ადგილობრივი საწარმო, რაც ხელს შეუწყობს ასევე დამატებითი სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უმოკლეს ვადაში ვერ მოხდება თუ არ იქნება შესაბამისი დაფინანსება და ხელშეწყობა სხვადასხვა სექტორს მიერ.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid