17 დეკემბერს დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე – აგრესია და ანტისოციალური ქცევა მოზარდებში. თემაზე ისაუბრა სალომე ბოსტოღანაშვილმა.
აგრესია, აგრესიის გამოხატვის სწორი ფორმები, ანტისოციალური ქცევა და კანონთან დაპირისპირება დღევანდელობის აქტუალური პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ჩატარდა მრგვალი მაგიდის შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილა ის კვლევები თუ ნაშრომები, რომლებიც ასახავს ანტისოციალური ქცევის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის გზებს. ლექციაზე განიხილეს ანტისოციალური ქცევის გამომწვევი რისკფაქტორები, ასევე დამცავი ფაქტორები, რომლებიც თავიდან არიდებს ბავშვსა და მოზარდს უარყოფითი გავლენებისგან.
აუცილებელია აღინიშნოს ამ ფაქტორების მრავალფეროვნება, არ შეიძლება ვისაუბროთ ანტისოციალური ქცევის გამომწვევ მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიზეზზე. ასეთი ფაქტორები შეიძლება იყოს როგორც შინაგანი: ფიზიკური და ფსიქოლოგიური, ასევე გარეგანი: ოჯახი, სკოლა და საზოგადოებრივი სფერო.
მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ფსიქოანალიზის კლასიკურ ჰიპოთეზას ანტისოციალურ ქცევასთან მიმართებით. კანონის, სასჯელის, ბრალის გრძნობის მნიშვნელობასა და ურთიერთკავშირს. მნიშვნელოვანია, არ გამოგვრჩეს ბავშვში მომავალი კრიმინალისთვის დამახასიათებელი სიმპტომატური ქცევის ერთობლიობის აღმოჩენა, რათა თავიდან ავიცილოთ მისი ანტისოციალურ პირად ფორმირება. სიმპტომების ერთობლიობის შემთხვევაში, აუცილებელია – რეაბილიტაცია, განკურნება.
საყურადღებოა განწყობის თეორიის ხედვა ამ საკითხის მიმართ, რომლის მიხედვით გამოსავალი აღზრდის დროს ანტისოციალური ქცევის შესაბამისი სიტუაციური და დისპოზიციური განწყობების აღმოცენების თავიდან აცილებაა. ეს გულისხმობს შესაბამისი განწყობის კომპონენტების, სიტუაციის, ინსტრუმენტული შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებას.
მასალა მოამზადა: სალომე ბოსტაღანაშვილმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”