20 იანვარს ,,დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში” ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე – ინტერნეტდამოკიდებულება ბავშვებსა და მოზრდილებში.
ინტერნეტი და კომპიუტერი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მის გამოყენებას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ კომპიუტერთან გატარებული დრო, როდესაც იქცევა დამოკიდებულებად – ეს უკვე აზიანებს პიროვნების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
დამოკიდებულების ყველა ფორმას, ისევე როგორც ინტერნეტდამოკიდებულებას, ახასიათებს კმაყოფილების შეგრძნების ძიება, ამ დროს ადამიანი თანდათანობით კარგავს თავისი მოქმედების და ინტერნეტისკენ ლტოლვის კონტროლს.
ინტერნეტდამოკიდებული შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მათ შორის ბავშვი. როგორ ზემოქმედებს ბავშვებზე კომპიუტერი? მშობლები ხშირად საკუთარ კომფორტზე ზრუნავენ და ცდილობენ შეზღუდონ ბავშვის მოზღვავებული აქტივობა, ამისათვის კი იყენებენ ელექტრონულ მოწყობილობებს. ეკრანთან მჯდომი ბავშვი კი მისთვის არაბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება. აგზნებული ხდება, მოუსვენარი. ეკრანიდან მოწყვეტის შემდეგ ხშირად ხდება აგრესიული, რადგან დიდხანს დაძაბულმა უძრავი მდგომარეობიდან ერთბაშად გამოსულმა არ იცის რა მოუხერხოს ტონუსში მყოფ სხეულს. ასევე ფერხდება მეტყველების განვითარება, რადგან მეტყველების გასავითარებლად მას სჭირდება ცოცხალი ურთიერთობები ადამიანებთან.
კიდევ ერთი პრობლემა იქმნება წარმოსახვის უნარის და ემოციების განვითარებასთან დაკავშირებით. წარმოსახვა არის ახლის, აღუქმელის თვალსაჩინოდ წარმოდგენის უნარი. კომპიუტერთან ჯდომისას კი ბავშვი უკვე მზა „ხილულ ხატებს“ ეჯაჭვება (ზღაპრისგან განსხვავებით). შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერის ხშირი გამოყენება ემოციური სფეროს „დაჩლუნგებას“ იწვევს. კომპიუტერიგან განსხვავებით, რეალურ თამაშს ბავშვი ემოციურად განიცდის, ისე თითქოს ეს მართლაც რეალურია, ავლენს თავის განცდებს, გამოხატავს აზრებს თამაშის დროს და ეს მისთვის სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია. კომპიუტერთან ფერხდება სხეულებრივი აქტივობა, ხშირია მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, ჭარბწონიანობა, ხერხემლის გამრუდება და სხვა მსგავსი პრობლემები.
რით შეიძლება ჩავანაცვლოთ კომპიუტერი?
- შევთავაზოთ ალტერნატივა-რეალური თამაში, „მოდი, ერთად ვითამაშოთ“ ისეთი თამაში რომლის წამომწყები თავად იქნება. გარდა იმისა, რომ თამაში დიდ სიამოვნებას ანიჭებს მას, ამ დროს ხდება ბავშვის თვითგანხორციელება და შინაგანი პიროვნული ზრდა.
- დატვირთვა სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით (სპორტი, ცეკვა და ა.შ)
- მშობლებთან ერთად გასეირნება;
- ზღაპრების კითხვა, ერთად მოფიქრება სხვადასხვა ამბის, ისტორიის;
- ხატვა, ძერწვა, ქვიშით თამაში, ასაწყობებით თამაში და ა.შ
საჭიროა მშობლებმა მეტი დრო დაუთმონ შვილებს, რათა ტექნოლოგიური სიახლეები შვილებისთვის ზიანის მომტანად არ იქცეს.
რაც შეეხება ინტერნეტდამოკიდებულებას მოზრდილებთან, მათთვის სოცქსელები რეალური ურთიერთობის შემცველები ხდებიან, ბევრისათვის ის არარეალიზებული ოცნების ასრულების საშუალებაა. ასევე, მნიშვნელოვანია ანონიმურობის ფენომენი. ეს ყველაზე ფარული სურვილების და მიუღებელი აზრების დემონსტრირების საშუალებას იძლევა. ამ დროს სოციალური ქსელი ურთიერთობების ძირითადი წყაროა. ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია ვირტუალურ სივრცეში შესვლით გამოწვეული ეიფორია – ხშირად ინტერნეტის გამო უარს ამბობს ჭამასა და ძილზე, ეკრანთან მრავალს საათს ატარებს. ხშირ შემთხვევაში, აღენიშნება მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება, გაღიზიანება, სოციალური ურთიერთობებისადმი დაკარგული აქვს ინტერესი. რეკომენდებულია ამ დროს ცხოვრების რეჟიმის შეცვლა, საინტერესო საქმიანობის წამოწყება, სპორტი, ვარჯიში, მეგობრებთან ურთიერთობა და სოციალიზაციის სხვა საშუალებები. ეფექტურია გარკვეული ლიმიტის დაწესება სოციალური ქსელში ყოფნის.
და თუკი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ამას ადამიანი, რა თქმა უნდა, საჭიროა მიმართოს სპეციალისტს, ფსიქოლოგს.
მასალა მოამზადა: ელენე ჩუგოშვილი
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”