close
გამოგონება - ინოვაციასაქართველოტექნოლოგიები

ჰარვარდის კურსდამთავრებული ქართველი ახალგაზრდა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს

24 წლის არჩილ ჭეიშვილი „ჰარვარდის“ ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, რომელმაც ინტერესი ბიზნესსფეროს მიმართ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გამოავლინა, დღეს კი, არჩილი ბოსტონში, კომპანია „Palatine Analytics-ის“ დირექტორია და ხელოვნული ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს, საკუთარი გამოცდილებისა და საქმიანობის შესახებ არჩილი თავად გვიამბობს.

-არჩილ, რამ გადაგაწყვეტინა საკუთარი პროფესიის ბიზნესსფეროსთან დაკავშირება?

-დაწყებით კლასებში, როგორც წესი, ზოგს კოსმონავტობა სურს,  ზოგს — მეხანძრეობა, ზოგს — ექიმობა, ზოგსაც  პოლიციელი სურს რომ გახდეს, მე კი მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებდა – ბიზნესი! ადრეული ასაკიდან ვოცნებობდი, შემექმნა მასშტაბური ბიზნესი, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლიდა ხალხის ცხოვრებას, რადგან ბავშვობიდან ვხედავდი, რომ ქვეყანაში დიდი პრობლემები იყო, რომელთა გადაჭრაც ჩემს მიზნად და პირად გამოწვევად მივიღე. ვიცოდი, ამისთვის კარგი განათლება დამჭირდებოდა, თუმცა, სკოლაში სწავლისას, „ჰარვარდი“ მხოლოდ ფილმებიდან მქონდა გაგონილი და იმ დროს, ერთადერთი, რაც მასთან მაკავშირებდა, დიდი ოცნება იყო.

– როგორც ვიცი, პირველი ნაბიჯები ბიზნესში ადრეული ასაკიდანვე გადადგი, გვიამბე პირველი წამოწყების შესახებ.  

-ჩემს ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო პოკემონებით თამაში, რომლის შეძენაც, მეზობელ მაღაზიაში შეგვეძლო. ერთ დღესაც, მაღაზია დაიწვა და დაიკეტა. ჩემი მეგობრის ცნობით, მოშორებით, სხვა უბნის მაღაზიაში იყიდებოდა ჩვენი გასართობი. მახსოვს, მაღაზიაში რამდენი პოკემონიც იყო, სულ ვიყიდე და შემდეგ ერთ კვირაში ჩემს სამეზობლოში ორმაგ ფასად გავყიდე. იმ დროს 8 წლის ვიყავი და ამ ასაკში ვისწავლე ეკონომიკისა და ფინანსების ორი ძირითადი პრინციპი: მოთხოვნა-მიწოდება და არბიტრაჟი.

თანდათან ვისწავლე, რომ არასდროს უნდა იყო ზედმეტად თვითდაჯერებული, უნდა აკონტროლო ემოციები და აუცილებელია, იცოდე, რა არ იცი. ინვესტირებამ ძალიან დამაინტერესა იმიტომ, რომ ბაზარი იცვლება სწრაფად და შესაძლებლობებს ლიმიტი არ აქვს, ამიტომ, „ჰარვარდში“, მესამე კურსის დასრულების შემდეგ, მუშაობა დავიწყე მსოფლიოს ყველაზე დიდ და, ბევრი რეიტინგის მიხედვით, ყველაზე წარმატებულ ჰეჯ-ფონდ ”Bridgewater Associates-ში“, რომელიც ცნობილია არა მარტო ფინანსური წარმატებებით, არამედ კომპანიის უნიკალური კულტურით, კომპანიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი ვიყავი და საფონდო ბირჟაზე ინვესტიციებს ვანხორციელებდი.

-არჩილ,დღეს „Palatine Analytics-ის“ დირექტორი ხარ ბოსტონში, გვიამბე კომპანიის შექმნის იდეასა და საქმიანობის შესახებ.

-იდეა წამოვიდა იქედან, რომ მე ვმუშაობდი ჰეჯ ფონდში, ჩემი თანადამფუძნებლები კი – კომპანია Google-სა და Microsoft-ში და ამ კომპანიებში მუშაობის პროცესში ვნახეთ, რომ ძალიან რთული იყო გაგეგო თუ რომელი თანამშრომელი დადებდა უკეთეს შედეგს მომავალში, რასაც ხშირად მოჰყვებოდა არასამართლიანი და არასწორი გადაწყვეტილებების მიღება სამსახურში დაწინაურებებისა თუ ბონუსების მიღებასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გადაგვეჭრა ეს პრობლემა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით და დავაფუძნეთ კომპანია, სადაც ბოლო თაობის ხელოვნურ ინტელექტს ვანვითარებთ.

ჩვენ შევქმენით საიტი, რომლის დახმარებითაც ვაგროვებთ საჭირო ინფორმაციას სამი საშუალებით. უპირველეს ყოვლისა, თანამშრომლები ერთმანეთს აძლევენ შეფასებებს, შემდეგ გეგმავენ მიზნების მენეჯმენტს. საბოლოოდ კი, ყოველკვირეულად ავსებენ კითხვარს. ამის შემდეგ ჩვენ ვიყენებთ დახვეწილ სტატისტიკურ მოდელებსა და ხელოვნურ ინტელექტს, რათა ამ შეფასებების ანალიზის საფუძველზე მივაწოდოთ თანამშრომლებსა თუ მენეჯერებს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორები არიან თანამშრომლები, როგორები იყვნენ წარსულში და რაც ყველაზე მთავარია, წინასწარი დასკვნები გავაკეთოთ მათი მომავალი პერფორმანსის შესახებ. საინტერესოა ასევე ისიც, რომ 75% შემთხვევებში ჩვენი ალგორითმები სწორად წინასწარმეტყველებენ, თუ როგორი იქნება თანამშრომელი სამ თვეში.  ასე რომ, შეიძლება ითქვას, ჩვენ რევოლუციას ვახდენთ ამ მიმართულებით.

-დაბოლოს, რას ეტყოდი ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ იდეები, მაგრამ სტერეოტიპებისა თუ  სხვა მიზეზების გამო, მიიჩნევენ, რომ მათ ძალებს აღემატება ის, რისი შექმნაც მათ რეალურად სურთ?

-წარმატება არის ცხოვრებისგან იმის მიღება, რაც გინდა და ამის მისაღწევად მიზნების დასახვაა საჭირო. მიზნები მოგცემს მიმართულებას, თუ საით წახვიდე და რა გააკეთო. მიზნის მიღწევის დროს შეგხვდება პრობლემები. პრობლემები იწვევს ტკივილს, რომელიც არის სიგნალი, რომ ლიმიტებს ვუახლოვდებით. ყველაზე რთულია ჩახედო თვალებში რეალობას და გაიაზრო, თუ რა სისუსტეები გაქვს. თუმცა ეს აუცილებელია იმიტომ, რომ სისუსტეების აღმოსაფხვრელად პირველ რიგში საჭიროა აღიარო ისინი. შემდგომ უნდა გავაკეთოთ პრობლემების სწორი დიაგნოზი და უნდა შევიმუშაოთ გეგმა, თუ როგორ აღმოვფხვრათ ისინი, სწორედ ამ გეგმის შემართებით შესრულებით ვაღწევთ წარმატებას!

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid