,,ზოგადი განათლების შესახებ,” საქართველოს კანონის შესაბამისად : ,,ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავიტაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისათვის. დაწყებითი და საბაზისო განათლების მიღება სავალდებულოა.”
აღნიშნული განმარტება, ცალსახად არ მოიაზრებს სოციუმის რომელიმე ჯგუფის კანონის უზენაესობის ფარგლებს გარეთ დარჩენას.
ამ კუთხით, რა თქმა უნდა, არც მიუსაფარ მოზარდთა ჯგუფი უნდა იყოს გამონაკლისი და მათაც უნდა ჰქონდეთ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ზოგადი განათლების მიღების, პიროვნებისა და უნარ-ჩვევების განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.
არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც ქმნის ბარიერებს, მიუსაფარი მოზარდებისათვის (ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე მოზარდებისათვის), ფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობებისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის კუთხით. აღნიშნული ბარიერები აიძულებს მათ, თავი სასკოლო ცხოვრებიდან და თანატოლების საზოგადოებიდან გარიყულად იგრძნონ.
მოზარდებზე ვამახვილებ ყურადღებას იმიტომ, რომ მიუსაფარ ადამიანთა ასაკობრივ ჯგუფებს შორის მოზარდები 14-18 წელი, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია: მათთვის სახელმწიფოს არ აქვს არანაირი შეთავაზება დასაქმების და სხვა ინტერვენციების კუთხით, საზოგადოების მხრიდან მოდის დიდწილად აგრესია, უკეთეს შემთხვევაში უარყოფა. და ეს კატეგორია განწირულია სტიგმისათვის – ,,პოტენციური კრიმინალები”.
მსოფლიოს გამოცდილებაზე დაყრდნობით, სკოლის მიტოვების მაჩვენებელი მოქმედებს ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. ადამიანებს, რომლებიც ადრეულად გამოეთიშნენ ფორმალურ განათლებას, მეტი ძალისხმევა სჭირდებათ სამსახურის მოძიებისათვის, სოციალურად მეტად დაუცველები არიან, აღენიშნებათ პროფესიული უნარების განვითარების დეფიციტი, იოლად აღმოჩნდებიან ხოლმე დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩათრეულნი.
ეს არის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა, რომელიც, პირდაპირ თუ ირიბად, გავლენას ახდენს საზოგადოების ყველა წევრზე. და სანამ სახელმწიფო კეთილ ნებას გამოიჩენს, ჩვენი, საზოგადოების ვალდებულებაა გადავარჩინოთ ეს ბავშვები. და რადგან სხვისი შვილი არ არსებობს, ქუჩიდან თავშესაფრისაკენ მივმართოთ მათი არსებობა, სადაც არა მხოლოდ სუფთა ლოგინი დახვდებათ, არამედ, ძალიან კვალიფიციური და გულისხმიერი უფროსი მეგობრები, რომლებსაც კარგად ესმით რა არის ბრძოლა არსებობისათვის. ამ თავშესაფრების მამოძრავებელი ძალა იქნება გულწრფელობა და ემპათია, სხვა თუ არაფერი, სიყვარული ამოძრავებს დედამიწას!
მასალა მოამზადა: თამარ კენკებაშვილმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”