,,დოქტრინა” აგრძელებს წარმატებული ქართველი სტუდენტების შესახებ საუბარს და ამჯერად ნელი ახობაძეს გაგაცნობთ, რომელმაც უკვე მეორედ მოიპოვა სასწავლო სტიპენდია ჩინეთში და აკადემიური მიღწევების გარდა, აქტიურადაა ჩართული მასპინძელი ქვეყნის კულტურულ ღონისძიებებშიც. საკუთარი პროფესიისა და უცხო ქვეყანაში მიღებული გამოცდილების შესახებ ნელიმ თავად გვიამბო.
-ნელი, უპირველეს ყოვლისა, გვიამბე როდის და რატომ გადაწყვიტე საკუთარი პროფესია ჩინურ კულტურასთან დაგეკავშირებინა?
-საკუთარ თავს ხუმრობით თსუ-ის გზააბნეულს სტუდენტს ვუწოდებ, რადგან მას შემდეგ, რაც 2012 წელს ჩემი კინო-ტელეხელოვნების კურსი მთლიანად დაიხურა, იძულებული ვიყავი პროფესია შემეცვალა და ბევრი ფიქრის შემდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ აღმოსავლური კულტურა ბავშვობიდან მიტაცებდა, პირველად პროფესიად არაბული ენა ავირჩიე, ხოლო დამატებით აღმოსავლურ ენად ჩინური ენის აღებამ, ფაქტობრივად, შეცვალა ჩემი მომავალი და ჩინური ენა, რომელიც ჩემს უნივერსიტეტში მხოლოდ მაინორ პროფესიად ისწავლება, დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის უმთავრეს სფეროდ იქცა.
-როგორც ვიცი, წელს ჩინეთში უკვე მეორე სასწავლო გრანტი მოიპოვე, რამდენად რთულია ქართველი სტუდენტისთვის აქ მოხვედრა?
-დიახ, წელს უკვე მეორედ ვარ ჩინეთში ერთწლიანი კურსის გასავლელად. თავდაპირველად თსუ-ის გაცვლოთ პროგრამაში მივიღე მონაწილეობა და ერთი წლით ჩამოვედი ჭეძიანის საერთაშორისო სწავლების უნივერსტეტში და აქ მოპოვებული სტიპენდიით წლის ბოლოს ჩინური ენის მეხუთე დონის სერტიფიკატიც ავიღე. დღეს თსუ-ის სტუდენტებისთვის ჩინეთში სწავლა ძალიან მარტივია, იმიტომ რომი თუნდაც მხოლოდ ჩემი უნივერსიტეტი წელიწადში 7 ადგილს სთავაზობს თსუ-ის სტუდენტებს, გარდა ამისა, გვაქვს კონტაქტები სხვა ჩინურ უნივერსიტეტებთანაც, ამასთანავე, საქართველოშ არსებობს ჩინეთის მთავრობის სტიპენდიაც, რომლის ფარგლებშიც შევძელი აქ მეორედ ჩამოსვლა.
-რა მოგწონს ჩინეთში ყველაზე მეტად?
-რა თქმა უნდა, ჩემთვის ჩინური კულტურა ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, მათ ოპერასთან და მხატვრობასთან ასოცირდება, აქაური ხელოვნება ნამდვილად არის ის, რაც ყოველთვის მიზიდავდა, მაგრამ აქ ყოფნის მანძილზე, მივხვდი რომ მათი ცხოვრების წესიც არანაკლებ საინტერესო და განსხვავებულია ჩვენი რეალობისგან, მაგალითად, ყველაზე ძალიან მომწონს აქაური სამსახურის და სწავლის გრაფიკი, რომლის ხანგრძლივობაც დილის 08:00-დან 12:00-მდეა, ამ პერიოდს ყველა დაწესებულებაში მოსდევს ორსაათიანი შესვენება და 14:00 დან 17:00-მდე პროცესი კვლავ აღდგება.
-ყველაზე მეტად, რით არის ჩინური განათლების სისტემა შენთვის გამორჩეული?
-განათლების სისტემას რაც შეეხება, აღვნიშნავდი, რომ სწავლისას განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თუ რამდენად ხარ ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, საბოოლოდ კი – ეს ყველაფერი ასე ჯამდება, მაგალითად, თუ უნივერსიტეტმა გამოყო 2 სტიპენდია და არის ერთი 100-ქულიანი სტუდენტი, რომელსაც არ აქვს აქტივობები და სხვა 90-ქულიან სტუდენტს აქვს აქტივობები, მაშინ აუცილებლად დააფინანსებენ სწორედ მეორეს. შესაბამისად, ყოველ კვირაში იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება – როგორც უნივერსიტეტში, ისე ქალაქის მასშტაბით და ვცდილობ მაქსიმალურად ჩავერთო ხოლმე, ამ მხრივ, წელს გამოვარჩევდი ,,Mengxing Zhejiang-ს”, უცხოელი სტუდენტებისთვის განკუთვნილ კონკურსს, სადაც უნივერსიტეტელებთან ერთად ჩინური ტრადიციული ცეკვა დავდგი და საპრიზო ფონდიც დავიმსახურე.
-ნელი, როგორია შენი სამომავლო გეგმები?
-შორს მიმავალი გეგმები ჯერჯერობით არ მაქვს, საქართველოში ზაფხულში დავბრუნდები და, უპირველეს ყოვლისა, ბაკალავრიატის საფეხური უნდა დავხურო, შემდეგ ვეცდები მაგისტრატურაც ჩინეთში გავაგრძელო, დასასრულ კი – მინდა აღვნიშნო, რომ მათ, ვინც ჩინური ენის შესწავლას აპირებს ნუ შეეშინდებათ დაბრკოლებების და თამამად შეუდგენ საკუთარი მიზნის განხორციელებას, რადგან დღეს ნამდვილად არის ამის შესაძლებლობა.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”